დელ პიერო: საუკეთესო იტალიელი ბომბარდირი

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/delpieroo.png##fbimage#
იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ მორიგი რეკორდი დაამყარა: სერია ა-ს ბოლო ტურში, კატანიასთან ფრედ 2:2 დასრულებულ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და ყველა დროის საუკეთესო იტალიელი ბომბარდირი შეიქნა - მას იუვენტუსის მაისურით 283 გოლი დაუგროვდა, ამდენი ბურთი კი ერთ კლუბში სხვას არ გაუტანია!
 
ალესანდრო დელ პიერომ ლეგენდარული ჯუზეპე მეაცას რეკორდი - 282 გოლი - გააუმჯობესა. მეაცა XX საუკუნის 30-იან წლებში მილანის ინტერის ვარსკვლავი გახლდათ.

დელ პიერო 1993-94 წლების სეზონიდან ასპარეზობს იტალიის ყველაზე ტიტულიანი კლუბის მაისურით და მას შემდეგ 673 ოფიციალური შეხვედრაც ჩაატარა. ამ მხრივ ის იუვენტუსის რეკორდსმენია და ამავდროულად, კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც გახლავთ.

ცხადია, რეკორდმა გამახარა, მაგრამ, რიცხვებისთვის დიდი ყურადღება არასდროს მიმიქცევია და სიმართლე გითხრათ, ამ მიღწევის გამოც განსაკუთრებულად ბედნიერი არ ვარ. დავრჩები თუ არა კლუბში? ჯერ ვერაფერს გეტყვით, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სეზონის დასრულების შემდეგ ვიფიქრებ, - განუცხადა ბომბარდირმა გაზეთ გაძეტა დელო სპორტს.

იუვენტუსს 36 წლის დელ პიეროს კიდევ ერთი სეზონით შენარჩუნება სურს და ფეხბურთელს ხელშეკრულებასაც უმზადებს.

 
საუკეთესო იტალიელი ბომბარდირები (მინიმუმ 200 გოლი)

1.ალესანდრო დელ პიერო - 283 (იუვენტუსი);
2.ჯუზეპე მეაცა - 282 (ინტერი);
3.ფრანჩესკო ტოტი - 258 (რომა);
4.ანჯელო სკიავიო - 253 (ბოლონია);
5.გუნარ ნორდალი - 221 (მილანი);
6.ალესანდრო ალტობელი - 209 (ინტერი);
7.გაბრიელ ბატისტუტა - 204 (ფიორენტინა);
8.ლუიჯი რივა - 201 (კალიარი)

 

კომენტარები