პოლონეთში მემორიალური დაფიდან რუსული წარწერა მოხსნეს

პოლონეთში 1920-იან წლებში დაღუპული წითელარმიელებისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფიდან რუსულენოვანი წარწერა მოხსნეს. რუსული მედიის ცნობით, ის ოფიციალური პოლონური წარწერის ქვეშ უცნობმა პირებმა დაამონტაჟეს. „აქ განისვენებს 8 ათასი საბჭოთა წითელარმიელი, რომლებიც პოლონეთის ‘სიკვდილის ბანაკებში’ სასტიკად აწამეს 1919-1921 წლებში“ - ასეთი იყო რუსული წარწერის შინაარსი, იუწყება ტელეკომპანია BBC-ს რუსული სამსახური.  პოლონური მხარის მტკიცებით, რუსულენოვანი წარწერის შინაარსი და მისი დადგმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ იყო, წერს საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი.

რუსულენოვანი დაფა კვირას, დღის მეორე ნახევარში მოხსნეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება იმის გასარკვევად, თუ ვინ დაამონტაჟა ის მემორიალურ დაფაზე. რუსული მხარის განცხადებით, მათთვის უცნობია ამ საქმის დეტალები. თუ რუსული წარწერის დამონტაჟება პოლონეთის ოფიციალურ პირებთან შეთანხმებული არ იყო, მაშინ ეს ადგილობრივი კანონმდებლობის დარღვევაა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა.

მემორიალურ დაფაზე წარწერასთან დაკავშირებით რუსეთსა და პოლონეთს შორის უთანხმოება გასულ აპრილსაც მოხდა. გასულ წელს  სმოლენსკში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ნათესავების ინიციატივით,  კატასტროფის ადგილზე მემორიალური დაფა დაიდგა. დაფაზე ეწერა, რომ ავიაკატასტროფაში დაღუპული პოლონური დელეგაცია მიემგზავრებოდა  იმ პოლონელი ოფიცრებისთვის პატივის მისაგებად, რომლებიც საბჭოთა გენოციდის მსხვერპლი გახდნენ. 10 აპრილს ავიაკატასტროფის წლისთავის აღსანიშნავად სმოლენსკში ჩასულ ნათესავებს წარწერა შეცვლილი დახვდათ. ”ეძღვნება 2010 წლის 10 აპრილს ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპულ  96 პოლონელს და პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ხსოვნას,“ ეწერა დაფაზე.

სმოლენსკში მემორიალურ დაფაზე წარწერის შინაარსის  შეცვლას პოლონეთში  ”უტაქტო საქციელი” და ”ჭირისუფალთა ნების იგნორირება” უწოდეს. ამ ფაქტის გასაპროტესტებლად ვარშავაში დემონსტრაციებიც მოეწყო. 

კომენტარები