სარკოზის ვიზიტი

სააკაშვილი: ჩვენ ვირჩევთ ევროპას და ევროპულ დემოკრატიას

„დღეს ჩვენ აღარ ვართ მარტო“ -  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას და  ხაზი გაუსვა, რომ   საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი არის ის ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდში  საქართველოს გვერდში დაუდგა. პრეზიდენტის  სიტყვებით , საფრანგეთისა და სხვა დასავლელი მოკავშირეების თანადგომა საქართველოს მიმართ მოწმობს, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ზეწოლის, დაშინების, ემბარგოს, დაბომბვისა და დაპყრობის პოლიტიკამ მარცხი განიცადა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ  საქართველოს  ტერიტორიის 20 პროცენტი  უწინდებურად  უკანონოდ არის ოკუპირებული ,  ასობით ათასი  საქართველოს მოქალაქე  გამოძევებულია საკუთარი სახლებიდან,  მაგრამ  საქართველოს იზოლაციისა და დამორჩილების გეგმა  ვერ შედგა.   „ისინი, ვისაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის ბოლოს მოღება უნდოდათ  დამარცხდნენ“,  - განაცხადა სააკაშვილმა .მისივე სიტყვებით  მარცხი განიცადა  ქვეყნის ევროკავშირისა და ნატო-სკენ სვლის შეჩერების მცდელობამ.და ეს მარცხი, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოქალაქეთა სიმტკიცემ და თავისუფლების დაუოკებელმა სიყვარულმა,  ღირსებამ და შეუპოვრობამ განაპირობა. ამავე დროს, საქართველოს  მეგობრების მხარდაჭერამ და თანადგომამ.

„საქართველო იმდენად მყარად დგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რომ ვერც ერთი უცხოელი ლიდერი, რომელიც შეპყრობილია ჩვენი უკანდახევის იდეით, ვერც ერთი უცხო ქვეყნის მარიონეტი, ვერც ერთი მეხუთე კოლონა ვერ შეძლებს ამ გზიდან ჩვენს აცდენას", -  აღნიშნა ” თავისუფლების მოედანზე”  თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა. მიანიშნა , რომ  7 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე შეკრებილთა უმეტესობა ახალგაზრდობა იყო . „ეს არის სულ სხვა საქართველო, ეს არის სრულიად საქართველოს თავისუფლების ურიცხვი და დაუმარცხებელი ლაშქარი. ვერანაირი მეხუთე კოლონა, ხრიკები და სიბინძურე ამ თაობას ვეღარ დააბრუნებს წარსულში, საბჭოთა კავშირსა და მონობაში. ვეღარასოდეს დაგვაბრუნებენ უიმედობასა და ცინიზმში ფოჩიანი კანფეტების დაპირებით და მუქარებით. ვეღარასოდეს დაგვაჩოქებენ, თუნდაც ყველაზე ძლიერი დამპყრობლის წინაშე, რადგან ჩვენი არჩევანია თავისუფლება და ევროპა. მე ვსაუბრობ იდენტურობასა და ფასეულობებზე, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მთავრობა და ოპოზიცია. ის, რაზეც ვსაუბრობ, არავის საკუთრება არ არის და არავის შეუძლია მისი ჩახშობა, ეს არის ჩვენი ამაყი ერის მომავალი", - განაცხადა პრეზიდენტმა და თავისი  საჯარო მიმართვა ამ სიტყვებით დაასრულა: „დღეს ვაცხადებ კიდევ უფრო მეტი ძალით და მეტი ენერგიით - ჩვენ ვირჩევთ ევროპას და ევროპულ დემოკრატიას..ჩვენ ყველანი ქართველები ვართ და, მაშასადამე, ჩვენ ყველანი ევროპელები ვართ“. 

კომენტარები