სინგაპურის არჩევნები: მმართველი პარტიის ტრადიციული გამარჯვება

სინგაპურის 7 მაისის არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ლი სიან ლუნის მმართველი სახალხო მოქმედების პარტიის (PAP) კვლავაც დიდი უპირატესობით გამარჯვებას ელოდებიან. 2006 წლის არჩევნებში პარტიამ მოსახლეობის 67%-იანი მხარდაჭერით, 84 ადგილიდან 82 მოიპოვა. დღეს კი, წინასწარი გამოკითხვებით, 60%-იან გამარჯვებას ვარაუდობენ.

მიუხედავად ამისა, საარჩევნო კამპანია ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე კონკურენტულად მიიჩნიეს. ოპოზიციური ძალებისთვის (მუშათა პარტია, ეროვნული სოლიდარობის პარტია, სინგაპურის დემოკრატიული პარტია, რეფორმის პარტია, სინგაპურის სახალხო პარტია) მთავარი წარმატება მიღწეული შეთანხმებაა – მათ კანდიდატები ყველა საარჩევნო ოლქში კოლექტიურად  წარმოადგინეს. 
 
PAP-ის დომინანტობას საარჩევნო სისტემაც განაპირობებს. ჯგუფური წარმომადგენლობით უბნებში (GRC) ამომრჩეველი ხმას კანდიდატების მაგივრად,
 
პოლიტიკურ გაერთიანებას აძლევს. პარტიას, რომელიც სხვებზე მეტ ხმას იღებს, ოლქში არსებულ ყველა მანდატი მიაქვს. ოპოზიცია ძირითადად მხოლოდ 12 ერთწევრიან ოლქში გამარჯვებისთვის იბრძვის. მთავრობამ მომავალ პარლამენტში არაარჩევითი წევრების რიცხვი ცხრამდე გაზარდა. ამ ცვლილების მეშვეობით წარუმატებელ ოპოზიციურ ძალებს პარლამენტში შესვლა შეუძლიათ. თუმცა, მათ საკონსტიტუციო და ფინანსურ კანონმდებლობაზე მხოლოდ სათათბირო ხმის უფლება აქვთ. 
 
პოლიტიკურ უსამართლობასთან ერთად, მოსახლეობას ინფლაცია (4%), გაზრდილი ფასები და იმიგრაცია აწუხებს. შრომითი მიგრანტები მოსახლეობის მესამედს წარმოადგენენ. მათი ინტეგრაციისა და ადგილობრივთა იდენტობის დაცვის პრობლემა აქტუალურია. 
 
თუმცა, ქვეყანაში ცვლილებებისადმი დიდი ინტერესი არ იგრძნობა. ეს სინგაპურის განვითარების დონითაა გამოწვეული. იგი ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა – მშპ 182, 23 მილიარდი დოლარი. აქ სიღარიბის დონე რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან შედარებით დაბალია. ფინანსური კრიზისის მიუხედავად, სინგაპურის ეკონომიკამ 2010 წელს 14,7%-იანი ზრდა აჩვენა. Heritage Foundation-ის 2011 წლის მონაცემების მიხედვით, მისი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 87,2-ია და მეორე ადგილს იკავებს. Transparency International-მა კი სინგაპური 9,3 მაჩვენებლით, კორუფციისგან თავისუფალ ქვეყნად დაასახელა. 
 
თუმცა, ქვეყანა პოლიტიკური თავისუფლების ნაკლებობის გამო კრიტიკას იმსახურებს. Freedom House-ი მას „ნაწილობრივ თავისუფალ” კატეგორიაში ახვედრებს. 
 
მთავრობას არჩევნების შედეგები სტრატეგიის შეცვლისკენ უბიძგებს. თუმცა, PAP საარჩევნო კამპანიის დროს, კვლავაც პოპულისტური დაპირებებით შემოიფარგლა – მეტი სამუშაო, ინვესტიციების ჩადება განათლებაში, ინფრასტრუქტურაში, მკაცრი რეგულაციები იმიგრანტებისთვის. 
 

კომენტარები