ქართული საკალათბურთო კლუბები

სოხუმმა მინსკში საგზური დაკარგა

ევროჩელენჯის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, საკალათბურთო კლუბმა სოხუმმა ბელორუსიის ჩემპიონ მინსკ-2006-თან 63:97 წააგო. არადა, თბილისში გამართული პირველი თამაშის შემდეგ ქართულ გუნდს 16-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა.

ერთი შეხედვით, თითქოს დიდი ფორა იყო, მაგრამ უკვე გასვლით მატჩში საქართველოს ჩემპიონატის მეოთხედგილოსანს აღარაფერი გამოუვიდა. ლატვიელი აინარას ბაგაცკისის მომზადებული კალათბურთელები ფაქტობრივად ბურთის კალათში ჩაგდებასაც ვეღარ ახერხებდნენ. თბილისურ შეხვედრაში გამორჩეული მოთამაშეებიც კი მოედანზე უფერულად გამოიყურებოდნენ.

ერთადერთი კალათბურთელი, რომელმაც სოხუმელთაგან მაღალ დონეზე ითამაშა ბრენდონ გეი იყო. ამ მოთამაშემ მოწინააღმდეგეს 18 ქულა ჩაუგდო. თუმცა ეს საკუთარი გუნდის წარმატებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

მინსკ-2006 მეოთხედიდან მეოთხედამდე ზრდიდა საკუთარ უპირატესობას. მასპინძლებმა ოთხივე ათწუთეული მოიგეს და საბოლოოდ 34-ქულიანი გამარჯვებაც დააფიქსირეს. ევროჩელენჯის ჯგუფურ ეტაპზე ოცნებას სოხუმი დაემშვიდობა და იქ ბელორუსიელები გაუშვა.

მინსკ-2006 - სოხუმი 97:63 (15:8, 23:15, 30:18, 29:22)

 

კომენტარები