აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის უხუცესები მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს გალის რაიონის მოსახლეობის ინტეგრირება აფხაზურ საზოგადოებაში. ეს საკითხი გუშინ დე-ფაქტო პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. არასამთავრობო ორგანიზაცის ”ნაციონალური რესურსების” მიერ ორანიზებულ შეხვედრაში აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ყველა რაიონის წარმომადგენელი მონაწილეობდა, გაგრის წარმომადგენლის გარდა. შეხვედრაზე აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, ნუგზარ აშუმბამ განაცხადა, რომ გალი აფხაზეთის ნაწილია და მის სხვა რეგიონებთან ერთად უნდა განვითარდეს. ”ჩვენ ვერ შევძელით, რომ ომის შემდეგ გალელებს ისევე შესტკიოდეთ გული აფხაზეთისთვის, როგორც სხვა მოქალაქეებს” - წუხილი გამოთქვა დე-ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა, ლევ შამბამ.
შეხვედრის ორგანიზატორის, ციზა გუნბას განცხადებით, მისი პროექტი გალის რაიონის მაცხოვრებლების ინტეგრაციის შესახებ, უკვე რამოდენიმე თვეა, მიმდინარეობს და უხუცესების ჩართვა ამ საქმეში, ე.წ. რესპუბლიკას სასურველ შედეგს მოუტანს.
უხუცესთაგან ოჩამჩირის რაიონის წარმომადგენელმა კონტანტინე კვინცინიამ აღნიშნა, რომ გალის რაიონის მოსახლეებს შორის ბევრი ეთნიკური აფხაზია და სურს დაიბრუნოს ნამდვილი გვარი და ნამდვილი ეროვნება , თუმცა ამაში ადგილობრივი ჩინოვნიკები უშლიან ხელს. საპასუხოდ ნუგზარ აშუბამ, განმარტა, რომ გვარის და ეროვნების შეცვლისთვის ”აფხაზეთის მოქალაქეს” მხოლოდ და მხოლოდ განცხადების დაწერა მართებს.” მთავარი მოქალაქის სურვილია”- თქვა აშუბამ.




