კანადის არჩევნები: ცვლილებების ზღვა

ორშაბათს, 2 მაისს ჩატარებულ კანადის საპარლამენტო არჩევნებში, კონსერვატორი პრემიერ-მინისტრის, სტეფან ჰარპერის პარტიის შთამბეჭდავმა გამარჯვებამ ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტი მნიშვნელოვნად შეცვალა. კონსერვატულმა პარტიამ ხმების 40% და 308-ადგილიან პარლამენტში 167 მანდატი მიიღო. 23 წლის შემდეგ პირველად, კანადის საპარლამენტო უმრავლესობაში ლიბერალური პარტია არ არის. 

სოციალისტური ორიენტაციის ახალმა დემოკრატებმა ხმების 31% აიღეს. მათ შეძლეს პარლამენტში 102 მანდატის მოპოვება და მთავარ ოპოზიციურ პარტიად იქცნენ. 
 
მაშინ როცა ჰარვარდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების პროფესორი და ადამიანის უფლებათა აქტივისტი იგნატიეფი თითქმის 30-
წლიანი განშორების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და არჩევნებზე ლიბერალების მარცხის შემდეგ 2009 წლიდან სათავეში ჩაუდგა პარტიას, მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. ბევრის აზრით, იგნატიეფი კანადელი ობამა იქნებოდა და მემარცხენე პოლიტიკის პოპულარობის ზრდას პიროვნული ქარიზმის წყალობით მოახერხებდა. 
 
არჩევნებმა ლიბერალებს მწარე იმედგაცრუება მოუტანა. ამომრჩეველმა იგნატიეფში ძალაუფლების ხელში ჩაგდების იმედით ჩამოსული ხალხს მოწყვეტილი ჰარვარდელი ელიტისტი დაინახა. ლიბერალურმა პარტიამ, რომელიც XX საუკუნეში 69 წლის განმავლობაში მართავდა კანადას, სრული კრახი განიცადა. იგი ხმათა 19%-ითა და 33 მანდატით მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა.
კიდევ უფრო გააუარესა შედეგი კვებეკის სეპარატისტულმა ბლოკმა – ხმათა მხოლოდ 6% აიღო და წინა მოწვევის პარლამენტზე 10-ჯერ ნაკლები მანდატის მოპოვება შეძლო. მწვანეთა პარტიამ ხმების 4% მოაგროვა და პირველად შეძლო თემთა პალატაში 1 მანდატის მოპოვება. 
 
კონსერვატორებმა წარმატებას ძირითადად დასავლეთში მიაღწიეს, მემარცხენე პარტიებმა კი – აღმოსავლეთში. ახალმა დემოკრატებმა მემარცხენეთა ხმები ბევრ საარჩევნო ოლქში „გახლიჩეს”. ამით მათ, თავისდაუნებურად, კონსერვატორების წარმატებას შეუწყვეს ხელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს ონტარიოში იყო, რომელიც ტრადიციულად ლიბერალების ბასტიონს წარმოადგენდა. 
 
1965 წლიდან, ინგლისურენოვანი ლიდერის პარტიამ ფრანგულენოვანი ლიდერის პარტიაზე მეტი ხმა კვებეკში მხოლოდ ერთხელ მიიღო.
ამ არჩევნებზე სამივე ფედერალურმა პარტიამ კვებეკის ბლოკზე მეტი ხმა მოაგროვა. კვებეკის ბლოკის დაკნინება, შესაძლოა, 1967 წელს მონრეალში სტუმრობისას, შარლ დე გოლის მიერ წამოსროლილი ლოზუნგით vive le Quebec libre (გაუმარჯოს თავისუფალ კვებეკს) ინსპირირებული სეპარატისტული განწყობების მინავლების ნიშანი იყოს. შედარებით ღარიბი ფრანგულენოვანი პროვინციის მოსახლეობის უმეტესობამ, რომლებიც დანარჩენ კანადელებზე უფრო მეტად მემარცხენე ორიენტაციის არიან, ხმა ახალ დემოკრატებს მისცა. ახალი დემოკრატების საპარლამენტო დეპუტაციის ნახევარზე მეტი კვებეკიდან არის არჩეული.  
 
ლიბერალური პარტიის ლიდერმა მაიკლ იგნატიეფმა და კვებეკის ბლოკის ლიდერმა ჟილ დიუსეპმა არჩევნები საკუთარ ოლქშიც წააგეს. მალე ორივე პარტიას ახალი ლიდერი ეყოლება.
 
1960-იანი წლების შემდეგ გამართული 13 არჩევნებიდან, 10 ლიბერალურმა პარტიამ მოიგო. მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს პრიორიტეტად კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნა იქცა, შედეგად, 1963-დან 1993 წლამდე ხარჯვა მშპ-ს 29%-დან 50%-მდე გაიზარდა. აშშ-ში იმავე პერიოდში სახელმწიფო ხარჯვამ მხოლოდ 6%-ით მოიმატა და მშპ-ს 34% შეადგინა. კანადელმა ლიბერალებმა საჯარო პენსიების ფონდი და სოციალიზებული ჯანდაცვა შექმნეს, მხარს უჭერდნენ სავაჭრო ტარიფებსა და რეგიონული გათანაბრების პოლიტიკას.
 
ისტორიულად, ლიბერალების წარმატების სოციალური საფუძველი ფართო კოალიცია იყო, სადაც შედიოდნენ სტუდენტები და პროფესორები, მსხვილი ბიზნესი და პროფკავშირები, ძველი ელიტა და ახალი იმიგრანტები. განსხვავებული ფენების კავშირს სუბსიდიები, გრანტები და სახელმწიფო პროგრამები უზრუნველყოფდა, რაც, თავის მხრივ, მაღალ გადასახადებსა და საბიუჯეტო დეფიციტს ეფუძნებოდა.
 
1990-იანი წლებიდან კანადა ეკონომიკური ლიბერალიზაციის გზას ადგას. პროგრესულმა კონსერვატორმა პრემიერ-მინისტრმა ბრაიან მალრუნიმ 1993 წელს აშშ-სთან და მექსიკასთან ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება დადო. ამან სახელმწიფოს ხარჯების შემცირების დამატებითი სტიმული გააჩინა.
 
ლიბერალები 1993, 1997 და 2000 წელსაც მოხვდნენ უმრავლესობაში, თუმცა მათი პოპულარობა იკლებს. ისინი პოზიციას რამდენიმე ურბანულ რეგიონში და ატლანტიკურ კანადაში ინარჩუნებენ. ნაკლებ მდიდარი კვებეკი მემარცხენე-ცენტრისტი ლიბერალების ნაცვლად, მკვეთრად მემარცხენე პარტიებს უჭერს მხარს. 
 
ლიბერალებისადმი მხარდაჭერის შემცირება, კანადაში ევროპული ტიპის კონსენსუსის პოლიტიკის ამერიკული, უფრო პოლარიზებული და იდეოლოგიზებული ხასიათის პოლიტიკით ჩანაცვლებასთან არის დაკავშირებული. პირველ ორ ადგილზე გასულ პარტიებს შორის იდეოლოგიური უფსკრულია. 
 
ლიბერალების ტრადიციულმა ამომრჩეველმა – იმიგრანტებმა და დაბალმა ფენამ –კონსერვატორებს მისცა ხმა, ხოლო საშუალო კლასი და უმაღლესი განათლების მქონე კანადელები ახალ დემოკრატიულ პარტიას უჭერს მხარს. ზოგი ლიბერალი ახალ დემოკრატებთან შერწყმის მომხრეა, სხვები კი მიიჩნევენ, რომ კანადას კვლავაც სჭირდება დამოუკიდებელი ცენტრისტული პარტია და გაერთიანების წინააღმდეგი არიან. 
 
ახალი დემოკრატიული პარტია მკვეთრად მემარცხენეა. იგი მხარს უჭერს საზოგადოებრივი საკუთრების გაფართოებას, გარემოზე ზრუნვისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფის მიზნით ეკონომიკაზე სახელმწიფო კონტროლის გაზრდას.  
ახალი დემოკრატების პოპულარობის მთავარ მიზეზად ტრადიციული მემარცხენე პარტიების – ლიბერალებისა და კვებეკის ბლოკის მიმართ ამომრჩევლის პროტესტს მიიჩნევენ. 
 
მემარცხენე ფლანგის განახლება გარკვეულწილად წააგავს იმ ტრანსფორმაციას, რომელიც მემარჯვენე ბანაკმა განიცადა და რომელიც 2003 წელს ახლანდელი კონსერვატიული პარტიის შექმნით დასრულდა. მაშინ ერთმანეთს შეერწყნენ ისტორიული – პროგრესული კონსერვატიული და ახალი – რეფორმების პარტია/კანადური ალიანსი. ამ გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბებული პარტია წინამორბედზე ბევრად უფრო მემარჯვენე პოზიციებზე დგას. 
 
კონსერვატორულმა პარტიამ უკვე ზედიზედ მესამედ მოიგო არჩევნები, მაგრამ აქამდე უმრავლესობა არასდროს ჰყოლია. ბოლო 5 წლის განმავლობაში პრემიერმა ჰარპერმა შეძლო, მსუბუქი ბიძგებით მემარცხენე-ცენტრისტული სიმპათიების მქონე ქვეყანა მემარჯვენე მიმართულებით წარემართა. მისი საარჩევნო პროგრამა დაბალ გადასახადებს, ძლიერ თავდაცვას და კრიმინალების უფრო მკაცრად დასჯას ითვალისწინებდა. 
 
მიუხედავად იმისა, რომ კანადამ ეკონომიკური კრიზისი შედარებით ადვილად გადაიტანა, როგორც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს პარტნიორს, კრიზისი ნაწილობრივ მაინც შეეხო. კონსერვატორების პოლიტიკა – დაბალი გადასახადები და მინერალური წიაღისეულის და ნავთობის მოპოვება – ამომრჩევლის აზრით, ეკონომიკისთვის სასარგებლო იქნება. ჰარპერი კანადელებს დაჰპირდა, რომ გადასახადების გაზრდის გარეშე ბიუჯეტს 2014-2015 წლებისთვის დააბალანსებს. 
 
2012 წლისთვის ჰარპერი კორპორატიული მოგების გადასახადის განაკვეთის 15%-მდე შემცირებას გეგმავს. მაშინ როცა ამერიკაში ანალოგიური გადასახადი 35%-ია, ეს კანადას მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს. შარშან მისი ეკონომიკა 3.3%-ით გაიზარდა, მაშინ როცა შეერთებულ შტატებში – 2.9%-ით. 
 
არჩევნების დროს ჰარპერი არწმუნებდა კანადელებს, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში ქვეყანას მტკიცე საპარლამენტო უმრავლესობა და თანმიმდევრული პოლიტიკა სჭირდება. თუკი აქამდე ზომიერებამ და სიფრთხილემ კონსერვატორებს წარმატება მოუტანა, ახლა ეს მათთვის პრობლემა შეიძლება გახდეს – ტორებს უკვე სრული უმრავლესობა აქვთ და ამომრჩევლის წინაშე პასუხსაც ერთპიროვნულად აგებენ.

კომენტარები