ყოფილი პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინაშე

პარიზში საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის და დედაქალაქის ყოფილი მერის, ჟაკ შირაკის სასამართლო პროცესი დაიწყო. ბრალდებული სასამართლო პროცესს არ დასწრებია. 5 სექტემბერს მოსამართლემ დააკმაყოფილა პოლიტიკოსის თხოვნა – ბრალდებულის ჯანმრთელობის გაუარესების გამო მას პროცესზე ადვოკატი წარმოადგენს. სამედიცინო ცნობების მიხედვით, შირაკს მეხსიერებასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვს. მისი ცოლი ჯანმრთელობის გაუარესებას 2005 წლის გულის შეტევას და ასაკს უკავშირებს.

შირაკს ბრალი ედება გადასახადის გადამხდელთა ფულის არასწორად გამოყენებასა და კორუფციულ გარიგებებში. ოფიციალური ბრალდების მიხედვით, პარიზის მერობისას, 1977-1995 წლებში თავისი პარტიის კამპანიაში ის ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდა და ამ პროცესში 28 „ყალბი” სამუშაო ადგილი შექმნა. თანამდებობისთვის განკუთვნილ ხელფასებს ის საკუთარი კამპანიისთვის იყენებდა. ამასთან დაკავშირებით 2004 წელს შირაკის უახლოესი მოკავშირე, ყოფილი პრემიერი და დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ალან ჟუპეც გაასამართლეს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს და მსგავსი საქმე რამდენჯერმე გახმაურდა, შირაკის გასამართლება, იმუნიტეტის გამო, ვერ ხერხდებოდა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პოლიტიკოსს 10 წელი ციხე და 150 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმა დაეკისრება. გასულ წელს შირაკმა 500 ათასი ევრო გადაუხადა ქალაქ პარიზს, ხოლო მისმა პარტიამ, ქალაქის საკრებულოს 1.5 მილიონი ევრო გადაურიცხა ლეგალური დისპუტის თავიდან ასაცილებლად.

სასამართლო პროცესზე დაუსწრებლობა მნიშვნელოვანია შირაკისთვის საჯარო სირცხვილის თავიდან ასაცილებლად. ის დღესაც განსაკუთრებით მაღალი რეიტინგით სარგებლობს, სწორედ ამიტომ, პოლიტიკოსის საჯაროდ გასამართლებას არ ითხოვენ. თუ ორი წლის წინ გამოკითხულთა 72% თვლიდა, რომ შირაკი ჩვეულებრივი მოქალაქის მსგავსად უნდა გასამართლებულიყო, წელს ეს მაჩვენებელი 56%-მდე დაეცა.

კომენტარები