უნიბურთის სამომავლო გეგმები

დიდი ხანი არაა, რაც საქართველოს საუნივერსიტეტო საფეხბურთო ლიგა დაარსდა და ტურნირ უნიბურთის ჩატარება დაიწყო. შეჯიბრების შექმნის იდეა ფეხბურთის ფედერაციაში რამდენიმე წლის წინ დაიბადა, თუმცა მაშინ მისი ორგანიზება არ მოხერხდა და საბოლოოდ მხოლოდ წლეულს განხორციელდა.

გუშინ არმიის სპორტული კლუბის დარბაზში უნიბურთის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. ჩვენც სწორედ იქ შევხვდით ლიგის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ორგანიზატორს გოგი ქავთარაძეს, რომელსაც შეჯიბრების შესახებ გავესაუბრეთ.

- დაახლოებით 3-4 წლის წინ  ორი შეჯიბრების დაარსება ჩავიფიქრეთ - სკოლბურთის და უნიბურთის. თუმცა მაშინ მხოლოდ პირველის დაწყება მოვახერხეთ, რომელმაც დიდი პოპულარობაც მოიხვეჭა და უკვე მეოთხე წელია ტარდება. რაც შეეხება უნიბურთს, მაშინ ყველაფრის ერთად გაკეთება ვერ შევძელით. არ იყო საკმარისი ფინანსები, უნივერსიტეტებიც არ იყვნენ მზად. შესაძლოა ჩვენც რაღაც დავაკელით. ერთი სიტყვით, ტურნირის დაარსება მხოლოდ 2011 წელს მოვახერხეთ.

- ვისი იდეა იყო ასეთი შეჯიბრების დაარსება?

- მაშინ ფეხბურთის ფედერაციაში ვმუშაობდით, ნაწილი ახლაც იქაა. სწორედ იქ გადაწყდა ტურნირის დაარსება. იმ გუნდში კი ვინც ამ ყველაფერზე მუშაობდა შედიოდნენ - დიმა ბოკერია, ირაკლი ნაკაიძე, პაატა ბურჯალიანი, შოთა ბაქრაძე და მე.

- დღეს, რამდენი გუნდი იღებს უნიბურთში მონაწილეობას და რამდენად გაამართლა თქვენი მოლოდინი?

- უნიბურთის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს 8 გუნდი ეჯიბრება. ესენია: ილიას უნივერსიტეტი, თსუ, კავკასიის უნივერსიტეტი, პოლიციის აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია, სამედიცინო უნივერსიტეტი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

რაც შეეხება იმედების გამართლებას. სრულყოფილებამდე ჯერ ნამდვილად ბევრი გვიკლია. ჩვენი მიზანია ტურნირი ნელ-ნელა დაიხვეწოს და უფრო საინტერესო გახდეს. თუმცა ჯერჯერობით რაც ხდება, უკმაყოფილების მიზეზს არ გვაძლევს. შეჯიბრებით დაინტერესდნენ უნივერსიტეტები, სტუდენტები და საზოგადოებაც. ეს ამ წუთას ყველაზე მნიშვნელოვანია.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- წლევანდელი შეჯიბრება ერთ წრედ ჩატარდება, მაისის ბოლოს უკვე გვეცოდინება უნიბურთი 2011-ის ჩემპიონის ვინაობა. ამის შემდეგ დაიწყება თასის გათამაშება, სადაც იგივე გუნდები იასპარეზებენ. საბოლოოდ დაგეგმილია ჩემპიონი და თასის მფლობელი ერთმანეთს სუპერთასისთვის შეხვდნენ.

ეს წლევანდელი გეგმებია, უკვე სექტემბრიდან კი გვინდა გუნდების რაოდენობა გაიზარდოს. რაც მთავარია, ზუსტად ვიცით, რომ ჩემპიონატი ორ წრედ ჩატარდება და შემოდგომიდან ზაფხულამდე გაგრძელდება.

- უფრო შორეული გეგმებიც ხომ არ გაქვთ?

- რაღაც ეტაპზე, აუცილებლად უნდა გადავიდეთ დიდ, სტანდარტულ ბალახის მოედანზე. მსოფლიოში რაც კი საუნივერსიტეტო საერთაშორისო საფეხბურთო ჩემპიონატები ტარდება, მხოლოდ ასეთ მოედნებზე. ჩვენი და უნივერსიტეტების ხელმძღვანელების საბოლოო მიზანიც საერთაშორისო ასპარეზზე გასვლაა.

- წლევანდელ ტურნირს საპრიზო ფონდი თუ აქვს?

- შეჯიბრებაში მონაწილე ყველა გუნდმა გადაიხადა გარკვეული თახნა. აქედან 10 ათასი ლარი განკუთვნილია საპრიზო სამეულისთვის. უნიბურთის ჩემპიონს 5 ათასი ლარი შეხვდება, მეორე ადგილზე გასულს - 3 ათასი, მესამეადგილოსანს კი 2 ათასი ლარი ერგება. 

კომენტარები