თბილისის მერია

ახალი ჯიხურები თბილისში

თბილისის მერია ახალ პროექტს იწყებს: ქალაქის მასშტაბით ათასზე მეტ ადგილზე 6 კვადრატული მეტრი ფართობის ახალი, თანამედროვე დიზაინის ჯიხურები აშენდება. მერია მიწას 5-წლიანი იჯარით გასაცემად აუქციონზე გაიტანს. ჯიხურის პროექტსაც მერია ამზადებს და აუქციონის გამარჯვებულს უსასყიდლოდ გადასცემს. ჯიხური აუქციონში გამარჯვებულმა უნდა ააშენოს.

ინიციატივის მიზანი მცირე ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება, დედაქალაქის იერსახის შენარჩუნება და მასზე ზრუნვაა. თბილისის მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია ამბობს, რომ დასაქმებაც გაიზრდება, რადგან ერთი ჯიხურის გამართულ მუშაობას 2-3 ადამიანი მაინც სჭირდება.

აუქციონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მის პირობებს დააკმაყოფილებს. ამისთვის, მან 500 ლარის ოდენობის წინასწარი შენატანი უნდა გადაიხადოს. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის მონაწილე ვერ გაიმარჯვებს, მას ეს თანხა უკან დაუბრუნდება. 

აუქციონზე გატანილი მიწის საიჯარო გადასახადის საწყისი ფასი წელიწადში ათასი ლარია. გამარჯვებულმა საიჯარო გადასახადი 6 თვეში ერთხელ უნდა გადაიხადოს. თბილისის მერის მოადგილის, გიორგი ცხაკაიას განმარტებით, ჯიხური გამარჯვებულის საკუთრება იქნება. 

ჯიხურის საკუთრების ასპექტი ბუნდოვანი და გაუგებარია. როგორც მერიაში განმარტავენ, თუ იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, ჯიხურის მფლობელი ხელახლა გამართულ აუქციონს ვეღარ მოიგებს და იჯარით მას ის მიწა აღარ გადაეცემა, რომელზეც 5 წლის განმავლობაში ჯიხური ედგა, ორი გზა რჩება – ან ჯიხური დაშალოს, ან თავისი ჯიხურით მიწის ახალი მეიჯარე დააინტერესოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჯიხურის მეპატრონე, სულ მცირე, ჯიხურის აშენებისა და მისი 5 წლის განმავლობაში შენახვის ხარჯებს იზარალებს.

გიორგი ცხაკაიას გათვლით, ერთი ჯიხურის აშენების ხარჯი, შერჩეული დიზაინის პროექტისა და სამშენებლო მასალის მიხედვით, 2000-5000 ლარის ფარგლებში იმერყევებს. 

კომენტარები