სარკოზის ვიზიტი

საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ვიზიტს აფასებენ

საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის სახით  ქართველი  ხალხის წინაშე წარსდგა საქართველოს დიდი პარტნიორი - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ.  თბილისში,  თავისუფლების მოედანზე  ნიკოლა სარკოზის გამოსვლის  კომენტირებისას მან  თქვა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა, საქართველოს  ხალხმა აირჩია განვითარების ევროპული გზა, მას სჭირდება  ძლიერ პარტნიორი და სარკოზის სახით ქართველი ხალხის წინაშე წარსდგა ძლიერი პარტნიორი. 7 ოქტომბერს საღამოს თბილისში ნიკოლა სარკოზის გამოსვლას ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ.  ” მან ხაზი გაუსვა, რომ ჩვენმა მეზობელმა რუსეთმა, რომელიც მისდევს ამ ექსკლუზიური გავლენის სფეროების პოლიტიკას უნდა დაანებოს თავი  გავლენის სფეროებზე ფიქრს.  საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და აღარავინ  აპირებს ცნოს მსგავსი პრეტენზიები  ექსკლუზიური გავლენის სფეროების ჩარჩოებში", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ და  აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სარკოზის გამოსვლაში იყო მისი სიტყვები იმის შესახებ, რომ საქართველო უნდა გამთლიანდეს და რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ   საქართველოს ის ტერიტორიები, რომლებიც ამჟამად უკანონოდ უკავიათ.”

” საფრანგეთის პრეზიდენტი  თავის გამოსვლაში ყველა იმ საკითს შეეხო, რაზეც საქართველოს საზოგადოებაში მოლოდინი არსებობდა. ზოგიერთ საკითზე კი მისი პოზიცია მოსალოდნელზე უფრო „მკვეთრი და გაბედული“ იყო.” - უთხრა  ტაბულას საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო  კვლევების ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა.   მან ხაზი გაუსვა, რომ სარკოზიმ  ღიად დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აღნიშნა, რომ  რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის შეთანხმებას,  მისი  ჯარი  საქართველოდან არ გასულა და პირიქით,  რუსეთი ზრდის სამხედრო წარმომადგენლობას  წართმეულ   ტერიტორიებზე.

გოგოლაშვილის აზრით, მნიშვნელოვანია , რომ სარკოზიმ ღიად და არაორაზროვნად აღიარა საფრანგეთის პასუხისმგებლობა  2008 წლის შეთანხმების შესრულებაზე. „ეს იყო საკმაოდ  შთამბეჭდავი, ემოციური და კეთილგანწყობილი გამოსვლა  საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ“, - აღნიშნა მან . ექსპერტის  აზრით   მნიშვნელოვანი იყოს იმის აღნიშვნაც, რომ საქართველოში  დემოკრატიული  ტრადიცია ახლა არ ყალიბდება და ჯერ კიდევ პირველი რესპუბლიკის დროს აქ დემოკრატიული სახელმწიფო არსებობდა, რომ საქართველო  ევროპული ქვეყანაა. რაც შეეხება ნიკოლა სარკოზის სიტყვებს საფრანგეთსა და რუსეთს შორის მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ექსპერტი აღნიშნავს, რომ ეს „ სწორი დიპლომატიური გათვლა იყო -  მწვავე კრიტიკის შემდეგ ხაზი გაესვა, რომ საფრანგეთი  არ არის რუსეთის მტერი,  ამიტომაც სურს, რომ  სიტუაცია  მშვიდობიანი გზით  მოგვარდეს“. გოგოლაშვილის თქმით, სარკოზიმ აღნიშნა, რომ საფრანგეთი შეეცდება რუსეთი  და საქართველო მომავალში მეგობრებად აქციოს, თუმცა ამავე დროს, მოსკოვს მიანიშნა, რომ მისი ქცევა არ  ჯდება სტრატეგიულ ლოგიკაში და გაუმართლებელია.

„სარკოზის გამოსვლით კმაყოფილები უნდა ვიყოთ, მით უმეტეს რომ ის  არა მხოლოდ საქართველომ,  არამედ მთელმა მსოფლიომ  მოისმინა“,  - აღნიშნა გოგოლაშვილმა.

 

 

 

 

 

კომენტარები