ნორვეგიაში ტერაქტების მსხვერპლთა რიცხვი 92-ს აღწევს

პარასკევს 22 ივლისს ნორვეგიაში მომხდარი ორი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი 92-ს აღწევს.
15:26 წუთზე ოსლოს ცენტრში მასიურმა აფეთქებამ პრემიერ მინისტრის ოფისი შეძრა. ტერაქტის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა პოლიციის განცხადებით მსხვერპლთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან შენობის ნანგრევებში დარჩენილი ზოგიერთი ადამიანის ამოყვანა ჯერ ვერ ხერხდება. პოლიციის განცხადებით, აფეთქება მანქანაში ჩამონტაჟებულმა ბომბმა გამოიწვია, თუმცა შენობის გარშემო კიდევ რამდენიმე თვითნაკეთი ბომბი იპოვეს.

ოსლოში მომხდარი აფეთქებიდან ორი საათის შემდეგ დედაქალაქიდან 35 კილომეტრით დაშორებულ კუნძულ იუტეიაზე 32 წლის მამაკაცმა ახალგაზრდულ ბანაკში უმისამართოდ გახსნა ცეცხლი. თვითმხილველების განცხადებით მამაკაცი პოლიციის ფორმაში იყო გამოწყობილი და ყველა შემხვედრს ესროდა. რამდენიმე ახალგაზრდა წყალშიც გადახტა, თუმცა მკვლელმა მათ გაქცევის საშუალება არ მისცა. პოლიცია კუნძულზე ტერორისტის გამოჩენიდან საათ ნახევარში მოვიდა. ტერორისტმა პოლიციას წინააღმდეგობა არ გაუწია და ჩაბარდა. ტერაქტის შედეგად 85 ახალგაზრდაა გარდაცვლილი.

ახალგაზრდულ ბანაკში იმყოფებოდა საქართველოს ორი მოქალაქე. ნათია ჩხეტიანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თამთა ლიპარტელიანის შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ არსებობს.

პოლიციის განცხადებით, ორივე ტერაქტი ნორვეგიელმა ანდერს ბერინგ ბრეივიკმა მოაწყო. მან ჯერ ოსლოს ცენტრში დაამონტაჟა ბომბი, შემდეგ კი პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ნავით გადავიდა კუნძულ იუტეიაზე. გემზე მან მოიტყუა, რომ ტერაქტის შემდეგ უსაფრთხოების გაძლიერებისთვის გამოგზავნეს.

პოლიციის განცხადებით, ბრეივიკი ნეო-ნაცისტური მოძრაობის წევრია. ის განსაკუთრებით აქტიურობდა სოციალურ ქსელებში და ინტერნეტ-ფორუმებზე და ანტი-მუსლიმური განცხადებებით გამოირჩეოდა. თუმცა ტერაქტის შესახებ ის სოციალურ ქსელებში ან ფორუმებზე არ საუბრობდა.

ნორვეგია, სხვა სკანდინავიურ ქვეყნებთან ერთად, განსაკუთრებით მშვიდი და უსაფრთხო ქვეყნის იმიჯით სარგებლობს. ევროკავშირის პოლიციის, ევროპოლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 22 ივლისის ტერაქტში ისლამისტური ორგანიზაციები არ მონაწილეობდნენ, სკანდინავიური ქვეყნები ასეთი ორგანიზაციების ახალი მიზანია. ეს ქვეყნები ყველაზე ნაკლებად მოელიან თავდასხმებს. გასულ დეკემბერს ისლამისტმა კამიკაძემ თავი აიფეთქა სტოკჰოლმის ცენტრში. სექტემბერში კი ოსლოში ერაყელი ქურთი დააპატიმრეს, ის ცდილობდა მოეკლა დანიელი კარიკატურისტი, რომელმაც მუჰამედი დახატა. ტერორისტების გააქტიურებასთან ერთად, ნორვეგია აქტიურად ჩაერთო ავღანეთის სამხედრო ოპერაციაში.

კომენტარები