ბირთვულ წისქვილებთან ბრძოლა

დღეს მსოფლიოში ორი ცხელი წერტილია: ერთი ახლო აღმოსავლეთში, სადაც რევოლუციათა ტალღის შემდეგ შექმნილი არეულობა ჯერაც არ ჩამცხრალა. მეორე კი იაპონიაა – იქ მეცნიერები ორი კვირაა ცუნამით დაზიანებულ ფუკუშიმას რეაქტორზე წარმოქმნილ პრობლემებს ებრძვიან. 

ფუკუშიმას რეაქტორზე მომხდარი მოვლენები გასულ წელს, მექსიკის ყურეში BP-ის მიერ ნავთობის დაღვრას გვახსენებს. თუ ეს უკანასკნელი მეტწილად რეგიონალურ პრობლემად დარჩა, ფუკუშიმაში მიმდინარე პროცესებზე მედიისა და ეკოლოგისტების რეაქციაც ბირთვული აღმოჩნდა. ეჭვქვეშ დადგა ბირთვული ენერგიის მომავალი – დასავლეთში უკვე რეაქტორების დახურვასა და ეკოლოგიურად სუფთა, განახლებად ენერგიაზე გადასვლას ჩქარობენ. 
 
ფუკუშიმას ინციდენტმა იაპონიის ენერგეტიკაზე გავლენა უკვე იქონია. გასულ კვირამდე ეს ქვეყანა ენერგიის 30%-ს ურანიდან იღებდა, დაახლოებით 25%-ს ქვანახშირიდან და გაზიდან, 10%-ს კი ნავთობიდან. ახლა ქვეყანას ნავთობის იმპორტის 30%-ით გაზრდა უწევს, რაც ხარჯებს 50 მილიარდი დოლარით გაზრდის. მსოფლიო ბაზარზე ეს დამატებით დღეში 1.5 მილიონი ბარელის მოთხოვნას გააჩენს, ენერგიის ფასს კი იაპონიაში მკვეთრად გაზრდის. 
 
აშშ-ში რეაქტორების ბედის შესახებ დებატები დაიწყო. ქვეყანაში ენერგიის უმთავრესი წყარო – 104 რეაქტორია. ფუკუშიმას ინციდენტის შემდეგ აშშ-ის ბირთვული რეგულირების კომისიამ განაცხადა, რომ ყველა რეაქტორზე უსაფრთხოების ზომებს შეამოწმებს. ახალი რეაქტორების მშენებლობის მხარდაჭერა მოსახლეობაში 43%-მდე დაეცა. 
 
ავსტრია, ევროკავშირის სხვა ხუთ ქვეყანასთან ერთად, ყველას მოუწოდებს, დახუროს ან გადააკეთოს რეაქტორები, რომლებიც 30 ან მეტი წლის წინ ააგეს. გერმანიამ უკვე უარი თქვა რამდენიმე რეაქტორის მუშაობის ვადის გახანგრძლივებაზე. მათი მშენებლობა ეკოლოგიისადმი გულგრილად განწყობილმა ჩინეთმაც კი შეაჩერა.
 
საფრანგეთი ბირთვულ ენერგიაზე უარის თქმას არ აპირებს. ქვეყანა ენერგიის 80%-ს სწორედ ბირთვული რეაქტორებიდან იღებს და სწორედ ამიტომ, დანარჩენ ევროკავშირთან შედარებით, იქ ენერგიის ფასი 40%-ით ნაკლებია. ენერგეტიკის მინისტრმა ერიკ ბესონმა განაცხადა, რომ ბირთვული ენერგია ევროპაში დარჩება და მსოფლიოს ენერგეტიკის უმთავრეს ნაწილად გადაიქცევა. მისი აზრით, რისკები კარგადაა შესასწავლი და მათ შემცირებაზე ინჟინრები უკვე მუშაობენ.  
 
ფუკუშიმას ინციდენტის გავლენა ბირთვული ენერგეტიკის მომავალზე ორმაგია: ძველ რეაქტორებს აჩერებენ, ახლების აშენებაზე კი უარს ამბობენ. ეს უარყოფითად აისახება ენერგიის ფასსა და ხელმისაწვდომობაზე. დღეს ბირთვული წყაროები 30%-ით მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე საუდის არაბეთის ყველა ნავთობჭაბურღილი ერთად. 2035 წლისათვის კი ბირთვული რეაქტორების მიერ გამომუშავებული ენერგია საუდის არაბეთის მოპოვებულზე დაახლოებით ორჯერ დიდი იქნება. თუმცა ბირთვული ენერგიის რენესანსს უკვე ნაადრევ დასასრულს უწინასწარმეტყველებენ და მის ალტერნატივებზე ფიქრობენ.
ფოტო: Reuters ©
არჩევანი კი დიდი არ არის: ნავთობი, ქვანახშირი, ბუნებრივი აირი ან ე.წ. ეკოლოგიურად სუფთა განახლებადი ენერგია. განახლებადი ენერგიის შესახებ საუბარი ბოლო დროს სულ უფრო გახშირდა, თუმცა ახლო მომავალში მისით მთელი ენერგოსექტორის ჩანაცვლება ფიზიკურად შეუძლებელია. განახლებადი ენერგიის წყაროების, მაგალითად ქარის წისქვილების გამოყენება არც ისე უსაფრთხოა, როგორც ამას ეკოლოგისტები ხატავენ. მათ მიერ წარმოქმნილი ვიბრაცია დაბალმაგნიტუდიანი მიწისძვრის ძალის ტოლია, ინტენსივობა კი შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს. იმისთვის, რომ სრულად გადავიდეს ქარის ენერგიაზე, მხოლოდ აშშ-ს  90 ათასი წისქვილი დასჭირდება, რომელთა ზომა სტანდარტულზე დაახლოებით სამჯერ დიდი უნდა იყოს. რაც შეეხება მზის ენერგიას, ირონიულია, მაგრამ ასეთი ენერგიის მისაღებად საჭირო ფილების წარმოება სწორედაც რომ გარემოს აბინძურებს. 
 
ნავთობს, ბუნებრივ აირსა და ქვანახშირს არ შეუძლია მომავალში მზარდი ენერგომოთხოვნის დაკმაყოფილება. ამ რესურსებზე გადასვლა ქვეყნების ენერგოდამოუკიდებლობას შეამცირებს – დასავლეთი რუსეთსა და არაბულ ქვეყნებზე მიჯაჭვული იქნება. ეს ქვეყნები კი სტაბილურობით არ გამოირჩევიან. ამას ემატება რესურსების გადატანის მოუხერხებლობა, მაღალი ხარჯები და მათთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფლიქტები. აღსანიშნავია ამ ნივთიერებათა წვით გამოწვეული დაბინძურებაც – პრობლემა, რომელსაც მწვანეები უკვე დიდი ხანია ებრძვიან, თუმცა დღეს უკანა პლანზეა გადასული. 
 
მთავარი საზრუნავი ბირთვულ რეაქტორებთან დაკავშირებით – მათი უსაფრთხოებაა. თუმცა იაპონიაში ბირთვული რეაქტორისთვის საფრთხის შესაქმნელად აპოკალიპტური ძალის მიწისძვრა და ცუნამი გახდა საჭირო. ამასთანავე, პრობლემა არა თავად რეაქტორს, არამედ გაგრილების სისტემას შეექმნა. ამ უკანასკნელის უფრო უსაფრთხოდ ქცევა შესაძლებელია. ფინეთში უკვე დაიწყეს ახალი თაობის ბირთვული რეაქტორების მშენებლობა, სადაც ყველა სახის უსაფრთხოების ზომაა გათვალისწინებული, მათ შორის 9/11-ის მსგავსი ტერორისტული თავდასხმაც. ერთადერთი პრობლემა ფასია – ის დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი ღირს. თუმცა ინჟინერიის განვითარებასთან ერთად გაცილებით უფრო იაფი გახდება.
  
ბირთვული ენერგიის შიში ადამიანს მისი აღმოჩენის დღიდანვე თან სდევს, მისი „მოთვინიერება’’ კი აკრძალული ხილის შეჭმის ცოდვას უტოლდება. მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული კატასტროფები თითზე ჩამოსათვლელია, ადამიანებს ყველაზე მეტად სწორედ მათი ეშინიათ. ასეთი შედეგი Decision Research-ის მიერ აშშ-სა და კანადაში 1992 წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა.
 
შიშის მიზეზი მედიაში წარმოქმნილი პანიკაა. მაგალითისთვის ჩერნობილის შემთხვევაც გამოდგება. ამ ტრაგედიას ადგილზე 50 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. უკანასკნელი მონაცემებით, კატასტროფის შედეგად გაჩენილი დაავადებებისაგან, 800 ათასი მუშიდან (ე.წ. ლიკვიდატორები) 4 ათასი ადამიანი დაიღუპა. რა თქმა უნდა, შედეგები ძალიან მძიმე იყო, თუმცა მედიამ მათ გაზვიდებას შეუწყო ხელი. 
 
ფუკუშიმას რეაქტორის ავარიას ხშირად ზედაპირულად ადარებენ ჩერნობილისას. თუკი ამ  უკანასკნელში რადიოაქტიური საწვავის გამოტყორცნა მოხდა, ფუკუშიმადან მხოლოდ რადიოაქტიურმა ორთქლმა გამოჟონა. ბუნებრივია, ასეთი ორთქლიც საფრთხის შემქმნელია, მაგრამ მისი ჩერნობილთან გაიგივება, ბუზის სპილოდ ქცევას ჰგავს. ჩერნობილის ავარია ადამიანის შეცდომამ გამოიწვია. თანამედროვე რეაქტორებში მსგავსი რამ შეუძლებელია. 
 ბირთვული კატასტროფების ფონზე, მედია ნაკლებ ყურადღებას აქცევს ენერგიის სხვა წყაროებთან დაკავშირებულ კატასტროფებს. მაგალითად, ჩერნობილის კატასტროფამდე 2 წლით ადრე ინდოეთში პესტიციდების მომპოვებელ ველზე 5 ათასი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ქიმიკატის აკრძალვის მოთხოვნით არავინ გამოსულა. 1969 წლიდან 2000 წლამდე, ნავთობის  მოპოვებას 20 ათასამდე, ქვანახშირისას კი 15 ათასი ადამიანი შეეწირა.
 
სანთელიც კი რისკთან და კატასტროფებთან არის დაკავშირებული. 1871 წელს ჩიკაგოს ხანძარი ერთ-ერთი მოქალაქის სახლში სანთლიდან გაჩენილი ცეცხლით დაიწყო. შედეგად, ქალაქი თითქმის დაიწვა, 300 ადამიანი დაიღუპა,100 ათასი კი უსახლკაროდ დარჩა. თუმცა ამის გამო ცეცხლი კი არ აკრძალულა, არამედ სახანძრო სამსახური და უსაფრთხო მშენებლობა განვითარდა.
 
ბირთვული ენერგიის აღმოჩენა ცეცხლის აღმოჩენას ჰგავს, ის მთლიანად კაცობრიობის ცხოვრების შეცვლის შანსს იძლევა. ადამიანები ტრაგედიისგან გაკვეთილებს სწავლობენ, მაგრამ პროგრესზე უარს არ ამბობენ. 

კომენტარები