თბილისი – ბრიუსელი – თბილისი

 ევროკავშირთან მაქსიმალურად დაახლოება და საქონლის, მომსახურების, ადამიანისა და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის – ე.წ. ოთხი თავისუფლების – მიღწევა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი საგარეოპოლიტიკური ამოცანაა. ახლა მხარეები ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე მუშაობენ, რომლის ხელმოწერაც 2012 წლის ბოლოსკენ ივარაუდება. 

ასოცირებული ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები 2010 წლის ზაფხულში გაიხსნა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ახალ, მეტად დაახლოების ეტაპზე გადასვლას გულისხმობს. საქართველო და ევროკავშირი შემდეგ საკითხებზე მუშაობენ: პოლიტიკა და უსაფრთხოება, სამართალი და თავისუფლება, ეკონომიკა და თავისუფალი ვაჭრობა. ხელმოწერამდე კიდევ 45 მუხლი უნდა განიხილონ.  

ქართული მხარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულებაში, საქართველოს გაერთიანებაში მიღების რაც შეიძლება მკაფიო პერსპექტივა გაიწეროს. მხარეებმა ამ საკითხზე კონსენსუსს ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, რომ დოკუმენტში, საქართველო-რუსეთს შორის კონფლიქტის პრობლემატიკა, რაც შეიძლება ნათლად იყოს წარმოდგენილი. უნდა აისახოს როგორც საქართველოს ოკუპაცია, ასევე დეოკუპაციის პერსპექტივა და აღინიშნოს, რომ უცხო ქვეყნის ჯარების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს გადასაწყვეტია. 
 
დოკუმენტი უნდა იცავდეს ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტერესებსაც, კერძოდ – დაბრუნებისა და საკუთრების აღდგენის უფლებებს. შეთანხმება არც ამ საკითხებზე მიღწეულა.
 
 არ დაწყებულა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველ ხელშეკრულებაზეც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ნაკისრი წინაპირობები შეასრულა. პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ვახტანგ ლეჟავას თქმით, ევროკავშირი თამაშის წესებს ცვლის და მოდიფიცირებულ, ანაც ახალ პირობებს აყენებს. „საქართველოს მთავრობამ რადგან აიღო ვალდებულებები, ასრულებს კიდეც. აქედან გამომდინარე დათანხმდა კონკურენციის, სურსათის უვნებლობის და სხვა კანონმდებლობისა და რეგულაციების შემოღებას, რაც ასეთი სახით, ან საერთოდაც, სხვა პირობებში არ გაკეთდებოდა”, – ამბობს ის ტაბულასთან საუბარში. 
 
ჩვეულებრივ, სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმებას ევროკავშირის შიგნით სხვადასხვა ლობისტური ჯგუფები ეწინააღმდეგებიან ხოლმე – იქნება ეს პროფკავშირები, რომლებსაც სამუშაო ადგილების გადინების ეშინიათ, კონკურენციისგან დაცული პრივილეგირებული ბიზნესები, ანტიგლობალისტები და სხვები. თუმცა, საქართველო თავისი ეკონომიკის მნიშვნელობიდან გამომდინარე – ევროკავშირის მშპ-ს 0.04% და მისი სავაჭრო ბრუნვის 0.06% – ამგვარ საფრთხეს ვერ ქმნის. მისით, შესაბამისად, არც ლობისტური ჯგუფები ინტერესდებიან, შეფერხება კი მხოლოდ პოლიტიკური ნების არქონით თუ აიხსნება.
 
აქამდე რამდენჯერმე გამოითქვა ეჭვი, რომ მოლაპარაკებების დაწყების შეფერხება,  გარკვეულწილად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე საქართველოს პოზიციას უკავშირდება. ვახტანგ ლეჟავა ამბობს, რომ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს გარემოებები, რომლებიც საწინააღმდეგოს ადასტურებს. დასკვნის გამოტანის საშუალებას კი მხოლოდ მოვლენების განვითარება მოგვცემს. „ძალიან სამწუხარო და ამორალური იქნება, თუ აღმოჩნდა, რომ საქართველოსთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების დაწყება მძევალია საქართველოს ოზიციისა WTO-ში რუსეთის გაწევრიანებაზე”, – ამბობს ის. 
 
მოლაპარაკების დაწყების შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, უკრაინასთან ნეგატიური გამოცდილებაც იყოს. მასთან მოლაპარაკებები ევროკავშირმა სამი წლის წინ დაიწყო, თუმცა, პროგრესს ვერ მიაღწიეს. ამაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ასოცირებაზე მთავარი მომლაპარაკებელი, თორნიკე გორდაძეც საუბრობდა პიერ ვერლუიზთან (IRIS-ის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი) ინტერვიუში. საკითხავია, რამდენად ადეკვატურია საქართველოსა და უკრაინას შორის პარალელის გავლება მაშინ, როდესაც საქართველოს ეკონომიკა მასთან შედარებით ბევრად პატარა, ლიბერალური და რეფორმირებულია. 
 
საქართველოს ევროკავშირისკენ გაცილებით რთული გზით სვლა უწევს,  ვიდრე, მაგალითად, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს მოუხდათ. იგი ევროკავშირისა და ზოგადად დასავლეთის ინტერესის სფეროში გვიან მოექცა. ახლა საქართველოს გაცილებით უფრო მკაცრი პირობების შესრულება უწევს, ვიდრე ვინმეს ოდესმე გაუკეთებია. როგორც თორნიკე გორდაძე ამბობს, ბალტიისპირეთის ქვეყნებში ქართულ მხარეს უთხრეს, რომ მათ არ არ ჰქონდათ ასეთი მკაცრი ვალდებულებები ასოცირებისა და ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმებისას. მაგალითად, ესტონეთს მოლაპარაკებების პროცესისათვის 11 თვე დასჭირდა.
 
რუსეთის ფაქტორს თავი რომ დავანებოთ, კიდევ ერთი პრობლემა არსებობს. ევროკავშირს – განსაკუთრებით მის ძველ წევრებს – გაფართოება ნაკლებად სურთ. ისინი 2007 წლის მოვლენებსაც რთულად ინელებენ – მაშინ ორგანიზაციაში რუმინეთი და ბულგარეთი მიიღეს. ზოგი მოსაზრებით, მიზეზი ისაა, რომ ერთიანი ბაზრის პირობებში სამუშაო ადგილები დასავლეთ ევროპიდან აღმოსავლეთ ევროპისაკენ მიედინება. ამის საფუძველი ევროპის სოციალური მოდელია, რომელიც ბიზნესს მძიმე ტვირთად აწვება. დასავლეთში შრომითი ხარჯები და გადასახადები უფრო მაღალია, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპაში.  ვინაიდან ამ მოდელის გადახედვა არ სურთ, გაფართოებასაც უფრთხიან. 
 
კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ევროკავშირს ქვეყნებთან უფრო კოლექტიურად ურჩევნია მუშაობა, ვიდრე ინდივიდუალურად. ამჟამად ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობს საქართველოსთან, უკრაინასთან, მოლდოვასთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ბელარუსთან. ვინაიდან ყველა ქვეყანა თავისი მიმართულებით მიდის, მათი პრობლემების საკუთარზე დამატება საქართველოსთვის ხელსაყრელი არაა.
 
ის, რომ ქვეყანამ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა და ევროკავშირის პოლიტიკა მის მიმართ მეტისმეტად მკაცრია, ბრიუსელში დაფუძნებულმა ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის კვლევამაც დაადასტურა. თემაზე ვრცელი, 105-გვერდიანი, ანგარიში CEPS-ის, Groupe d’Economie Mondiale-ისა და ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს მკვლევრებმა მოამზადეს. კვლევა მოუწოდებს ევროკავშირს, შეცვალოს თავისი მიდგომა საქართველოსადმი და აღარ გააჭიანუროს მოლაპარაკებების დაწყება. მათი მტკიცებით, საქართველომ არა მხოლოდ დააკმაყოფილა ის პირობები, რაც მოლაპარაკებების დაწყებისათვის იყო წამოყენებული, არამედ გადაჭარბებითაც შეასრულა. 
 
საქართველოსთვის დაწესებული დამამძიმებელი მარეგულირებელი ცვლილებები, CEPS-ის კვლევის მიხედვით, ქართული პროდუქციის დაბეგვრის ტოლფასია. ეს საფრთხეს შეუქმნის როგორც ეკონომიკის ზრდას, ასევე ქვეყნის რეფორმების სტაბილურობასა და კორუფციასთან ბრძოლას, რამაც ევროსკეპტიკური განწყობებიც შეიძლება გააღვივოს. 
 
კვლევაში ბუნდოვან ტერმინოლოგიაზეც საუბრობენ, რომლითაც ევროკომისიას პირობები აქვს გაწერილი. აქ შეხვდებით სიტყვებს „საკმარისი”, „ადეკვატური”, „ეფექტიანი”, ანაც „შესაბამისი განხორციელება”. ამგვარი ზოგადი ფორმულირებები მათ ინტერპრეტაციის თავისუფლებას აძლევს იმის შესაფასებლად, შეასრულა თუ არა საქართველომ ნაკისრი ვალდებულებები. 
 
ქართულ მხარესაც გაცნობიერებული აქვს ის შესაძლო რისკები, რაზეც კვლევა მოგვითხრობს. თორნიკე გორდაძის შიში, მაგალითად, შრომის კანონმდებლობასა  და სოფლის მეურნეობას ეხება. შრომის ლიბერალური კანონმდებლობა და დერეგულირებული სოფლის მეურნეობა საქართველოს ინვესტორების მოსაზიდად კონკურენტულ უპირატესობას აძლევს. რეგულაციების შემოღება არა მხოლოდ ზრდის ტემპებს შეაფერხებს, არსებულ სამუშაო ადგილებსაც შეუქმნის საფრთხეს – ამჟამად დამქირავებელსა და დაქირავებულს ზედმეტი და მოუქნელი რეგულაციების გარეშეც შეუძლიათ მათთვის ხელსაყრელ და არასტანდარტიზებულ კონტრაქტზე შეთანხმება.
 
მიუხედავად ყველაფრისა, როგორც თორნიკე გორდაძე ტაბულასთან საუბრისას ამბობს, ქართული მხარე მზადაა რისკზე წავიდეს, თუკი ევროკავშირში მიღების ნათელი დაპირება ექნება. მისი თქმით, ეს ქვეყანას ბევრად გაუადვილებს ეკონომიკურ საკითხებზე შეთანხმებას – ახლა ევროკავშირი მას მაქსიმალურ დაახლოებასა და ჰარმონიზაციას, ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში, ყოველგვარი დაპირებების გარეშე სთხოვს. თანაც ეს იმ პირობებში ხდება, როდესაც ქვეყნისთვის სწრაფი ეკონომიკური განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
 

კომენტარები