ქართული ოცნების დაკვეთილ შიდა კვლევას ერთიანი ნაციონალური მოძრაბის წევრები არასერიოზულს უწოდებენ. დავით ბაქრაძე აღნიშნავს, რომ კომპანიას, რომელმაც კვლევა ჩაატარა, ქართული ოცნება აფინანსებს.
"ქართული ოცნება გვთავაზობს, არ დავუჯეროთ იმ კომპანიებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში ატარებენ კვლევებს და ვენდოთ ორგანიზაცია „ფსიქო“-ს, რომელიც მთლიანად ქართული ოცნების თანხით ფინანსდება და რომლის ხელმძღვანელიც უკვე 5 წელია ხელფასს ბატონი ივანიშვილისგან იღებს, როგორც მისი მრჩეველი. კი ბატონო, ეს ოცნების არჩევანია“, - ამბობს ბაქრაძე.
ენმ-ს წევრი მიხეილ მაჭავარიანი კი აღნიშნავს, რომ სანდო მხოლოდ IRI-ის, NDI-ის და GFK-ის ჩატარებული კვლევებია, დანარჩენი კი - "ყავაზე მკითხაობა“. ხოლო სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლება „თვითილუზიასაა მიცემული“.
"ჩემი აზრით, ეს არის ჩვეულებრივი თვითილუზია, რომელსაც არის მიცემული ხელისუფლება და ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც ისინი რეალობას წყდებიან. თუ მათი დაქირავებული რომელიმე ადამიანი ამ თვითილუზიას უმაგრებს ციფრებით, მათი შიდა პრობლემაა. არ ვაპირებთ, რომ ამაზე სერიოზული კომენტარები გავაკეთოთ“, - აღნიშნა კაპანაძემ.
საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრის ფსიქო პროექტის დამფუძნებლის ზურაბ ბიგვავას ინფორმაციით, შიდა კვლევებით ქართულ ოცნებას დაახლოებით 35%-იანი რეიტინგი აქვს, ხოლო ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - 13%.