კანტერა და კარტერა

ტრადიციაა, რომ რეალი ფეხბურთს თამაშობს, იტალიაში ფეხბურთს არ გათამაშებენ და ბარსელონაში ფეხბურთით გეფერებიან. ბარსელონაში ფეხბურთი უფრო ვივალდია, ვიდრე – ვაგნერი. ბარსელონაში ფეხბურთი ჯიმი პეიჯია. პეიჯი რიფს ეფერებოდა, სითბოს აძლევდა, ძილის წინ სიყვარულს უხსნიდა. სხვები რიფის გაცნობას არ ცდილობდნენ. ბარსელონაში მესი დაინახეს, რეალში რაული დაავიწყდათ. ბარსელონაში რომარიო ხატავდა. რეალში სამი ხედირა სკალპელით დარბის. რეალში ამ საუკუნეში, ნიჭიერი ვარსკვლავების ტრანსფერებზე 1.42 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ბარსელონაში სატრანსფერო ამბები  მილიარდზე ნაკლების დახარჯვით მოაგვარეს. სატრანსფერო შეცდომები ბარსელონაშიც იყო. რეალში შეცდომებს უფრო მეტის დახარჯვით ფარავდნენ. 

ჩემპიონთა ლიგის გასავარდნი ეტაპის მეორე ფაზაზე ბარსელონა შახტარს გაესაუბრა. სხვებთან უფრო საინტერესო დიალოგი გამოვიდოდა, მაგრამ სხვებმა ბარსელონას სხვები არ შეახვედრეს. ინტერს ჩუპა-ჩუპსი შალკემ წაართვა, ჩელსი ინგლისურ გარჩევებში მიტყიპეს. არ შეახვედრეს ბარსელონა ტოტენჰემსაც. გარეტ ბეილის ბანდასთან გასაუბრება ტერი ვენეიბლზის, გარი ლინეკერის, სტივ არჩიბალდის მოგონებების მარანს გახსნიდა. კარგი, ლამაზი მოგონებები წამოვიდოდა. არ გამოვიდა ეს და გამოვიდა დმიტრო ჩიგრინსკისთან კიდევ ერთი შეხვედრა. 
 

ფოტო: REUTERS ©
დმიტრო ჩიგრინსკი
ორი წლის წინ ბარსელონამ ნიჭიერ, მოვიდიჩო დამცველში 25 მილიონი ევრო გადაუხადა შახტარს. ჩიგრინსკი ბარსელონადან დონეცკში 15 მილიონ ევროდ დაბრუნდა. პოტენციურად, ვიდიჩზე უკეთესი ვიდიჩი ისევ ჩიგრინსკი გახდა. ბარსელონა დმიტროს გუნდთან ახალი ბუგატი იყო. შახტარი იმ ტაქსში იჯდა, ბობი დე ნირომ ტაქსისტის გადასაღებ მოედანზე რომ დაამტვრია. ბარსელონა მშვიდად გავიდა რეალზე. 
 
ჩიგრინსკი ბარსელონაში 851 უინტერესო, უმოტივაციო, გახუნებულ წუთს გაიხსენებს. კატალონიური ჰოლივუდის ახალი პრეზიდენტი, სანდრო როსელი ჩიგრინსკის გვარს ვერ იმახსოვრებს. პეპ გვარდიოლასთან შეხვედრის შემდეგ დმიტრო გუნდიდან გაუშვეს. ბიჭს კარლეს პუიოლის და ხერარდ პიკეს ჩაჩოჩება გაუჭირდა. ამ ორის ჩაჩოჩება ყველას უჭირს. ჩიგრინსკიზე ბარსელონამ შახტარს ორჯერ მოახსნევინა ჯეკპოტი. პირველად, როდესაც კარგი მცველი ძალიან კარგი მცველის ფასად იყიდა და მეორედ, როდესაც ცუდ მცველში შახტარს (პროცესში) 10 მილიონი ევრო გააკეთებინა. ბარსელონამ წააგო, ბარსელონამ მოიგო, შახტარმა ორჯერ მოიგო და ერთხელ 1:5 წააგო. ჩიგრინსკიმ ვერ გაიგო, მოიგო თუ წააგო. მთელი ეს ამბავი ერთი დიდი გაუგებრობა იყო. 
ბარსელონა არის კანტერა, ანუ ნიჭიერი ონავრების აკადემია.
 
რეალი არის კარტერა, ანუ საფულე. კარტერაში ბევრი მილიონი ევროა და მადრიდში სულ გაპიარებული, შემდგარი, რეალური ტერორისტები ჩადიან – რონალდო, კაკა, ზიდანი, ფიგუ,  ოუენი, ბექემი, რობერტო კარლოსი, კრიშტიანუ. მადრიდამდე ეს ხალხი სხვაგან ნაკლებს იღებდა და ოქროს ბურთს იგებდა. ნოემბერში გვარდიოლას ქანთრი-ბენდმა რეალის ალტერნატიული როკი გადაფარა. ნოემბრის ბარსელონას სასტარტო რუსტერი 92 მილიონი ევრო ღირდა. რეალის პირველი 11 კაცი – 285 მილიონი ევრო. 
გვარდიოლა ბარსელონაში სამი წლის წინ დანიშნეს რეჟისორად. გვარდიოლამ ბოსებს ახალ ხალხზე 276 მილიონი ევრო გაასროლინა. პეპის ტრანსფერებიდან ყველამ ვერ გაამართლა. 
 
ბარსელონამ დასვა ბონუსი დანი ალვეშში 36 მილიონი ევროს გადარიცხვით. დღეს ეს ბიჭი გვარდიოლას რობერტო კარლოსია და ანჟის ახალ ლიდერზე სოლიდურია დაცვაში.
 
დავიდ ვილიაში კლუბმა 40 მილიონი გაუშვა. დავიდ ვილია მეტი ღირს და ბარსელონაში ნაკლებს აკეთებს.
 
იბრაჰიმ აფელაი სამოთხეში 3.5 მილიონად გამოიქცა და აზრზე მოდის. მალე ფეხბურთის თამაშსაც დაიწყებს. 
 
ფოტო:REUTERS ©
იბრაჰიმ აფელაი
ხავიერ მასკერანოს 22 მილიონად გაფორმება უფრო გაუგებარია, ვიდრე რასელ ქროუს გაუგებარი ოსკარი მაქსიმუსისთვის. ქროუს ჯონ ნეში იყო შედევრი, ჯეფრი უიგანდი მაქსიმუსზე ღრმა და დამსახურებული, მაგრამ რასელს უემოციო გლადიატორისთვის აჩუქეს პრიზი.
ადრიანო 9.5 მილიონი დაჯდა და ჯერ  სკამზე ზის. 
 
სეიდუ კეიტა 14 მილიონში ჩაჯდა და მაქსველში გვარდიოლას 4.5 მილიონი მართლა უნდა გადაეხადა. 4 მილიონს ერთ სეზონში იუვენტუსის ახალი იმედი, ბრიფინგებზე ელეგანტური და ფეხბურთში ერთუჯრედიანი სენიორ ბონუჩი იღებს. მაქსველი ბონუჩიზე რეალურია. 
ენრიკე მოდის გუნდში 8 მილიონად და უთამაშებელს სანტანდერში აგზავნიან. 
 
ალექსანდრ ჰლები ბირმინგემს ათხოვეს. ბარსელონამ ბელარუს რობერტო ბაჯოს ავიაბილეთში 16 მილიონი გადაიხადა და ბიგ ბენის მიმდებარე ტერიტორიის დასათვალიერებლად ბორანით გაისტუმრა. ჰლები მეტს არ იმსახურებდა.
 
კეირისონში გვარდიოლამ ბევრი დაინახა, უფრო ბევრი (14 მილიონი) დახარჯა და ცოტა მიიღო. კეირისონი ბოლო 18 თვეში მესამედ გაანათხოვრეს. მომთაბარე კაცუნა ვერ ჩამოყალიბდა, ფეხბურთის თამაში ფეხებით უფრო სიამოვნებს თუ  ჯოისტიკით.
მარტინ კასერესი – 16.5 მილიონი. მარტინ კასერესი  არ თამაშობს. 
 
სემი ეტო’ოს სიტუაცია უფრო ამ სიტუაციის მოგვარების აუცილებლობა იყო, ვიდრე – კლუბის სურვილი.
 
ფოტო: REUTERS ©
ზლატან იბრაჰიმოვიჩი
ეტო’ო ბარსელონაში ერთობოდა. სამუელი პოპულარული პერსონაჟი გახდა და არ აეწყო ურთიერთობა ბოსებთან და გვარდიოლასთან. ეტო’ომ ხუთ სეზონში ბარსელონას კომპაქტურ და ტევად ყულაბაში 200 მატჩი და 130 გოლი ჩაუშვა. ეტო’ო გახდა არაპოპულარული და პოპულარულ ზლატან იბრაჰიმოვიჩში გაცვალეს. კამერუნელის ახალ კლუბს, ინტერს 49.5 მილიონი ევროც მისცეს. მორალური კომპენსაციისთვის. 
 
შვედი ჩემბერლენი უკვე მილანშია და ზაფხულში, ტრანსფერის ფინანსური დეტალების დასრულების შემდეგ, ბარსელონა იბრაჰიმოვიჩში 24 მილიონ ევროს მიიღებს. ეტო’ოს არშემდგარ შემცვლელში კლუბმა 69.5 მილიონი გადაიხადა. 
 
ანუ ბარსას საკუთარის აღზრდა უფრო გამოსდის, ვიდრე სხვების აღზრდილების კარგად შერჩევა და ვაჭრობა. კარტერაში კი, სადაც ფული არასდროს თავდება დევიდ ბექემის მაისურების ბიზნესიდან მოყოლებული, სატრანსფერო პოლიტიკა შოუბიზნესი გახდა. იქ ყიდულობენ ბევრ ვარსკვლავს და აქედან ნახევარმაც რომ გაამართლოს, ფინანსური მოგება მზადაა. მადრიდში დიდი ფსონებია. იქ უზარმაზარი ფული ტრიალებს. და იქ ხედირა სკალპელით დარბის. 

კომენტარები