ყირგიზეთის არჩევნები

ყირგიზეთმა პრორუსული პრეზიდენტი აირჩია

ყირგიზეთის 30 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია – ცენტრალურ აზიაში ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანი კენჭისყრით პირველად მოხერხდა. მიუხედავად ამისა, ახალ ლიდერს წინ მნიშვნელოვანი გამოწვევები ელის – ქვეყანა ფაქტობრივად ორადაა გაყოფილი, ეკონომიკური მდგომარეობაც არასახარბიელოა.

გამარჯვებულის ვინაობა პირველივე რაუნდში გაირკვა. ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ალმაზბეკ ატამბაევს ამომრჩეველთა 63%-მა დაუჭირა მხარი. მისი მთავარი კონკურენტები – პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ადახან მადუმაროვი და პარტია Ata-Zhurt-ის ლიდერი, კამჩიბეკ ტაშიევი – ხმათა 15% და 14%-ს, შესაბამისად, დასჯერდნენ. მოსახლეობის აქტივობამ 60% შეადგინა. არჩევნებში სულ 16 კანდიდატი იყრიდა კენჭს.

ეუთოსა და დსთ-ის დამკვირვებლებმა არჩევნების შედეგები აღიარეს, თუმცა რამდენიმე ტიპის დარღვევებზე მიანიშნეს – ხმის ორჯერ მიცემა, ხმების მოსყიდვა, ბიულეტენების ჩაყრა. მთავარი პროცედურული ნაკლი კი ამომრჩეველთა არასრული სიები გახლდათ, რის გამოც მოქალაქეთა გარკვეულმა ნაწილმა საკუთარი არჩევანი ვერ გამოხატა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების მტკიცებით, დარღვევები მცირეა და შედეგებზე დიდ გავლენას ვერ მოახდენდა.

ატამბაევი თავიდანვე მთავარ კანდიდატად განიხილებოდა, მაგრამ 50%-ზე მეტი ხმის დაგროვებას ბევრი არ უწინასწარმეტყველებდა. ეს მეორე რაუნდის გამართვას გამოიწვევდა, რაც შესაძლოა, ქვეყნის სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის დაპირისპირებაში გადაზრდილიყო. ატამბაევი ჩრდილოეთის წარმომადგენლად ითვლება, მისი ორი მოწინააღმდეგე კი ქვეყნის სამხრეთში მცხოვრები ამომრჩევლის მხარდაჭერაზე იყო დამოკიდებული. როგორც ცნობილია, ქვეყნის სამხრეთში (განსაკუთრებით, ქალაქ ოშსა და ჯალა-აბადში) ეთნიკური უზბეკები ჭარბობენ (მთელი მოსახლეობის 14,5%), რის გამოც აქ ყირგიზული ნაციონალიზმი უფრო ძლიერია.

ყოფილი პრემიერის გამარჯვება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. პირველ რიგში, ადმინისტრაციული რესურსები მისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახლდათ. მართალია, ატამბაევმა წინასაარჩევნოდ პრემიერის პოსტი დატოვა, მაგრამ მედიაში ოპონენტებთან შედარებით უფრო ხშირად ჩანდა. სწორედ მისი ინიციატივით გაიზარდა საჯარო მოხელეების ხელფასი. ამას ემატება პოლიტიკური კარიერაც, რომელიც პარლამენტის წევრობითა და შემდეგ ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრობით დაიწყო. გადაყენებული პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევის, დროს მას პრემიერის პოსტი ეკავა, რაც მოგვიანებით, ოპოზიციაში წასვლის გამო დათმო. მისი ოპონენტები ამგვარი პოლიტიკური გამოცდილებით ვერ დაიკვეხნიან.

გარდა ამისა, ატამბაევმა საარჩევნო კამპანია მთლიანად ქვეყნის ერთიანობის მნიშვნელობაზე ააგო. მართალია, მისი მოწინააღმდეგეებიც საუბრობდნენ სამოქალაქო იდენტობის მნიშვნელობაზე, მაგრამ ისინი მრავალეთნიკურ რეგიონში ყირგიზების ინტერესების დამცველებად და ნაციონალისტ ლიდერებად უფრო მოიაზრებოდნენ. ეთნიკური დაპირისპირებით დაღლილმა სამხრეთის მოსახლეობის ნაწილმაც კი არჩევანი ატამბაევზე გააკეთა. ამომრჩეველთა აქტივობა ჩრდილოეთში უფრო მაღალი იყო. თუმცა, დამარცხებული პოლიტიკოსები შედეგებს არ აღიარებენ და მოწინააღმდეგეს დემონსტრაციების გამართვით ემუქრებიან. ეს კი ქვეყნის ერთიანობასა და სტაბილურობას უქმნის საფრთხეს.

ატამბაევმა მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სწორედ ეთნიკური და რეგიონული შუღლის აღმოფხვრა დაასახელა. გარდა ამისა, სტაბილურობის დასამყარებლად ახალ ლიდერს ეკონომიკური განვითარებაც უნდა უმაგრებდეს ზურგს. დღეს ქვეყანაში უმუშევრობის დონე ოფიციალურად 9%, არაოფიციალურად კი 20%-ია. ინფლაცია 8%-მდე აღწევს. კორუფციის დონის შესამცირებლად კი საკვანძო რეფორმებია გასატარებელი.

აღნიშნულმა არჩევნებმა, შესაძლოა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზეც იქონიოს გავლენა. ყირგიზეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ერთობლივად ამერიკისა და რუსეთის სამხედრო ბაზებს მასპინძლობს. თუ ამჟამინდელი პრეზიდენტი, როზა ოტუმბაევა, პროდასავლურ პოლიტიკოსად ითვლება, ატამბაევს პრორუსულ ლიდერად მოიაზრებენ. ამაზე მოსკოვში მისი ბოლოდროინდელი ვიზიტებიც მეტყველებს. იგი ამერიკელებისთვის მანასის ბაზაზე დარჩენის ვადის გახანგრძლივებას არ აპირებს. ბიშკეკისა და ვაშინგტონის სამხედრო ხელშეკრულება 2014 წლამდეა ძალაში. ამის საპირისპიროდ, მოსკოვთან რამდენიმე სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება.

ატამბაევი პოსტს 2011 წლის ბოლოს დაიკავებს. ახალი კონსტიტუციის თანახმად, იგი ქვეყანას 6 წლით ჩაუდგება სათავეში.

კომენტარები