თბილისის თეატრალური ფესტივალი

ფესტივალის ლაიტმოტივი

რუსთაველის თეატრში 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება გამოფენა, რომლითაც თბილისის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. მისი ავტორი ქართველი მხატვარი და სცენოგრაფი გიორგი ალექსი-მესხიშვილია. მის მიერ გაფორმებული სპექტაკლები, ძირითადად რობერტ სტურუასთან თანამშრომლობისას, თეატრალური ხელოვნების მოყვარულებს კარგად ახსოვთ.

საქართველოში განხორციელებული სპექტაკლების („კავკასიური ცარცის წრე”, „როგორც გენებოთ, ანუ შობის მეთორმეტე ღამე”, „ქალი გველი”, „ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი”, „მოლი სუინი”) ესკიზებისა და კოსტიუმების გარდა, რუსთაველის თეატრის ქვედა ფოიეში ხელოვანმა ლონდონის, დიუსელდორფის, ბოსტონის, სამარის, ბარდის, ნიუ იორკის, მოსკოვის, ჰელსინკის, ვაშინგტონის, პეტერბურგის წამყვანი თეატრების დადგმებისთვის შექმნილი ნამუშევრებიც გამოფინა. ზედა ორი ფოიე კი, 2011 წლის პრაღის კვადრიენალესთვის მომზადებულ ინსტალაციებს, სახელწოდებით: „ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი” და „ვაჟა-ფშაველა”, დაეთმო.

გიორგი ალექსი-მესხიშვილის ფერადოვან ნამუშევრებში პერსონაჟთა ხასიათები და მხატვრის დახვეწილი გემოვნება იკითხება. გამორჩეული ხელწერის ავტორს ოთხასამდე სპექტაკლის დეკორაციისა და კოსტიუმების ესკიზები აქვს შექმნილი, მიღებული აქვს ედინბურგისა და ბერლინის საერთაშორისო ფესტივალების, ელენ ჰეისის პრემიები.

რუსთაველის თეატრის მუზეუმსა და მხატვრის კერძო კოლექციაში დაცული ნამუშევრების გამოფენამ, ქართველი დამთვალიერებლის პარალელურად, საქართველოში ჩამოსული უცხოელებიც დააინტერესა. სცენოგრაფთან გასაუბრების მსურველთა რიგში იტალიელების შემდეგ აღმოვჩნდი.

რა ნიშნით შეარჩიეთ ნამუშევრები საგამოფენოდ?

ჩემი ნამუშევრების უმრავლესობა გაფანტულია, ბევრთან ხელი აღარ მიმიწვდება, რადგან მუზეუმებში ინახება, ბევრიც თეატრებში დარჩა, მაგალითად: მეტროპოლიტენ ოპერაში, ასე რომ, ყველაფერი იქიდან შევარჩიე, რაც საქართველოში მქონდა და ვთვლი, რომ ჩემს თავს, ჩემს შემოქმედებას ასახავს.

გამოფენით, რომელიც თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობებისა და პროდუქტიულობის მაგალითია, უკვე განვლილს ხომ არ შეაჯამებდით, ან რომელიმე პერიოდს ხომ არ გამოარჩევდით?

ჯერ არაფრის შეჯამებას არ ვაპირებ! წელს შვიდი სპექტაკლი და ოთხი გამოფენა გავაკეთე, წინ კიდევ ბევრი გეგმა მაქვს განსახორციელებელი. რაც შეეხება გამორჩეულ პერიოდს, მართლაც დაუვიწყარია დრო, როდესაც სერგო ზაქარიაძემ რუსთაველის თეატრში მიმიღო და რობიკო სტურუასთან და გია ყანჩელთან დავიწყე თანამშრომლობა. ბედნიერი ვიყავი, როცა დღეს უკვე გახმაურებული სპექტაკლები დავდგით. მოგვიანებით, წავედი ამერიკაში და ცხოვრება თავიდან დავიწყე. იქაც წარმატებებს მივაღწიე, რადგან ისეთ თეატრებთან ვითანამშრომლე, როგორიცაა შექსპირის თეატრი, მეტროპოლიტენ ოპერა და ა.შ. ენერგია იმდენი მაქვს, რომ კიდევ ბევრი რამის გაკეთებას შევძლებ.

პედაგოგიურ საქმიანობას აგრძელებთ?

ამერიკაში მყავს რამდენიმე სტუდენტი, რომლებსაც კონსულტაციებს ვუწევ. უკვე ველაპარაკე რუსთაველის თეატრის მმართველს და მინდა, რომ აქ ჩემი სახელოსნო გავხსნა. ვითომ სამხატვრო აკადემიაში უნდა გადავსულიყავი, მაგრამ ყველაფერი ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ჩაიშალა და სერიოზული ლაპარაკი, არასერიოზული გადაწყვეტილებით დასრულდა. არადა, ახალგაზრდობა მიყვარს და ვინმეს თუ ჩემი დახმარება დასჭირდება, გამოცდილებას სიამოვნებით გავუზიარებ.

კომენტარები