ვეივეი თავდებით გაათავისუფლეს

ჩინეთის მთავრობამ პატიმრობიდან გაათავისუფლა ხელოვანი და დისიდენტი აი ვეივეი. ის 3 აპრილს დააკავეს აეროპორტში, მას შემდეგ კი მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო. აის გათავისუფლებას დადებითად გამოეხმაურნენ დასავლეთის ქვეყნების ლიდერები. ჩინეთის მთავრობისთვის ჩვეული მოვლენაა დისიდენტებისა და მისთვის არასასურველი პირების გაქრობა. აქტივისტებზე ზეწოლისა და დაპატიმრებების ბოლო ტალღა არაბულ გაზაფხულს მოჰყვა. 

ოფიციალურად, აი თავდებით გაათავისუფლეს. შინჰუას საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აიმ აღიარა გადასახადების დამალვის დანაშაული. აღიარებითი ჩვენება და ჯანმრთელობის მდგომარეობა (დიაბეტი და სისხლის მაღალი წნევა) კი მისი განთავისუფლების წინაპირობა გახდა.

აიმ უცხოურ მედიას მოკლე ინტერვიუ მისცა. უფრო სწორედ აღნიშნა, რომ თავდებით გაათავისუფლეს და ამის გამო არანაირი ინტერვიუს მიცემა არ შეუძლია.

აის გათავისუფლება დაემთხვა ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ვენ ჯიაბაოს ევროპულ ტურნეს, რომელიც 25 ივნისს დაიწყება. ვენი გერმანიასა და ბრიტანეთს ესტუმრება. შესაძლოა ხელოვანის გათავისუფლება გარკვეულწილად მის ვოიაჟს უკავშირდებოდეს, რადგანაც აი განსაკუთრებით პოპულარული სწორედ ამ ქვეყნებშია, ლონდონის ტეიტის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში  კი მისი ნამუშევრებიცაა გამოფენილი. 

კომენტარები