თბილისის თეატრალური ფესტივალი

უგემური ქართული საგზალი

 მესამედ ორგანიზებულ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარმოდგენილ უცხოურ დადგმათა უმრავლესობა საშუალოზე დაბალი ხარისხის აღმოჩნდა. რამდენიმეს საქართველოში ჩამოტანის ინიციატივა კი, როგორც მოგვიანებით შევიტყვეთ, არა ფესტივალის ხელმძღვანელობას, არამედ სხვადასხვა საელჩოს ეკუთვნოდა. საელჩოების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მაგრამ სპექტაკლების სელექცია წარმოდგენათა მხატვრული ხარისხის მიხედვით უნდა გაკეთდეს და არა დამფინანსებელთა ხათრით. თორემ, მაყურებელმა მომავალშიც ისეთივე თავქუდმოგლეჯით შეიძლება დატოვოს დარბაზი, როგორც წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იაპონური სპექტაკლის შემთხვევაში მოხდა.    

ფესტივალის ორგანიზატორების მხრიდან ეროვნულ პროდუქციაზე  პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მანიშნებელია პირობა, რითაც ქართული სპექტაკლების სელექცია მიმდინარეობს: საფესტივალო დადგმებს თავად თეატრის მმართველები ირჩევენ და არა, ვთქვათ, თეატრმცოდნეთა და კრიტიკოსთა გარკვეული ჯგუფი. ეს არასწორია, რადგან რეგიონებიდან ბევრი ისეთი დადგმა ჩამოდის, რომელთა ფესტივალზე წარმოდგენაც, უბრალოდ, არ შეიძლებოდა. სპექტაკლების მკაცრი სელექცია და უფრო ჩამოყალიბებული საფესტივალო პოლიტიკა მომავალში რეჟისორებს, ვფიქრობ, ხარისხზე ორიენტირებული და კონკრეტული ფესტივალისთვის გათვლილი პროდუქციის შექმნისკენ უბიძგებს. 
წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში, თბილისის სხვადასხვა თეატრში, 4 დღის განმავლობაში, 38 ქართული დადგმა გათამაშდა. მათ შორის, 13 დედაქალაქმა წარმოგვიდგინა, 8 – რეგიონმა, 2 – თბილისში მოქმედმა სოხუმისა და ცხინვალის თეატრებმა. „ანდღულაძის არენისა” და „თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების გიორგი ალექსიძის სახელობის ფონდის” ნამუშევრების გარდა, პროგრამაში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სპექტაკლებიც შეიტანეს და „გაახალგაზრდავებულ” ფესტივალზე 5 პრემიერა  გაიმართა. 

გადატვირთული პროგრამის გამო, რეგიონალური თეატრების დადგმათა უმრავლესობის ნახვა შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომაც, ყურადღებას მხოლოდ რამდენიმეზე გავამახვილებ. ნიღბების თეატრის „ბაკულას ღორებით” დაინტერესების მიზეზი წლევანდელი „დურუჯის” ჟიურის გადაწყვეტილება გახდა, რომლის თანახმადაც, მოყვარულთა წარმოდგენა თეატრალური პრემიის მოკლე ნუსხაშიც შეიტანეს, 5 საუკეთესო დადგმის ჩამონათვალშიც მოახვედრეს და საპატიო დიპლომითაც დააჯილდოვეს. ასეთი გადაწყვეტილება დადგმის ნახვის შემდეგ კიდევ უფრო გაუგებარი აღმოჩნდა. დასმა, რომელიც სპექტაკლებს ღია ცის ქვეშაც მართავს, წარმატებით მონაწილეობს სახალხო ღონისძიებებში, დღესასწაულებსა და ფესტივალებში, სათანადო კონკურენცია მხოლოდ მოყვარულთა თეატრალურ გაერთიანებებს შეუძლია გაუწიოს. მათი პროდუქციის პოპულარიზაცია თუ გვინდა, წარმოდგენები მაყურებელს შესაბამის გარემოში მაინც უნდა ვუჩვენოთ და არა დრამატული თეატრების დარბაზებში. იმერული სიმღერების ცოცხალი შესრულებით გაფორმებული დადგმის ყურებისას, დარბაზში მყოფთა უმრავლესობამ, როგორც უცხოელმა ასევე ქართველმა კრიტიკოსებმა, კარგად გამოიძინეს.  

ფესტივალზე ჩამოსატანად არ ყოფილა გათვლილი წარმოდგენა, რომელიც მესხეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა შემოგვთავაზა. შემოქმედებით ჯგუფს თავდაპირველად გიორგი შალუტაშვილის მიერ  დადგმული ირაკლი სამსონაძის პიესა „ეპისტოლარული მსვლელობა სანტამარიანელამდე” უნდა ეჩვენებინა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ თავისუფალი თეატრის სცენაზე ახალციხელებმა კახა გოგიძის რეჟისურით გაცოცხლებული „ქალი ფანჯარასთან” ითამაშეს. რეჟისორული ხერხების სიმწირემ მონაწილეები საკუთარი სამსახიობო ოსტატობის ამარა დატოვა. ახალციხის თეატრის დიდ სცენას შეჩვეულ მსახიობებს თამაში თეატრში, რომელსაც არა აქვს სიღრმე, კულისები და მიზანსცენების მხოლოდ ჰორიზონტალურად აგების საშუალებას იძლევა, ცოტა გაუჭირდათ. მაყურებლის სიახლოვეს ყოფნით გამოწვეული დისკომფორტი უფრო ახალგაზრდა მსახიობებს, მალხაზ შაყულაშვილსა და ჯუნა თუმანიშვილს შეეტყოთ, რასაც ვერ ვიტყვით მთავარი როლის შემსრულებელ მანანა ბერიძეზე. მისი და მანუჩარ გოგოლაურის იუმორით გაჯერებულმა სცენებმა მაყურებელი არაერთხელ გააცინა. თუმცა, წარმოდგენა ოდნავ უკეთესი მაინც იქნებოდა, რომ არა კოსტიუმები, რაშიც ხუთივე მსახიობი ნანა ყორანაშვილმა გამოაწყო. 

ახალციხის თეატრში განხორციელებული სპექტაკლის მთავარი მიზანი თუ მოსახლეობის მიზიდვა და მელოდრამებისთვის დამახასიათებელი სიუჟეტით დაინტერესება იყო, გორის თეატრის შემთხვევაში, სოსო ნემსაძის მიერ გაკეთებულ არჩევანს ასეთი გამართლებაც არ მოეძებნება. მთელ სპექტაკლში მეტ-ნაკლებად დასამახსოვრებელი მხოლოდ ორი სახე – ფეფენა და ნიკა აღმოჩნდა, რომლებსაც ლია კევლიშვილი და ლევან როსტომაშვილი ასახიერებდნენ. დანარჩენები, ძირითადად, მხოლოდ ტექსტს მისდევდნენ და მაყურებელს ისეთ შთაბეჭდილებას უტოვებდნენ, თითქოსდა ერთი სული ჰქონდათ, როდის ჩაიკითხავდნენ როლს, რომ უსახურ დეკორაციას ამოფარებოდნენ. ტრაგედიის მიუხედავად, სცენიდან ემოცია არ მოდიოდა. ამის მიუხედავად, საკუთარ ინიციატივასა და საქმეს ყველაზე სასტიკად და უპასუხისმგებლოდ მაინც რეჟისორი მოექცა, რომელმაც ნაწარმოების არსი ვერ გადმოსცა და ცოცხალი სიმღერებისთვის შეუსაბამო მუსიკალური გაფორმებით ჩაკლა განწყობა.

დასამახსოვრებელი აღმოჩნდა „ლივ შტაინი”, რომელიც სამეფო უბნის თეატრში გერმანიაში ცნობილმა ქართველმა დრამატურგმა ნინო ხარატიშვილმა დადგა. სპექტაკლის პრემიერისა და საქართველოში ჩამოსული კრიტიკოსების მოსაზრებების შესახებ ჩვენს მომდევნო ნომერში წაიკითხავთ. 
 

კომენტარები