გერმანიაში ყველა ბირთვული სადგური დაიხურება

გერმანელმა პოლიტიკოსებმა შემდეგ ათწლეულში ყველა ბირთვული სადგურის დახურვა გადაწყვიტეს. გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრმა ნორბერტ როტგენმა განაცხადა: ,,დიდი ხნის მოლაპარაკებების შემდეგ ჩვენ შედეგი მივიღეთ. კოალიცია შეთანხმდა ენერგოპოლიტიკის შეცვლაზე. კოალიციამ გადაწყვიტა რომ უკვე დახურული ბირთვული სადგურები და დამატებით სადგური კრუემელი, აღარ ჩაირთვება. მეორე ჯგუფი, რომელშიც 6 სადგური შევა, 2021 წლისათვის გაითიშება, 3 ყველაზე ახალი სადგური კი 2022 წლისათვის აღარ იმუშავებს. ’’

ფუკუშიმას ინციდენტის შემდეგ კანცლერმა ანგელა მერკელმა ეთიკის პანელი შექმნა და მას ბირთვული სადგურების გამოკვლევა დაავალა. გასულ კვირას პანელმა თავისი დასკვნა გამოაქვეყნა, რის შემდეგაც მერკელის პარტიის, ქრისტიან-დემოკრატების წევრები თავიანთ კოალიციურ პარტნიორებს შეხვდნენ და ორშაბათს თავიანთი გადაწყვეტილება გამოაქვეყნეს.

ბირთვული სადგურების დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კიდევ უფრო ინტენსიური გახდა საუბარი ენერგიის გაძვირებისა და მისი ნაკლებობის შესახებაც კი. გერმანია თავისი ენერგიის 23%-ს სწორედ ბირთვული რეაქტორებიდან იღებდა.

ბირთვული რეაქტორების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო შვეიცარიამაც, 2034 წლისათვის აქ არცერთი ბირთვული სადგური აღარ იქნება. 

 

 

კომენტარები