დედამიწის დღე

დედამიწაზე ზრუნვამ შესაძლოა სახიფათო ფორმები მიიღოს

22 აპრილს, პლანეტისადმი მადლიერების გამოხატვის ნიშნად, ადამიანები დედამიწის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა. სხვადასხვა სახის აქტივობებში მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

დედამიწის დღეს საქართველოშიც აღნიშნავენ. გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით გამართულ ღონისძიებებში 200-მდე მოხალისე, 30 ველოსიპედისტი და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩაერთვება. სამხატვრო აკადემიის სტუდენტები 3D ფორმატში დედამიწის დღისადმი მიძღვნილ თემაზე გარემოს დაცვის სამინისტროს შენობის კედელს მოხატავენ. მსვლელობა გაიმართება ფილარმონიიდან ვარდების რევოლუციის მოედნამდე. ტექნიკური უნივერსიტეტი თემატურ კონფერენციას უმასპინძლებს და სხვა.

თუმცა, დედამიწაზე ზრუნვამ, სამომავლოდ შესაძლებელია სახიფათო ფორმებიც მიიღოს. გასულ პარასკევს, კლიმატურ ცვლილებებზე მომუშავე აქტივისტი, სტივ ზვიკი, რომელიც ამავდროულად ჟურნალ Forbes-ის ბლოგერია, საინტერესო წინადადებით გამოვიდა. მან საზოგადოებას მოუწოდა, გამოავლინონ, გაანადგურონ და სახლები გადაუწვან ყველა იმ პირს, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ადამიანების მიერ გამოწვეულ გლობალურ დათბობას.  

"დავიწყოთ მათი აღრიცხვა და როდესაც ასეთი ოჯახები გამოვლინდებიან, მოდით მათ პასუხი ვაგებინოთ. მოდით, სახლები დავუწვათ... მოდით ვაიძულოთ ისინი, აანაზღაურონ გაზრდილი სურსათის ფასები. მათ კლიმატი მოსპეს. და ჩვენ რატომ უნდა ვაგოთ ამაზე პასუხი?"- აცხადებს აქტივისტი. 

კომენტარები