სამხრეთ ოსეთი რეპრესიული საზოგადოებების ნუსხაში

 უარესთა შორის ყველაზე უარესები 2011: მსოფლიოს ყველაზე რეპრესიული საზოგადოებები – Freedom House-მა სპეციალური ანგარიში ამ სახელწოდებით გამოაქვეყნა. მასში რამდენიმე სახელმწიფოსა და ტერიტორიასთან ერთად, საქართველოს ოკუპირებული ნაწილი – სამხრეთ ოსეთიც მოხვდა. ანგარიშის მიხედვით, ადამიანის პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები, ყველაზე მეტად და ყველაზე ხშირად ამ უკანასკნელსა და ბელარუსში, ბურმაში, ჩადში, ჩინეთში, კოტ-დ’ივუარში, კუბაში, ეკვატორულ გვინეაში, ერიტრეაში, ლაოსში, ლიბიაში, ჩრდილოეთ კორეაში, საუდის არაბეთში, სომალიში, სირიაში, თურქმენეთში, უზბეკეთში, ტიბეტსა და დასავლეთ საჰარაში ირღვევა. 

Freedom House-ი თავის ძირითად ანგარიშს – თავისუფლება მსოფლიოში – რომელიც 194 ქვეყანასა და 14 „სადავო ტერიტორიას” აფასებს, ყოველწლიურად აქვეყნებს. სპეციალური ანგარიშის მომზადების მიზანი კი, ყურადღების მთავარ უფლებადამრღვევებზე ფოკუსირებაა. Freedom House-ი გვახსენებს, რომ 1.6 მილიარდი ადამიანის – მსოფლიოს მოსახლეობის 24%-ზე მეტის – საბაზისო უფლებები  ყოველდღიურად, განსაკუთრებული სიმძიმით, ირღვევა.

ანგარიშის მიხედვით, სამხრეთ ოსეთის პოლიტიკაზე რუსეთი ახდენს დომინანტურ გავლენას. გასულ წელს იქ კრემლის გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყვავის კორუფცია, რამაც განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდგომ რეკონსტრუქციის საქმეში იჩინა თავი. ხშირია კონტრაბანდა და შავი ბაზრის სხვა აქტივობები, მათ შორის ფულის გაყალბება. 
აქ არჩევნებს არ აკვირდებიან დამოუკიდებელი დამკვირვებლები და არც საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს. სამხრეთ ოსეთში მედია მთლიანად კონტროლდება, კერძო მაუწყებლობა კი აკრძალულია. ამასთან, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია მიკროსკოპული დაკვირვების ქვეშ მოქმედებს. 

სახლში დაბრუნების საშუალება კვლავ არ ეძლევა აგვისტოს ომის შედეგად დევნილ 26 ათას ადამიანს – მათ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმასა და რუსული პასპორტების აღებას სთხოვენ. 

სამხრეთ ოსეთის ტერიტორია ყველაზე უარესთა სიაში წელს პირველად არ მოხვედრილა. Freedom House-ი აქამდეც აღნიშნავდა იქ
ადამიანის უფლებების განსაკუთრებულ ხელყოფასა და რუსეთის გავლენის სულ უფრო და უფრო ზრდას. 

ზოგადად, ბოლო 5 წელია, მსოფლიოში ადამიანის უფლებების ხელყოფის პრაქტიკა ძლიერდება. თუმცა, 30 წლის წინანდელთან შედარებით, საგრძნობი წინსვლა შეინიშნება. დღესდღეობით 194 ქვეყნიდან 87 თავისუფალია, 60 – ნაწილობრივ თავისუფალი, ხოლო 47 – არათავისუფალი. შედარებისთვის, 1980 წელს, ქვეყნების მხოლოდ 31% იყო თავისუფალი. 

ამჟამად მსოფლიო მოსახლეობის 43% თავისუფალ სახელმწიფოებში ცხოვრობს. 

კომენტარები