ბაინდურაშვილი სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გახდა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, რვაწლიანი საქმიანობის შემდეგ ჯემალ ინაიშვილი პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან წავიდა. მისი ადგილი ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა და ამჟამად ”საქართველოს ფოსტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, კახა ბაინდურაშვილმა დაიკავა. თავმჯდომარის არჩევნებისთვის დანიშნულ საგანგებო სხდომას საქართველოს პრემიერ მინისტრი ესწრებოდა. ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ მთავრობასა და ბიზნესს შორის ”მჭიდრო ურთიერთობაა” საჭირო, რაშიც გადამწყვეტ როლს სწორედ სავაჭრო-სამრეწველო პალატა შეასრულებს.

სხდომაზე  ბაინდურაშვილმა  განაცხადა, რომ ”პალატას შეუძლია ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადადგას ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით” და, ასევე, ”მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ბიზნესსა და მთავრობას შორის ურთიერთობებში.”

”ბაინდურაშვლის ამ თანამდებობაზე დანიშვნა ახლა, როდესაც სავაჭრო სამრეწველო პალატა  საკანონმდებლო და სტრუქტურული ცვლილებების მოლოდინშია, ძალიან მნიშვნელოვანია,” თქვა პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ, ჯემალ ინაიშვილმა. თავად ინაიშვილი სავაჭრო-სამრეწველო პალატის მმართველ საბჭოს უხელმძღვანელებს. 

კახა ბაინდურაშვილმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ერთი თვის წინ დატოვა და  „საქართველოს ფოსტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.  ოფიციალური ინფორმაციით, ბაინდურაშვილის ორივე უწყებაში იმუშავებს. 

კომენტარები