დევოლუცია უელსურად

5 მაისს, უელსის ადგილობრივ არჩევნებში ლეიბორისტებმა გაიმარჯვეს, თუმცა კარვინ ჯონსის პარტიას, აბსოლუტური უმრავლესობის მოსაპოვებლად სულ ცოტა დააკლდა. აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო გამოკითხვებით, მათ 45-50%-იან მხარდაჭერას უწინასწარმეტყველებდნენ. რეალურად,  პარტიამ 60-ადგილიან ასამბლეაში, 30 მანდატი მიიღო. ამ შედეგით, ლეიბორისტებმა 2007 წლის ადგილობრივი არჩევნების მონაცემები გააუმჯობესეს – დამატებითი 4 მანდატი აიღეს. მათმა კოალიციურმა პარტნიორმა – უელსის ნაციონალისტურმა პარტიამ კი, 4 ადგილი დაკარგა და მეორედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

კონსერვატორებმა „მწარე-ტკბილი” გამარჯვება იწვნიეს: მართალია ასამბლეის წევრთა რაოდენობა ორით გაზარდეს, მაგრამ ტორების ლიდერი ნიკ ბურნე უელსის შუა და დასავლეთ რეგიონებში დამარცხდა.
 
ლიბერალ-დემოკრატებმა, რომლებსაც შოტლანდიურ და ინგლისურ ადგილობრივ არჩევნებში ცუდი დრო დაუდგათ, გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს – სტატუს-კვო ანუ 5 მანდატი შეინარჩუნეს. 
 
ლეიბორისტებმა წარმატებას სწორი საარჩევნო კამპანიით მიაღწიეს – ეფექტურად გამოიყენეს მედია და დიდი ბრიტანეთის კოალიციის მერყეობაზე ყურადღება გაამახვილეს. ამით ცენტრალური მთავრობისადმი სკეპტიკურად განწყობილი მოსახლეობის მხარდაჭერა მოიპოვეს. 
 
კონსერვატორებმა აქცენტი ჯანდაცვისა და საჯარო დანახარჯების შემცირების მნიშვნელობაზე გააკეთეს, მაშინ როცა ლიბერალ-დემოკრატები მანამდე ტრადიციულად მხოლოდ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე საუბრობდნენ. მართალია, კამპანიის დროს უელსის პრობლემებს დაუბრუნდნენ, მაგრამ ბრიტანეთის მთავრობის ქომაგთა იმიჯის მოშორება, მცირე დროში ვერ მოახერხეს. ამაზე უელსის ასამბლეის რეფერენდუმის თარიღმაც იმოქმედა.
აღნიშნული რეფერენდუმი მარტის დასაწყისში ჩატარდა. რეფერენდუმის შედეგად,  უელსის ასამბლეის საკანონმდებლო ძალაუფლება მნიშვნელოვნად გაიზარდა. აქამდე ასამბლეას 20 ფართო პოლიტიკურ სფეროზე ჰქონდა გავლენა. მათ შორისაა ჯანდაცვა, განათლება, გარემო და ტრანსპორტი, მაგრამ ახალი კანონის მიღების ექსკლუზიური უფლება არ გააჩნდა. უელსელების დადებითი პასუხით კი ასამბლეას, ვესტმინსტერის თანხმობის გარეშე, კანონების მიღების ძალაუფლება ეძლევა.

კომენტარები