თბილისის თეატრალური ფესტივალი

დაუძლეველი სირთულის ამოცანები

 სიბნელეში გაუჩინარებული  მაყურებელი 

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამაში შეტანილი სპექტაკლების სელექციასთან დაკავშირებული შეკითხვები მაშინ გამიმძაფრდა, როდესაც Art Hall-ში წარმოდგენილი იაპონური დადგმა, სახელწოდებით DA-RU-MA-SA-N-GA-KO-RO-N-DA ვნახე. ძალიან სუსტი სამსახიობო შესრულებისა და სარეჟისორო ნამუშევრის გამო, მაყურებელთა უმრავლესობამ, დარბაზი ნაღმთან დაკავშირებული ისტორიების მონაცვლეობისას გამოყენებული ხანგრძლივი „ვირუბკების” დროს დატოვა.

იაპონური თეატრის ტრადიციულ ფორმაში განხორციელებულ დადგმას რომ ვერ ვნახავდი, ფესტივალის კატალოგში შეტანილი ინფორმაციიდან დავრწმუნდი. თუმცა შემოთავაზებული პროექტის, შემოქმედებითი ჯგუფისა და რეჟისორის – იოჯი საკატეს შესახებ მომზადებული ტექსტი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ 2004 წლის სპექტაკლზე დასწრების სურვილი გამიძლიერა. კატალოგის მიხედვით, ეს ერთადერთი წარმოდგენაა იაპონიაში, რომელიც ერაყის ომის რეალობას უსწორებს თვალს. მოგვიანებით მივხვდი, რომ ბეჭდური სახით მოწოდებული ეს ინფორმაცია კარგი სატყუარა იყო და უფრო „გამომსახველი” გამოდგა, ვიდრე წარმოდგენა. 

DA-RU-MA-SA-N-GA-KO-RO-N-DA იაპონური დაჭერობანას სახელწოდებაა და მისი მარცვლები ათამდე თვლას გამოხატავს. ამასთან, ვედრებასაც გამოხატავს, რომელიც მეომარს ბრძოლის ველზე არსებული რეალობის ატანაში ეხმარება. დანაღმულ ველზე გათამაშებული ისტორიები ნაღმზე აფეთქებულ და ხელფეხწართმეულ ადამიანებზე, თავდაცვის ოფიცრებზე, ნაღმების დამამზადებელ ქარხანაში მომუშავესა და მის ოჯახზე, დევნილთა ჯგუფზე, იაპონელ განგსტერზე მოგვითხრობს. მათი შექმნა იაპონიის ასოციაციის, იაპონიის ფონდისა და აზიის ცხრა ქვეყნის თეატრების წარმომადგენლების ინიციატივით განხორციელებულმა პროექტმა („ნაღმი”) განაპირობა, რომელშიც იოჯი საკატე მონაწილეობდა.

საფესტივალო კატალოგში შეტანილ ტექსტში აღნიშნულია, რომ იოჯი საკატეს მიერ 1982 წელს ჩამოყალიბებულმა თეატრალურმა დასმა (RINKOGUM) უნიკალური შესრულების სტილი განავითარა. ექსპერიმენტების შედეგად გააერთიანა ნოო, ბუტო, ვიდეოგამოსახულება, ნატიფი ხელოვნება, თანამედროვე პოეზია, კლასიკური დრამა და ცნობილი უცხოური პიესების პირველი იაპონური თარგმანები. მათი სინთეზი, განსაკუთრებით იაპონური თეატრის ტრადიციული ნოოსა და თანამედროვე ბუტოს მიმართულებით, დადგმაში არ ასახულა. ერთმანეთის მსგავსი მიზანსცენებითა და საშემსრულებლო ხერხებით სცენაზე გადატანილი მოქმედება, მაყურებლისთვის დამღლელი აღმოჩნდა. 
 
ჯალათი-მსხვერპლი 

მესამედ ორგანიზებული ფესტივალი რაიმე კონკრეტულზე ორიენტირებული არ გახლავთ. საერთაშორისო პროგრამის ეკლექტურობის მანიშნებელი სხვადასხვა ჟანრსა და სახეობაში შემოთავაზებული წარმოდგენებია, რომელთა მხატვრული ღირებულებაც საკამათო აღმოჩნდა. საფესტივალო პოლიტიკა საუბრის სულ სხვა თემაა და კითხვებზე პასუხს ორგანიზატორებისგან საჭიროებს. ჯერჯერობით დასკვნების გამოტანა ნაადრევია, რამდენადაც საფესტივალო დღეები გრძელდება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ აღფრთოვანების, ან რაიმე ახლის აღმოჩენის საბაბი არ მოგვცემია.

ფესტივალის შეჯამების შემთხვევაში, ვფიქრობ, საკამათო არ გახდება დო-თეატრის წარმოდგენა „ჯალათი”, რადგან მაყურებლის უკმაყოფილება უფრო სხვა, ქორეოგრაფიული თუ დრამატული სპექტაკლებისადმი იქნება გამოთქმული. რეჟისორის, ქორეოგრაფისა და მსახიობის – ევგენი კოზლოვის მიერ დადგმულ „ჯალათში” მსხვერპლის ამპლუაში შემსრულებლები რიგრიგობით, ან ერთდროულად ექცევიან და სახასიათო, ოდნავ გროტესკული პერსონაჟების შექმნას, ძირითადად, უსიტყვოდ, პლასტიკითა და ცეკვის ელემენტების გამოყენებით ცდილობენ. ნაცნობი მუსიკალური კომპოზიციების ფონზე აგებული ნახაზის დროს, დასი
ყურადღებას მოქანავე საგნებთან, მაგალითად, ზემოდან, თითქმის მსახიობების სიმაღლემდე დაშვებულ განათებასთან, ძალიან ზუსტად შერწყმული, აწყობილი მოძრაობით იქცევს. 

1987 წელს დაარსებული ფიზიკური და ცეკვის თეატრის ექსპერიმენტული კომპანია, რომელიც ამჟამად გერმანიაში მოღვაწეობს, ედინბურგის ფესტივალის პირველი პრემიების (1999, 2001, 2007) მფლობელია, მიღებული აქვს საყოველთაო თეატრის ჯილდო, ეროვნული ოქროს ნიღაბი, არასაბალეტო ქორეოგრაფიული კონკურსის პრიზი.
 
დაცემული ანგელოზები 

თეატრალური ფესტივალის პროგრამაში საბალეტო დადგმები წელს პირველად შეიტანეს, რამაც ირჟი კილიანის თანამედროვე ბალეტების შემთხვევაში, ამოსუნთქვისა და ოვაციების თამამად გამოხატვის საშუალება მოგვცა. Stepping Stones, Falling Angels, Sechs Tanze თბილისში რამდენიმე წლის წინ დაიდგა. მათ შორის შედარებით ახალია „დაცემული ანგელოზები” (2009), სადაც ჩვენი საბალეტო დასის წევრთა შემოქმედებითი შესაძლებლობები უკეთესად გამოვლინდა. 

კლასიკური საბალეტო სკოლის ტრადიციების გამგრძელებლებისთვის, ირჟი კილიანის ქორეოგრაფიული ნიუანსებისა და სირთულეების დაძლევა, იოლი არ უნდა ყოფილიყო. მათ სხეულს უჭირს იყოს, ან ოდნავ მაინც გახდეს მოუხეშავი, მუსიკასთან თანხვედრისას ძალიან ზუსტად დასვას აქცენტები და მთელი ტანით, თითოეული კუნთით შეიგრძნოს საკუთარი სხეული სივრცეში, რომელიც მაყურებელთან აახლოებს. 
პარტნიორების პარალელურად, საგნებთან შეხების საშუალება საბალეტო დასის წარმომადგენლებს ავსტრალიელი აბორიგენების ცხოვრებით შთაგონებულ Stepping Stones-ში მიეცათ, ხასიათების გამოვლენის შესაძლებლობა კი – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ექვს გერმანულ ცეკვაზე აგებულ დასკვნით ნაწილში, სახელწოდებით Sechs Tanze. ბოლო, უფრო თეატრალიზებულ ნაწყვეტში, მოცეკვავეების მხრიდან მაყურებელზე „თამაშის” ტენდენცია მომხვდა თვალში, რაც არა მგონია დადებითად წაადგეს დასს, რომლის წევრებიც აპლოდისმენტებს პროფესიონალიზმისთვის უნდა იმსახურებდნენ. 
 
სურნელოვანი დადგმა 

რა შემოგვთავაზა ინდოეთმა, ქვეყანამ, რომლის პროდუქციასაც ინტერესით ველოდებოდით? უილიამ შექსპირის „მაკბეტით” შთაგონებული წარმოდგენა, სახელწოდებით „გზაჯვარედინზე – ლედი მაკბეტის რამდენიმე სახე”, რომელიც თეატრალურმა კომპანია RANAN-მა ჩამოიტანა. 

ლედი მაკბეტის წინააღმდეგობებით აღსავსე მხატვრული სახის გასაცოცხლებლად, შემოქმედებითმა ჯგუფმა ცოცხალი მუსიკალური გაფორმება გამოიყენა. დასარტყამი ინსტრუმენტებითა და ვოკალური შესრულებით დრამატიზებული სპექტაკლი, ვიკრამ აიენგარმა დადგა. სარეჟისორო ხერხების სიმწირეს ქორეოგრაფიული ელემენტების ერთფეროვნებაც დაემატა. მსახიობების პლასტიკური მონაცემები და სამსახიობო შესაძლებლობები მხატვრული ამოცანის გადასაჭრელად არასაკმარისი აღმოჩნდა. საკუთარ თავთან და ბოროტ სულებთან მებრძოლი ლედი მაკბეტის სახემ, ტრადიციული ინდური ცეკვისთვის დამახასიათებელი რამდენიმე მოძრაობის, სურნელოვანი ცეცხლის აელვარებისა და წითელი საღებავის სცენაზე მიმოფრქვევის ფონზე გაიელვა. 
 

* * *

ამით წლევანდელი თეატრალური ფესტივალის უცხოური სპექტაკლების პროგრამით გათვალისწინებული ჩამონათვალი არ ამოწურულა, წინ გველოდება კორეული, სლოვენიური, იტალიური, შვეიცარიული წარმოდგენები და ქართველი რეჟისორის – თემურ ჩხეიძის მიერ დიდ დრამატულ თეატრში განხორციელებული „ბიძიას სიზმარი” ოლეგ ბასილაშვილისა და ალისა ფრეინდლიხის მონაწილეობით, რაც, ვიმედოვნებთ, საფესტივალო განწყობილებას გაგვიძლიერებს.  
 

კომენტარები