Forbes: მსოფლიოს ყველაზე საშიში ადამიანების ათეულში სამი რუსია

ჟურნალმა „ფორბსმა“ მსოფლიოს 10 ყველაზე საშიში დამნაშავის სია გამოაქვეყნა.   ყველაზე საშიშ კრიმინალთა ათეულში სამი რუსეთის მოქალაქეა. ამ რეიტინგს „ფორბსი“ 2008 წლიდან  სხვადასხვა ქვეყნის სამართლადამცველებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ აქვეყნებს.

”ფორბსის” ვერსიით, მსოფლიოს ყველაზე საშიში დამნაშავე მექსიკის უმსხვილესი ნარკოკარტელის მეთაური ხოაკინ გუსმანია, რომელმაც სიაში პირველ პოზიციაზე ალ-ყაიდას ლიდერის, ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ გადაინაცვლა. 

რუსეთის მოქალაქეებიდან ყველაზე საშიშთა სიაში მოხვდნენ დოკუ უმაროვი, სემიონ მოგილევიჩი და ალიმჟან ტოხტახუნოვი მეტსახელად „ტაივანჩიკი“.

ბიზნესმენი სემიონ მაგილევიჩი, რომელიც რუსეთში მაღაზიების ქსელ „არბატ პრესტიჟის“ დამფუძნებელია და  გადასახდების დაფარვის საქმეში ფიგურირებდა, 2003 წლიდან  აშშ-ს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ 10 ყველაზე  ძებნილ ადამიანთა სიაშიც შედიოდა. ფედერალურმა ბიურომ მასზე ინფორმაციის მიღების სანაცვლოდ ჯილდოდ 100 ათასი დოლარი დააწესა.

აშშ-ს ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, მოგილევიჩი (ცნობილია ასევე სერგეი შანიდერის სახელით) მოსკოვში ცხოვრობს და მსოფლიოს 27 ქვეყანაში მოქმედ ფულის გათეთრების უზარმაზარ ქსელს ხელმძღვანელობს.  ის  აღმოსავლეთ ევროპაში რამდენიმე გაზგამანაწილებელ ქსელსაც აკონტროლებს. ამერიკელი სამართალმდაცველები მიიჩნევენ, რომ მაგილევიჩი 40-მდე ეკონომიკური დანაშაულის თანამონაწილეა.

 რაც შეეხება ”იმამატ კავკაზის” ლიდერს,  დოკუ უმაროვს, ”ფორბსი” მას რუს უსამა ბინ ლადენს უწოდებს. 2010 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა  უმაროვი საერთაშორისო ტერორისტად აღიარა. „კავკასიელი იმამი“ მსოფლიო ტერორისტთა სიაში 2011 წელს შეიყვანა გაეროს უსაფრთხოების საბჭომ. ამავე წლის მაისში   უმაროვი აშშ-ს განსაკუთრებით ძებნილ საერთაშორისო ტერორისტთა სიაშიც მოხვდა. მასზე ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ  ჯილდოს სახით 5 მილიონი დოლარი დაწესდა.

მსოფლიოს ყველაზე საშიშთა ათეულში შესული ალიმჟან ტოხტახუნოვი, იგივე „ტაივანჩიკი“ უზბეკური წარმოშობის რუსი ბიზნესმენია.  აშშ-ში მას „“ევრაზიის ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთ მთავარ მოათამაშედ“ მიიჩნევენ.

2002 წელს  ”ტაივანჩიკი” იტალიაში დააპატიმრეს  სოლტ ლეიქ სიტიში გამართულ ოლიმპადაზე  ფიგურულ სრიალში გამართული შეჯიბრების შედეგების გაყალბების ბრალდებით, თუმცა  იტალიურმა მხარემ აშშ-ს ტოხტახუნოვის ექსტრადაციაზე უარი უთხრა.

საშიში დამნაშავეების 10 კაციან რეიტინგში  მოხვდნენ იტალიელი მაფიოზი მატეო მესინა დინარო, რუანდაში მოწყობილ გენოციდში ბრალდებული  ფელისენ კაბუგა, უგანდის შეიარაღებული ჯგუფის „უფლის წინააღმდეგობის არმიის“ ლიდრი ჯოზეფ კონი და ინდოეთის კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი დავუდ იბრაჰიმი. ამავე სიაში საპატიო ადგილზეა უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ ალ-ყაიდას მეთაურად დასახელებული აიმან აზ-ზავაჰირი. 

კომენტარები