დედამიწის დღე

ხელები შორს პაჩამამასგან

22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება და ამით ადამიანები პლანეტისადმი მადლიერებას გამოხატავენ. საინტერესოა, რომ ამ დღის აღნიშვნასთან ერთად, ლათინური ამერიკის ზოგიერთი ქვეყანა დედამიწის გაპიროვნების ინიციატივით გამოდის. ახლახან ბოლივიამ გაეროს საერთაშორისო კონვენციის პროექტი წარუდგინა, რომელიც ჩვენი პლანეტის ცოცხალ არსებად აღიარებას და მისთვის ადამიანთან გათანაბრებული უფლებების მინიჭებას მოითხოვს. 

ბოლივიურ ინიციატივაზე გავლენა ადგილობრივი ანდური ტომების მსოფლმხედველობამ იქონია. ისინი დედამიწის ღმერთს – პაჩამამას ცხოვრების ცენტრად აღიარებენ, ეს უკანასკნელი კონვენციის პროექტის ტექსტშიც მოხვდა – “ის (პაჩამამა, დედამიწა) წმინდა და ცხოვრების მთავარი წყაროა, რომელიც კვებავს და ზრუნავს მის საშოში არსებულ ყველა ცოცხალ ორგანიზმზე. ის მუდმივ ბალანსში, ჰარმონიასა და კავშირშია კოსმოსთან და შედგება ყველა ეკოსისტემისგან და ცოცხალი ორგანიზმებისგან”. 

დედამიწის უფლებადაცვით საქმეში ბოლივიას რეგიონის სხვა ქვეყნებიც აყვნენ – მაგალითად, ეკვადორი. 2008 წელს ამ ორმა ქვეყანამ საკუთარი კონსტიტუციების პირველ მუხლში ადამიანთა უფლებებთან ერთად, დედამიწის 11 უფლებაც განმარტა. მათ შორისაა პლანეტის ცხოვრებისა და არსებობის, სასიცოცხლო ციკლების და პროცესების ადამიანისგან ჩაურევლად გაგრძელების, ბალანსის, სუფთა ჰაერისა და წყლის უფლება. ასევე, დედამიწას უფლება აქვს, არ იყოს დაბინძურებული ან შეცვლილი ადამიანის მიერ აგებული კონსტრუქციებით. 
 
პარალელურად, ლათინურ ამერიკაში ცხოველთა და მცენარეთა უფლებადაცვითი საქმიანობაც აქტიურად მიმდინარეობს. აქტივისტები თვლიან, რომ ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის აკრძალვა საკმარისი არ არის და მათთვის ადამიანის ტოლი უფლებების მინიჭებას მოითხოვენ. 
 
ისინი აცხადებენ, რომ ადამიანებისა და ცხოველების მსგავსება, ორივეს შესაძლებლობა იგრძნონ ტკივილი და სიამოვნება – თანაბარ არსებებად აქცევს მათ. იდეის მომხრეები ცხოველთათვის უფლებების მინიჭების დაბრკოლებას, სახელმწიფო მჩაგვრელ სისტემას აბრალებენ: სახელმწიფოები ხომ
აქამდე ქალებისთვის, ჰომოსექსუალებისთვის და ზოგიერთი რასისთვის თანაბარი უფლებების მინიჭებაზეც უარს ამბობდნენო.
 
იდეის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ცხოველებს არ აქვთ სოციალური კონტაქტის ან მორალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი. შესაბამისად, მათ უფლებები ვერ ექნებათ. კონსერვატორი ფილოსოფოსი როჯერ სკრუტონი წერს, რომ მხოლოდ ადამიანებს გააჩნიათ მოვალეობები და, შესაბამისად, უფლებებიც მხოლოდ მათ უნდა ჰქონდეთ.
 
ცხოველებთან და მცენარეებთან გაიგივება ადამიანს გამორჩეულობას უკარგავს. მისი სიცოცხლის მნიშვნელობა დასავლური საზოგადოების ფუნდამენტს წარმოადგენს. მსგავსმა მიდგომამ, ბუნებისთვის უფლებების მინიჭების ნაცვლად, ადამიანების უფლებების გაუფასურება და დაკარგვაც კი შეიძლება გამოიწვიოს.
 
თუ ცხოველებს ადამიანების ტოლ უფლებებს მივანიჭებთ, მათი საკვებად გამოყენება გენოციდის ტოლფას დანაშაულად ჩაითვლება. ცხოველთა წამება თითქმის ყველა ქვეყანაში აკრძალულია – გართობის ან რაიმე სხვა არასაჭირო მიზნისთვის, ტკივილისა და ზიანის მიყენებას კრძალავს. ეს კანონი ცხოველების საკვებად ან ტანისამოსად გამოყენების შემთხვევებს არ ზღუდავს – ხსენებული მოთხოვნა კი ამასაც კრძალავს. ცხოველთა გათავისუფლების მომხრეები, იგივე აბოლიციონისტები, სწორედ ასეთი უფლებების მინიჭებას მოითხოვენ. მათ იდეოლოგიურ საფუძველს ვეგანიზმი, ცხოველური წარმოშობის ნებისმიერი საკვების აკრძალვის მომხრე იდეოლოგია წარმოადგენს.   
 
მსგავსი პრეცედენტები ევროპაშიც მრავლადაა. ესპანეთში სოციალისტები და მწვანეები აქტიურობენ. ისინი ადამიანის მსგავსი მაიმუნებისთვის სიცოცხლისა და თავისუფლების უფლების მინიჭებას ითხოვენ. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ავსტრიიდან მიიღო საქმე, რომელიც შიმპანზეების ლეგალურ პიროვნებებად აღიარებას მოითხოვდა. შვეიცარიამ კი კონსტიტუციურად აღიარა ცოცხალი ორგანიზმების ღირსების უფლება – ამას საფუძვლად ადამიანებსა და მცენარეებს შორის მოლეკულურ და უჯრედულ დონეზე არსებული მსგავსება დაუდო. ეს მაშინ, როცა შვეიცარიის ზოგიერთ კანტონში, ქალებმა ხმის მიცემის უფლება მხოლოდ 1990-იან წლებში მოიპოვეს.
 
ევროპაში ასეთი რადიკალური ინიციატივების ავტორები მწვანეთა მოძრაობის ფუნდამენტალისტური ფრთის წარმომადგენლები, ე.წ. ფუნდები არიან. მათი აზრით, დაბინძურებისა და სოციალური უთანასწორობის მთავარი გამომწვევი, ეკონომიკური განვითარება და მომხმარებლური საზოგადოების მატერიალისტული ფასეულობებია. ეკოლოგიური აპოკალიფსის თავიდან ასაცილებლად საზოგადოება მწვანე ასკეტიზმის გზას უნდა დაადგეს – უარი თქვას მოხმარებასა და ეკონომიკურ ზრდაზე. ფუნდები საზოგადოებას სამუშაოს განაწილებასა და საკუთარ მანქანებზე, კონდიცირების სისტემაზე, სარეცხ საშუალებებზე და თანამედროვე ტექნოლოგიების სხვა მიღწევებზე უარის თქმას სთავაზობენ. სანაცვლოდ კი საზოგადოება მეტ დროს მუსიკას, ხელოვნებასა და ოჯახს  დაუთმობს. 
 
ბარაკ ობამას მრჩეველი მეცნიერების საკითხში, ჯონ ჰოლდრენიც ამ იდეის მომხრეა. წიგნში „ადამიანის ეკოლოგია” ის წერს: „ზრდის შეჩერება მნიშვნელოვანი გამოწვევაა ეკონომისტებისთვის, მათ უნდა შექმნან ისეთი ეკონომიკა, რომელშიც მომხმარებელი ნაკლებ პროდუქტს მოიხმარს და ამასთანავე რესურსები თანაბრად განაწილდება”. 
 
ჰოლდრენი მხარს უჭერს დე-დეველოპმენტს (უკუგანვითარება) და აღნიშნავს: „დე-დეველოპმენტი ნიშნავს ჩვენი ეკონომიკური სისტემის (განსაკუთრებით კი მოხმარების) ეკოლოგიურ რეალობასთან და რესურსების გლობალურ სიტუაციასთან შეთავსებას”. ეს თეორია მოხმარების მნიშვნელოვან შემცირებას ქადაგებს და თავისუფალი ბაზრის იდეას უპირისპირდება. მსგავსი იდეების გავლენით, მწვანეები აშშ-ში მადლიერების დღის შემდეგ პარასკევს „არაფრის ყიდვის” დღეს აღნიშნავენ.
 
განვითარების შეჩერების იდეა განსაკუთრებით აქტუალური 90-იან წლებში გახდა.1997 წელს მიღებულ კიოტოს პროტოკოლს სამრეწველო გამონაბოლქვზე ლიმიტები უნდა დაეწესებინა. აშშ-ის კონგრესმა უარი თქვა მის რატიფიკაციაზე, ვინაიდან მრეწველობის მკაცრი რეგულირება ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის ფასს მნიშვნელოვნად გააძვირებდა – ამერიკული საწარმოები კონკურენტულ უპირატესობას დაკარგავდნენ და უმუშევრობაც გაიზრდებოდა. 
 
2010 წელს კლიმატის ცვლილების შესახებ გამართულ კოპენჰაგენის კონფერენციაზე, გადაწყვეტილების მიღება ახლა უკვე განვითარებადმა ქვეყნებმა დაბლოკეს. ჩინეთმა, ინდოეთმა, ბრაზილიამ და სამხრეთ აფრიკამ საკუთარი ინდუსტრიების რეგულაციაზე უარი განაცხადეს. მათთვის პრიორიტეტი ეკონომიკური განვითარება, მოსახლეობის დასაქმება და სიღარიბესთან ბრძოლაა, ხოლო გარემოს დაცვას ფუფუნებად განიხილავენ. 
 
განვითარებადი ქვეყნები ამტკიცებენ, რომ რაკიღა განვითარებულმა ქვეყნებმა კეთილდღეობის არსებულ დონეს გამონაბოლქვის შემზღუდავი რეგულაციების გარეშე მიაღწიეს, ახლა მათ მიერ ღარიბი ქვეყნებისგან გარემოს დაცვის მოთხოვნა, ორმაგი სტანდარტების და უსამართლობის გამოვლინებაა. 2050 წლისთვის განვითარებულ ქვეყნებს, ერთ სულ მოსახლეზე 5-ჯერ მეტი გამონაბოლქვი ექნებათ, ვიდრე განვითარებად ქვეყნებს. ამ უკანასკნელებმა მდიდარი სახელმწიფოების მიერ დაბინძურებული გარემოს დასუფთავების ხარჯი უნდა გაიღონ.
 
ევროპაში ეკოფუნდამენტალიზმი ნაკლები გავლენით სარგებლობს. პოლიტიკურ წარმატებას, უმეტესწილად, ზომიერი მწვანეები – რეალოები, იგივე რეალისტები აღწევენ. ზომიერები გარემოს დაბინძურების პრობლემის მოგვარებას სუფთა ტექნოლოგიების საგადასახადო სტიმულირების გზით აპირებენ. რეალოებს სჯერათ, რომ გარემოს სუფთად შენარჩუნებისათვის ეკონომიკურ ზრდაზე სრულად უარის თქმა საჭირო არ არის. თუმცა, მათი აზრით, ზრდის ტემპების შენელება და ტრადიციული ინდუსტრიული სისტემის ჩანაცვლება სუფთა ტექნოლოგიებით, ბუნებრივი კატასტროფების არიდების ერთადერთი გზაა. 
 
რეალო მწვანეების წარმატების უკანასკნელი მაგალითი, გასული თვის ბოლოს გერმანიის ერთ-ერთ მიწაზე, ბადენვუტემბერგში ჩატარებული არჩევნებია. რეგიონი, რომელსაც 60 წლის განმავლობაში ქრისტიან-დემოკრატები აკონტროლებდნენ, მწვანეთა ხელში დარჩა. მხარის პრემიერი ადგილობრივ მწვანეთა ლიდერი ვინფრიდ კრეჩმანი გახდა. 
 
ევროპაში გერმანიის მწვანეთა პარტია ყველაზე გავლენიანია. ის 1979 წელს ჩამოყალიბდა და შემდეგი წლის არჩევნებში მხოლოდ 1,5%-ს დასჯერდა, 2009 წლის ფედერალურ არჩევნებში კი მისი მხარდაჭერა 10,7%-მდე გაიზარდა. დღეს მწვანეები გერმანიის პარლამენტის 622 ადგილიდან  68-ს აკონტროლებენ.  
 
გერჰარდ შროდერის კოალიციურ მთავრობაში, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა მწვანეთა ლიდერს, იოშკა ფიშერს ეკავა. ფიშერი თანამედროვე გერმანულ პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი იყო.
 
გერმანელ მწვანეებს კიდევ უფრო მეტ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. ვარაუდობენ, რომ მალე ლიბერალებს ჩაანაცვლებენ და მესამე ყველაზე დიდ პარტიად იქცევიან. ზოგიერთი უფრო თამამ პროგნოზსაც აკეთებს და აცხადებს, რომ არც ისე შორეულ მომავალში შესაძლოა მწვანეებმა პოპულარობით სოციალ-დემოკრატებსაც კი გაუსწრონ. ბადენ-ვუტემბერგი შეიძლება ამის მაგალითად გამოდგეს. ტრადიციულ წითელ-მწვანე კოალიციაში, სადაც სოციალ-დემოკრატები ყოველთვის უფროს პარტნიორს წარმოადგენდნენ, ამჯერად მათთვის უჩვეულო, უმცროსი პარტნიორის როლში აღმოჩნდნენ. 
 
გერმანიასთან ერთად მწვანეთა პოპულარობა საფრანგეთშიც იზრდება. ამის ნათელი მაგალითი საფრანგეთის 2011 წლის რეგიონალური არჩევნებია – პარტიამ ხმათა 8,2% მოიპოვა. ფრანგმა მწვანეებმა განსაკუთრებით დიდი წარმატება 2010 წლის ევროპის საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვეს, ხმათა 16,28% მოაგროვეს და საფრანგეთის სოციალისტურ პარტიას მხოლოდ 0,2%-ით ჩამორჩნენ. ამ არჩევნების შედეგად მწვანეები ევროპარლამენტში მესამე ყველაზე დიდ ფრანგულ პარტიად იქცნენ. 
 
თანამედროვე მწვანეების პოლიტიკური წარმატების მთავარი გამომწვევი ფაქტორი, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სოციალურ-პოლიტიკური პროგრესის შედეგად მომხდარი ფასეულობების ცვლილებებია. სიმდიდრის ზრდამ, განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა მატერიალურ მოთხოვნილებებზე და ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნვის სტრესისგან გაათავისუფლა. 
 
მოქალაქეებს საშუალება მიეცათ თვითგამოხატვაზე, ინდივიდუალურ თავისუფლებებზე ეფიქრათ. მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი რონალდ ინგლჰარტი ამას უწოდებს საჭიროებების საზოგადოების ჩანაცვლებას არჩევანის საზოგადოებით. მატერიალისტური, ანუ  ინგლჰარტის ტერმინოლოგიით, გადარჩენის ღირებულებები (ეკონომიკური კეთილდღეობა და ფიზიკური უსაფრთხოება), გამოხატვის, იგივე პოსტმატერიალისტურმა ღირებულებებმა შეცვალა (პერსონალური ავტონომია, ჰუმანიზმი, სოციალური ტოლერანტობა, ცხოვრებით კმაყოფილება, სამოქალაქო მონაწილეობა, გარემოს დაცვა).
 
მატერიალისტური, ანუ გადარჩენის ღირებულებების უკანა პლანზე გადასვლამ, ძველი მემარცხენე პარტიების მხარდაჭერა შეასუსტა. თუ აქამდე ევროპის ეროვნულ პარლამენტებში ტრადიციულად მემარცხენე პარტიები ხმათა 35%-მდე იღებდნენ, უკანასკნელ პერიოდში მაჩვენებელი საშუალოდ მხოლოდ 27%-ია. 2000 წელს ევროკავშირის 15 ქვეყნიდან 13-ს სოციალ-დემოკრატები მართავდნენ, დღეს კი 27 ქვეყნიდან, მემარცხენეები მხოლოდ 5-ის ხელისუფლებაში არიან. ტრადიციული მემარცხენეების ეროზიით, პოსტმატერიალისტული პარტიების (მათ შორის მწვანეების) მხარდაჭერა გაიზარდა.

კომენტარები