უოლ სტრიტის დემონსტრაცია

უოლ სტრიტის ოკუპაცია VS ჩაის წვეულება

მეორე თვეა, რაც უოლ სტრიტზე დემონსტრაციები მიმდინარეობს. გამომსვლელთა მთავარი სამიზნე იქ განლაგებული ამერიკული და საერთაშორისო კორპორაციებია. მანიფესტანტთა განცხადებით, ამ ორგანიზაციების მესვეურები მხოლოდ თვითონ სარგებლობენ და ამერიკის ეკონომიკას აზარალებენ. ამ მოძრაობაში ახალი არაფერი არ არის. ანტიკაპიტალისტური და ანტიგლობალისტური გამოსვლები უკვე რამდენიმე ათწლეულია იმართება.

ბარაკ ობამა ამ მოძრაობის მიმართ სიმპათიითაა განწყობილი: „ის ამერიკელი ხალხის გაწბილების გამომხატველია”, – თქვა მან. წარმომადგენლობითი პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ, მონაწილეები შეაქო და მათ გამოსვლებს დროული უწოდა. დემოკრატიული კონგრესის კამპანიის კომიტეტმა კი უოლ სტრიტის აქციების მხარდასაჭერად, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

უოლ სტრიტის ოკუპაციის აქცია, ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ჩაის წვეულების მოძრაობის მემარცხენე ალტერნატივის შექმნის მცდელობაა. ჩაის წვეულების წარმოქმნა კონსერვატორებს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარა. უოლ სტრიტის ოკუპაციას პოლიტიკური პლაგიატიც კი უწოდეს.

მათი მიზანი დემოკრატიული პარტიისთვის მემარცხენე ამომრჩევლების მობილიზებაა. ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ის ზომიერი და დამოუკიდებელი მოქალაქისთვის მიმზიდველობას კარგავს. ობამა მემარცხენე ამომრჩეველთა აქტიურობის მაქსიმალურად გაზრდას ცდილობს.

დემოკრატიული პარტიისთვის, ჩაის წვეულებისთვის მიბაძვა, შეიძლება არცთუ მომგებიანი აღმოჩნდეს. ამერიკული საზოგადოება უფრო მეტად კონსერვატორია (41%), ვიდრე მემარცხენე (21%). შესაბამისად, რესპუბლიკურ პარტიას ბაზის რადიკალიზება მინიმალური დანაკარგებით შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ჩაის წვეულების გამოჩენამ რესპუბლიკელებს ნევადაში, კოლუმბიასა და დელავეარში არჩევნები წააგებინა, დანარჩენ შტატებში კონსერვატორ ამომრჩეველთა აქტივობა გაზარდა. მცირე დანაკარგებთან ერთად, ჩაის წვეულებამ რესპუბლიკური პარტიისადმი მხარდაჭერა გააძლიერა.

ამომრჩეველთა ბაზის მობილიზებისა და, ამავდროულად, დამოუკიდებელი ამომრჩევლის გადაბირების წარმატებულ მაგალითად, ბუშის 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია ითვლება. მან შეძლო გენდერული სხვაობა თითქმის გაექრო და მიიღო ყველაზე მეტი ლათინურამერიკული წარმოშობის ამომრჩევლის ხმა, რაც კი რომელიმე ამერიკელ პრეზიდენტს მიუღია. შავკანიანი ამერიკელების ხმათა რაოდენობა 22%-ით გაზარდა. მას, რონალ რეიგანის შემდეგ, ებრაული წარმოშობის ამერიკელებიდან, ყველაზე მეტი მიემხრო.

კონსერვატულ ბაზაზე კონცენტრაციასთან ერთად, ბუშმა დამოუკიდებელი ამომრჩევლების 48%-ის და დემოკრატი ამომრჩევლების 11%-ის გადაბირება შეძლო. მისმა ოპონენტმა კერიმ, დამოუკიდებელი კანდიდატების 49%-ის და რესპუბლიკელი ამომრჩევლების 6%-ის მიმხრობა მოახერხა.

უოლ სტრიტის ოკუპაციის აქციებმა, შეიძლება, ზომიერი ამომრჩევლების გაუცხოება გამოიწვიოს. ამ უკანასკნელს, უოლ სტრიტზე გამოსულებისგან ორი მნიშვნელოვანი რამ განასხვავებს. პირველი, იდეოლოგიური საკითხია. რიგითი ამომრჩევლისთვის მიუღებელია უოლ სტრიტის ოკუპანტების იდეოლოგია, რომლის მიხედვითაც ამერიკული სისტემა მჩაგვრელია და ახლო აღმოსავლეთის დიქტატურებს ჰგავს. New York Times-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მათი მესამედი ამერიკას ალ-ყაიდას მსგავს ბოროტებად მიიჩნევს. მანიფესტანტთა დიდი რაოდენობა ანტიამერიკული, ანტისემიტური და რასისტული განწყობით გამოირჩევა.

მეორე განსხვავება უოლ სტრიტის დემონსტრაციების ვიზუალურ-სტილისტური მხარეა. ამომრჩევლისთვის უფრო მისაღები ის პოლიტიკური მოძრაობაა, რომელიც არჩევნების საშუალებით ცდილობს გარემოს შეცვლას. თუ ჩაის წვეულების პროტესტი ამერიკელებისთვის მისაღები პოლიტიკური კამპანიის სახეს ატარებს, უოლ სტრიტზე გამოსულები ამერიკის დროშის დაწვით გამოხატავენ პროტესტს, შეურაცხყოფას აყენებენ ამერიკულ ღირებულებებს, აბინძურებენ პარკს და მერიას დასუფთავების საშუალებასაც კი არ აძლევენ.

 

გარემო:

ჩაის წვეულება, ისევე როგორც უოლ სტრიტის მოძრაობა, ეკონომიკური კრიზისის წიაღში წარმოიშვა. ჩაის წვეულების წარმომადგენლები კრიზისს მთავრობის ეკონომიკაში ჩარევას, ფსევდოკაპიტალიზმს და უოლ სტრიტზე ფავორიტი კომპანიების დახმარებას აბრალებენ. ამერიკელების უმრავლესობა იზიარებს ამ შეხედულებას. USA Today-ისა და Gallup-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა მთავრობას ადანაშაულებს და არა – უოლ სტრიტს.

უოლ სტრიტის ოკუპანტები კი უკვე დამკვიდრებულ ნარატივს აგრძელებენ და კრიზისს კორპორაციებს აბრალებენ. მთავრობის როლის შესახებ ისინი დუმან.

 

მოძრაობის შემადგენლობა:

ჩაის წვეულება საშუალო კლასის გადასახადების გადამხდელებს წარმოადგენს, რომელთა თანხებსაც, მოძრაობის წევრების თქმით, მთავრობა ფლანგავს. ჩაის წვეულების წარმომადგენლების უმრავლესობა საშუალო შემოსავლის, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებია.

უოლ სტრიტზე რადიკალურად მემარცხენე, ანტიამერიკული განწყობის, ანტიკაპიტალისტი ამერიკელები არიან გამოსული. ისინი თავს 99%-ს უწოდებენ და ამით ხაზს უსვამენ, რომ უმდიდრეს ამერიკელთა ნაწილს არ მიეკუთვნებიან. გამომსვლელთა თქმით, მდიდარმა ამერიკელებმა, რომლებიც მოსახლეობის 1%-ს წარმოადგენენ, უფრო მეტი გადასახადები უნდა გადაიხადონ. ამით, მათი აზრით, მდიდარ და ღარიბ ადამიანებს შორის არსებული ეკონომიკური განსხვავება აღმოიფხვრება.

კონსერვატორებს მიაჩნიათ, რომ ამგვარი – 99% ჩაგრული და 1% პრივილეგირებული – დაყოფა არასწორია. ამ უკანასკნელთა თქმით, უოლ სტრიტის ოკუპანტები ამერიკელთა იმ 47%-ს მიეკუთვნებიან, რომელიც საშემოსავლო გადასახადებს არ იხდის და დანარჩენი 57%-ის ხარჯზე ცხოვრობს. დღეს უმდიდრეს ამერიკელთა 1% მთლიანი გადასახადების 38%-ს იხდის, ტოპ 25%-ის გადასახადები მოკრებილი შემოსავლების 86%-ია, ტოპ 50%-ზე კი ყველა გადასახადი მოდის – დანარჩენი 50% გადასახადს საერთოდ არ იხდის.

პოზიციის გამოსახატად, საშუალო კლასის ამერიკელებმა ინტერნეტაქცია დაიწყეს – ფოტოების მეშვეობით, საშუალო შემოსავლების მქონე მოქალაქეები ჰყვებიან თავიანთი ცხოვრების ისტორიას, თუ როგორ უჭირთ მუშაობა და გადასახადების გადახდა, თუმცა არავის აბრალებენ. აქცია, სახელად – ჩვენ ვართ 53% – უოლ სტრიტის ოკუპანტებს მოუწოდებს, სხვაზე პრობლემების გადატანას მოეშვან, საშუალო ამერიკელების მსგავსად მუშაობა გააგრძელონ და გადასახადები გადაიხადონ.

 

მოთხოვნები:

ჩაის წვეულების მოთხოვნები ნათელია, ისინი დაბალ გადასახადებს, ნაკლებ რეგულაციასა თუ ხარჯვას მოითხოვენ.

უოლ სტრიტზე გამომსვლელთათვის მოთხოვნებს სისტემატიზებული სახე არ აქვს: ზოგიერთ მათგანს ბანკირების დასჯა, პოლიტიკაში კორპორაციების როლის შემცირება, კაპიტალიზმის დანგრევა და მდიდარი ადამიანების დაბეგვრა სურს. აქციებზე ანტისემიტური და რასისტული გამოსვლებიც გაისმის.

 

სტილი, ტაქტიკა და სტრუქტურა:

ჩაის წვეულება სტრუქტურულად ანარქიულია და ცენტრალიზებული სისტემის გარეშე რამდენიმე ორგანიზაციის კოორდინაციით იმართება. თუმცა მოძრაობას რამდენიმე არაოფიციალური ლიდერი ჰყავს, რომლებიც დემოკრატიული ინსტიტუტების გამოყენებით, რესპუბლიკურ პარტიაზე და მთლიანად კონგრესზე გავლენის მოხდენას ცდილობენ.

უოლ სტრიტის ოკუპანტებს კი ლიდერი არ ჰყავთ. ისინი, რადიკალური ხედვების გამო, ამერიკული პოლიტიკური სისტემისგან შორს დგანან. Wall Street Journal-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მათი 98% მთავარ მეთოდად სამოქალაქო დაუმორჩილებლობას მიიჩნევს, 31% კი ძალადობას უჭერს მხარს.

ჩაის წვეულებასა და უოლ სტრიტის ოკუპაციის მოძრაობას ბევრი საერთო აქვთ. მაგრამ მათ მიზნებს, მეთოდებსა და შედეგებს შორის განსხვავება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

 

კომენტარები