სარკოზის ვიზიტი

Bloomberg საქართველოში სარკოზის ვიზიტის შესახებ

სააგენტო Bloomberg ნიკოლა სარკოზის საქართველოში ვიზიტს სტატიას უძღვნის. თავისი ბოლო დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტით სარკოზი ცდილობს აიმაღლოს   რეპუტაცია   2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.  ის ჩადის ქვეყანაში , რომელსაც 2008 წელს რუსეთთან ომის დროს შუამავლად მოევლინა და  მოლაპარაკებებს გამართავს თავის ქართველ კოლეგასთან. ამასთან  სიტყვით გამოვა იმ მოედანზე,  საიდანაც  საქართველოს მოქალაქეებს 2005 წელს ჯორჯ ბუშმა მიმართა - ნათქვამია სტატიაში. თუმცა,  Bloomberg აღნიშნავს,  სარკოზის  პიარ- ნაბიჯი შესაძლოა  არ გამოდგეს წარმატებული, რადგან მან  ვერ მიაღწია რუსეთისგან 2008 წლის შეთანხმების საბოლოო შესრულებას. რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი ს დამოუკიდებლობა აღიარა და იქ საკუთარი სამხედროები დატოვა.  

„სარკოზის სურს შეგვახსენოს, რომ იგი ევროკავშირში გავლენიანი ლიდერია. საქართველო კი შეახსენებს მსოფლიოს -    ჩვენ აქ  ვართ,  ჩვენთან ომი და ოკუპაცია იყო“,  - მოჰყავს Bloomberg-ს ილიას უნივერსიტეტის კავკასიური კვლევების საერთაშორისო სკოლის დირექტორის გია ნოდიას კომენტარი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის სექტემბერში, რუსეთის მიერ შეთანხმების შეუსრულებლობის მიუხედავად, სარკოზიმ განაცხადა, რომ „ეს იყო მაქსიმუმი, რისი მიღებაც შეგვეძლო“.

„როდესაც ხალხი კითხულობს - რა პირით უნდა  გამოჩნდეს  სარკოზი საქართველოში, ეს დელიკატური საკითხია,“ - უთხრა  Bloomberg -ს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის პრეზიდენტმა ალექსანდრე რონდელმა,  - „როდესაც მან თქვა, რომ მაქსიმუმს მიაღწია, მას მხედველობაში ჰქონდა, რომ მიაღწია რუსული ძალების გასვლას საქართველოს იმ ტერიტორიიდან, რომელიც მათ მანამდე დაკავებულ ჰქონდათ. მან ომი შეაჩერა“.

როდესაც საქმე გაქვს უხეშ რუსულ ძალასთან, მოლაპარაკებები არ მუშაობს. „სარკოზის, რა თქმა უნდა, არ უნდა რცხვენოდეს იმისი, რაც მოხდა. რის გაკეთება შეეძლო?  ომი დაეწყო?“, - აღნიშნა რონდელმა. 

 

კომენტარები