სტინგმა ასტანაში კონცერტი მენავთობეების მხარდასაჭერად გააუქმა

ცნობილმა ბრიტანელმა მომღერალმა, სტინგმა ყაზახეთის დედაქალაქში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. მომღერალის თქმით, კონცერტი მან ყაზახი მენავთობეების საპროტესტო აქციისადმი სოლიდარობის ნიშნად გააუქმა. უკვე რამდენიმე კვირაა მანგისტაუს ოლქის მენავთობეები და პროფკავშირების წარმომადგენლები ხელფასის მომატების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ. უცხოური მედიის ცნობით, 400 მენავთობე სწორედ ამ დემონსტრაციების გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან. სტინგის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მომღერალმა თავისი ქმედებით მენავთობეების შევიწროვება გააპროტესტა. მომღერალმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება კონცერტის გაუქმების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის რეკომენდაციით მიიღო. ორგანიზაციამ მუსიკოსი გააფრთხილა, რომ მისი კონცერტი ასტანაში ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისადმი მხარდაჭერის ნიშანი იქნებოდა და რომ ამით სტინგი უარს იტყოდა ყველაფერზე, რისთვისაც იბრძვის.

ბრიტანელი მუსიკოსის კონცერტი ასტანაში დღეს უნდა გამართულიყო. მედიის ცნობით, კონცერტი სპეციალურად დაამთხვიეს ამ დღეს, რადგან რომ 4 ივლისს ყაზახეთში დედაქალაქის დღეს აღნიშნავენ. 4 ივლისს არის დაბადებული პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევიც.

მას შემდეგ, რაც სტინგის კონცერტის გაუქმების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, კონცერტის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ღონისძიება ტექნიკური მიზეზების გამო გაუქმდა. 

კომენტარები