ავღანეთი

კონფლიქტი, რომელსაც ბოლო არ უჩანს

REUTERS
სექტემბერს, ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი ბურჰანუდინ რაბანი, ქაბულში, საკუთარ სახლში, თვითმკვლელმა ტერორისტმა მოკლა. 70 წლის რაბანი თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა. ამ მიზანს ემსახურებოდა თალიბების ლიდერის, მოლა ომარის გამოგზავნილ ტერორისტთან შეხვედრა, რომელსაც რაბანისთვის „მნიშვნელოვანი შეტყობინება” უნდა გადაეცა. აფეთქება იმ დროს მოხდა, როცა ყოფილი პრეზიდენტი სტუმარს მისალმების ნიშნად გადაეხვია.

რაბანის დაკრძალვაზე დემონსტრანტებმა მთავრობისგან მკვლელობის გამოძიება და თალიბებთან მოლაპარაკების შეწყვეტა მოითხოვეს. ეთნიკური შუღლი მთავარი მიზეზია, რის გამოც ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაბმას ეწინააღმდეგებიან. პუშტუნური წარმომავლობის ყარზაისა და ასევე პუშტუნური დაჯგუფების, თალიბანის შერიგება, რასაც, შესაძლოა, თალიბანის მთავრობაში შეყვანა მოჰყვეს, უზბეკების, ტაჯიკებისა და ხაზარებისთვის საფრთხეს ქმნის. 2001 წელს, როცა ამერიკამ ავღანეთი დაბომბა, რაბანი უზბეკების, ტაჯიკებისა და ხაზარების შექმნილ ალიანსს ხელმძღვანელობდა, რომელიც თალიბანს ებრძოდა.

თალიბანი მკვლელობასთან კავშირს უარყოფს, მაგრამ ის მთავარ ეჭვმიტანილად რჩება. ივარაუდება, რომ თალიბებს პაკისტანის სადაზვერვო სამსახური – ISI ეხმარებოდა. ტერორიზმის ხელშეწყობაში პაკისტანს ამერიკა უკვე ღიად სდებს ბრალს.

22 სექტემბერს, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარემ კონგრესში განაცხადა, რომ ამერიკის საელჩოსა და NATO-ს შტაბბინაზე ტერაქტი პაკისტანის დახმარებით შედგა. პაკისტანში უარყვეს ამერიკის ბრალდებები და განაცხადეს, რომ ამერიკის შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო დაჯგუფებების გასანადგურებლად შემოსვლის უფლებას არ მისცემენ. 
თალიბანთან დიალოგის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნების მიუხედავად, ამერიკისა და ავღანეთის მთავრობები სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებას გეგმავენ. 22 სექტემბერს ჰილარი კლინტონმა, მართალია, რაბანის მკვლელობა დაგმო, თუმცა განაცხადა, რომ ამერიკა გააგრძელებს ავღანეთისა და თალიბანის პოლიტიკური შერიგების მხარდაჭერას, რადგან ეს მთელს რეგიონში მშვიდობის დამყარების სტრატეგიის ნაწილია. 

მშვიდობა ავღანეთის მთავარი საზრუნავია. ათწლეულების მანძილზე პუშტუნური წარმომავლობის მმართველები ტაჯიკებითა და უზბეკებით დასახლებულ რეგიონებში პუშტუნებს ასახლებდნენ, რამაც ეთნიკური კონფლიქტები წარმოშვა. დაძაბულობამ კი თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლას შეუწყო ხელი.

ბარაკ ობამას განცხადებით, ამერიკა ნელ-ნელა შეამცირებს ავღანეთში ჯარისკაცების რაოდენობას. 2014 წლისთვის კი ისინი ამ ქვეყანას საბოლოოდ დატოვებენ. ამ გადაწყვეტილებას სამხედრო მეთაურები ეწინააღმდეგებიან. ავღანეთიდან ჯარების გაყვანა ამ ეტაპზე წამგებიანია. ობამას მიერ ჯარების ნაწილის 2012 წლის არჩევნებამდე გამოყვანა, მემარცხენე ამომრჩევლის გულის მოგებას ისახავს მიზნად. 
ამერიკის გასვლის შემდეგ რეგიონში წარმოიქმნება ვაკუუმი, რომლის შევსებასაც, სამხედრო თვალსაზრისით – თალიბანი,  ხოლო სტრატეგიულად – პაკისტანი და ჩინეთი შეეცდება. მათი გაძლიერება არახელსაყრელია ინდოეთისთვის, ამიტომ იძულებული გახდება, ავღანეთში მიმდინარე მოვლენებში აქტიურად ჩაერთოს.

ავღანეთში მშვიდობის დასამყარებლად, პაკისტანთან ურთიერთობის დარეგულირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საზღვართან დაკავშირებით დავა ორ ქვეყანას შორის 1947 წლიდან არსებობს. სტაბილური ავღანეთი, რომელიც შესაძლოა ინდოეთის მოკავშირედ მოევლინოს, პაკისტანის პოლიტიკური ინტერესებისთვის არასასურველია. ამ უკანასკნელს ეშინია, რომ ინდოეთი ავღანელი პუშტუნების წაქეზებას შეეცდება, რათა ისინი პაკისტანში მცხოვრებ პუშტუნებთან გაერთიანდნენ. 

ამერიკა, რომელიც პაკისტანის ორმაგი პოლიტიკის შეცვლას ფინანსური და სამხედრო დახმარებებით იმედოვნებდა, ახლა უკვე რეალურად აფასებს სურათს. სანამ პაკისტანი ინდოეთს ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევს, ის ყოველთვის დაეყრდნობა ისეთ ძალებს, როგორიც ჰაქანების ტერორისტული დაჯგუფება და თალიბანია. ამერიკული სამხედრო დახმარების 800 მილიონით შემცირებამ, შესაძლოა, ჩინეთის, როგორც ალტერნატიული პარტნიორის ასპარეზზე გამოსვლას შეუწყოს ხელი, რომელთანაც პაკისტანს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები უყალიბდება. 

კომენტარები