საზოგადოებრივი აზრის კვლევა

NDI : მოსახლეობისთვის სამი უმთავრესი პრიორიტეტი სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და ტერიტორიული მთლიანობაა

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)  საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევა  9-21 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა.   ადამიანების რაოდენობამ (45%), ვინც თვლის, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა ბოლო გამოკითხვებში პირველად გადააჭარბა მათ, ვინც ქვეყანას არადემოკრატიულად მიიჩნევს (39%). 

კვლევის თანახმად, მოსახლეობისთვის  უმთავრესი   პრიორიტეტებია :  სამუშაო ადგილები, ინფლაცია და ტერიტორიული მთლიანობა.  აღსანიშნავია, რომ  ამ უკანასკნელის მნიშვნელობა მოსახლეობისთვის მცირდება. 2010 წელს  გამოკითხულთა   45% ასახელებდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის  პრობლემას უმთავრეს  ამოცანად, ბოლო მაჩვენებელი კი 31%-ია.  გამოკითხულთა 44% აცხადებს, რომ პოლიტიკოსები სამუშაო ადგილების შესახებ საკმარისად არ საუბრობენ, 62%  კი  იგივეს  ამბობს  ფასების ზრდის პრობლემასთან პოლიტიკოსების მიმართებაზე. ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხებში  დედაქალაქში სამუშაო ადგილებს,  ნაგვის გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადზე მიბმა მოსდევს.
 
გამოკითხულები ასევე თვლიან, რომ 2008 წელთან შედარებით ვითარება ყველაზე მეტად გაუმჯობესდა  საპენსიო, კორუფციის დაძლევისა   და განათლების სფეროებში. ასევე გზებთან, გაზის მიწოდებასთან და დასუფთავებასთან დაკავშირებით. ყველაზე მეტ გაუარესებას კი, 2008 წლიდან მოყოლებული,  ფასების მატების, ნაგვის გადასახადების ელეტროენერგიასთან მიბმისა და ტრანსპორტის ღირებულების ზრდის მიმართულებით აღნიშნავენ. გაუარესებას შორის აღნიშნულია საბავშვო ბაღების ფასიც. ზოგადად კი გაზრდილია მათი რაოდენობა (13%-21%-მდე), ვინც თვლის რომ მისი და მისი ოჯახის მდგომარეობა 2008 წლის შემდგომ გაუმჯობესდა, 8%-ით კი იკლო  გაუარესების მაჩვენებელმა. 
 
მოსახლეობის 62% მიიჩნევს, რომ მთავრობა მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს, სრულად, ან ნაწილობრივ ახორციელებს. მოსახლეობის დიდი ნაწილი სამომავლოდ ისურვებდა  გატარებულიყო სოფლის მეურნეობის, განათლებისა და საგადასახადო რეფორმები. 
 
მოსახლეობას აზრი  პარლამენტარების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებითაც ჰკითხეს,  აღმოჩნდა, რომ  გამოკითხულთა 60%   ამის  წინააღმდეგია. 
კვლევებს შვედეთის განვითარების სააგენტო (SIDA) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს. საქართველოს მასშტაბით 2 425 ადამიანი გამოკითხეს პირისპირ. კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევით ჩატარდა. 
 

კომენტარები