ცვლილება სა­ქარ­თვე­ლოს პრესის თა­ვი­სუფ­ლე­ბის რეიტინგში

საქართველოს პრესის თავისუფლების მაჩვენებელი გაუმჯობესდა. Freedom House-ის 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანას 55 ქულა აქვს და სიაში 118-ეა. წინა მონაცემებით, საქართველო, 59 ქულით, 126-ე ადგილს იკავებდა. ორგანიზაცია ამას პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებით ხსნის, რის შედეგადაც ჟურნალისტების სამართლებრივმა და ფიზიკურმა შევიწროვებამ იკლო. ანგარიშის მიხედვით, 2010 წელს ოფიციალური პირების მხრიდან ცენზურის უფრო ცოტა შემთხვევა იყო, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი მოვლენები უფრო დაბალანსებულად გააშუქა. მაჩვენებლის გაუმჯობესების მიუხედავად, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალთა კატეგორიაშია.

Freedom House-ი ბეჭდური, სამაუწყებლო და ონლაინმედიის თავისუფლებას მსოფლიოს გარშემო ყოველწლიურად იკვლევს. კრიტერიუმი ის სამი გარემოა, რომლის ფარგლებშიც მედია საქმიანობს – სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური. რეიტინგს განსაზღვარავს როგორც მთავრობის ქმედებები და პოლიტიკა, ასევე თავად მედიის წარმომადგენელთა ქცევა და მედიაზე სხვა არასახელმწიფო აქტორების გავლენა.  ქვეყნებს 0-100 ქულამდე შკალაზე აფასებენ. ქულების მიხედვით ენიჭებათ სტატუსი – თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი და არათავისუფალი. ბოლო ანგარიშის მიხედვით, 196 ქვეყანას შორის მედია ყველაზე თავისუფალი ფინეთში, ნორვეგიასა და შვედეთშია. ყველაზე მძიმე მდგომარეობა კი – ბელარუსში, ბურმასა და ერიტრეაში. მათ მცირედით უსწრებს კუბა და ირანი. საერთო ჯამში, 68 ქვეყანაა თავისუფალი, 65 ნაწილობრივ თავისუფალი, ხოლო 63 – არათავისუფალი. 2009 წელთან შედარებით, ბალანსი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
 
Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 15 პროცენტი, ექვსიდან ერთი ადამიანი, ცხოვრობს ისეთ ქვეყნებში, სადაც მედია თავისუფალია. 2010 წელს იმ ადამიანების რაოდენობა, რომელსაც თავისუფალ მედიაზე აქვს მისაწვდომობა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დავიდა. რეპრესიულმა მთავრობებმა გააძლიერეს ტრადიციული მედიის კონტროლი და განავითარეს ახალი სტრატეგიები, რომლის მეშვეობითაც ონლაინმედიის შეზღუდვა დაიწყეს. იმ ქვეყნებს შორის, სადაც მედიის მდგომარეობა გაუარესდა, გამოირჩევიან ეგვიპტე, ჰონდურასი, უნგრეთი, მექსიკა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და უკრაინა. 
 
2010 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა; ავტორიტარული რეჟიმები მედიის შესაზღუდად ლიცენზირებასა და სხვა მარეგულირებელ მექანიზმებს იყენებდნენ. ამის მაგალითად, ანგარიშში რუსეთისა და ვენესუელის მთავრობებია მოყვანილი. რეჟიმებმა ინტერნეტზე და ახალი ამბების გამავრცელებელ სხვა ახალ საშუალებებზე კონტროლი გააძლიერეს. ირანსა და ეგვიპტეში სატელიტური სატელევიზიო გადამცემები დაბლოკეს. ხოლო პაკისტანში Facebook-ი გათიშეს. ქსელი დღემდე მიუწვდომელია ჩინეთის, სირიისა და ვიეტნამის მოსახლეობისთვის. გაიზარდა მედიაზე არასახელმწიფო ძალების ზეწოლა,  მაგალითად, მექსიკაში ამ მხრივ დიდი გავლენა აქვთ ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფებს. 
 
2010 წელს მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობამ და ამ ტიპის დანაშაულების დაუსჯელობამაც იმატა. ამ მხრივ ჰონდურასი, ინდონეზია, ერაყი, მექსიკა და პაკისტანი გამოირჩევიან. მედიის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე დემოკრატიულ ქვეყნებშიც – ინდოეთში, იტალიაში, ისრაელსა და სამხრეთ აფრიკაში – პრობლემურია. აქ ხაზგასმულია უნგრეთის ახალი მედიაკანონიც, რომელიც მედიაზე კონტროლს ამკაცრებს.
 
მედიის თავისუფლების მაჩვენებელი 2005 წლიდან უარესდება. უარყოფითი ტენდენცია ყველა რეგიონს ეხება. ბოლო 5 წლის განმავლობაში მდგომარეობა განსაკუთრებით ლათინურ ამერიკაში გაფუჭდა, ასევე ცენტრალურ, აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში. ამ რეგიონში, სადაც საქართველოც ექცევა, 2009 წელთან შედარებით საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. თუმცა აღსანიშნავია, რომ საგრძნობლად – 10 ქულით – გაუმჯობესდა მოლდოვის მაჩვენებელი. წინსვლა, საქართველოსთან ერთად, ყირგიზეთშიც აღინიშნება. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კი მდგომარეობა გაუარესდა. 
 

კომენტარები