ესტონეთი: არაპოპულარული რეფორმები — საარჩევნო წარმატების ფორმულა

 ესტონეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მმართველი მემარჯვენე ცენტრისტი კოალიცია ქვეყნის სათავეში რჩება. მასში შემავალმა ორმა პარტიამ ერთად ხმათა 49.1% მოიპოვა. მმართველმა კოალიციამ პარლამენტში ადგილების რაოდენობა 49-დან 56-მდე გაზარდა. რეფორმის პარტიამ, რომლის წევრიც პრემიერ-მინისტრი ანდრუს ანსიპია, ხმათა 28.6% მოიპოვა – შედეგად, 101-წევრიან პარლამენტში 33 ადგილს დაიკავებს. გაერთიანება პრო პატრია რეს პუბლიკამ ხმათა 20,5% მიიღო. ეს მას პარლამენტში 23 ადგილს მოუტანს, 4-ით მეტს, ვიდრე აქამდე ჰქონდა. 

54 წლის ანსიპი ესტონეთის ისტორიაში პრემიერ-მინისტრი ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში იყო. მთავრობის მიერ ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად გატარებული მტკივნეული რეფორმებით ამომრჩეველი კმაყოფილი აღმოჩნდა. ესტონეთის ეკონომიკა 2009 წელს ერთი მეშვიდედით შემცირდა, უმუშევრობის დონე კი ქვეყნის მთლიანი მუშახელის ერთ მეხუთედს გაუტოლდა. ხელფასებმა თითქმის ერთი მეოთხედით იკლო. 2009 წლის ბოლო მეოთხედში მშპ-ს ზრდის ტემპით 5 ყველაზე ცუდ ეკონომიკას შორის მოხვდა, მაშინ როცა 2007 წელს ესტონეთი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა იყო.

ანსიპის მთავრობამ კრიზისის დაძლევა ხარჯვის შემცირებით (მშპ-ს 9%-ით) და გადასახადების დროებით აწევით (მაგალითად, დღგ 18%-დან 20%-მდე გაიზარდა) გადაწყვიტა. მსგავსი რეფორმების გატარება, ქუჩაში გამოსული დემონსტრანტების გამო, სხვა ევროპულ ქვეყნებს გაუჭირდათ. თუმცა ესტონეთის ამომრჩეველმა კრიზისის დაძლევის მთავრობის მიერ შემოთავაზებული გზა ყველაზე პრაქტიკულად ჩათვალა და ახალ პარლამენტში მმართველი კოალიციის წარმომადგენლობა გაზარდა კიდეც.
 
ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების შედეგად ეკონომიკა გაჯანსაღების გზას დაადგა. ექსპორტი, გამორჩეულად ფინეთში და შვედეთში, განსაკუთრებით სწრაფად იმატებს. 2010 წლის მხოლოდ ბოლო მეოთხედში ეკონომიკა 6,6%-ით გაიზარდა, თუმცა უმუშევრობა ჯერ კიდევ 14%-ია. 
იანვარში ესტონეთი ევროზონაში შევიდა. ევროზონის ქვეყნების უმრავლესობისგან განსხვავებით ეს პატარა ბალტიური ქვეყანა ევროზონისთვის დადგენილ ვალისა და დეფიციტის ნორმებს აკმაყოფილებს. 
 
პრემიერ-მინისტრი, რომელიც თავისუფალი ბაზრის აქტიური მომხრეა და ეკონომიკური კრიზისის დაძლევის შემდეგ გადასახადების შემცირებაზე საუბრობს, ესტონეთის ეკონომიკას ოპტიმისტურად უყურებს. მისი აზრით, 2022 წლისათვის ესტონეთი ევროკავშირის 5 ყველაზე მდიდარ ქვეყანას შორის იქნება.
 
რეფორმის პარტიის კოალიციური პარტნიორი, პრო პატრიისა (ესტონურად ისამაალიტი, იგივე მამულის კავშირი) და რეს პუბლიკას გაერთიანება კონსერვატული კავშირია. ის სათავეს დისიდენტური მოძრაობებიდან იღებს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პრო პატრიამ რეფორმები გაატარა და ესტონეთი ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად აქცია. რეს პუბლიკა კი პარტიად 2001 წელს ჩამოყალიბდა და 2003 წლის არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდა. 2006 წელს პრო პარტია და რეს პუბლიკა გაერთიანდნენ. 
 
პრო პატრიას ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარტ ლაარი, საბჭოთა კავშირის დროს დისიდენტი იყო. ის დღევანდელ პრემიერ ანსიპს კარგად ვერ ეწყობა, ეს უკანასკნელი წარსულში კომუნისტურ პარტიაში ნამუშევარი ინსტრუქტორია. არსებობს ვარაუდი, რომ  პიროვნული უთანხმოების გამო ახალ პარლამენტში რეფორმის პარტიამ კოალიცია შეიძლება სოციალ-დემოკრატებთან, ესტონეთის პრეზიდენტის პარტიასთან შექმნას. სოციალ-დემოკრატებმა ახალ პარლამენტში თავიანთი წარმომადგენლობა 10 ადგილიდან 19-მდე გაზარდეს.
 
მმართველი პარტიის მთავარმა მოწინააღმდეგემ, ცენტრის პარტიამ 3 ადგილი დაკარგა და მომავალ პარლამენტში 26 წარმომადგენელი ეყოლება. მას უმთავრესად ესტონეთის ეთნიკურად რუსი მოსახლეობა უჭერს მხარს. ცენტრის პარტიის მიერ ადგილების დაკარგვა ორმა ფაქტორმა განაპირობა. პარტიის პროგრამა ეკონომიკის საკითხში ამომრჩევლისთვის მიმზიდველი არ აღმოჩნდა. ის ეწინააღმდეგებოდა მმართველი პარტიის მიერ ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად გატარებულ რეფორმებს და ხარჯვის გაზრდას აპირებდა. ცენტრის პარტია ხალხს პენსიის 35 ევროთი მატებას ჰპირდებოდა, მაშინ როცა ბიუჯეტს ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა. ამასთან ერთად, ცენტრის პარტია პროგრესული გადასახადების დაწესებას აპირებდა. ესტონეთში დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან პროპორციული გადასახადია (ყველასთვის თანაბარი პროცენტი) და ამან ქვეყნის განვითარებას შეუწყო ხელი. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი პარტიის ლიდერის ედგარ სავისაარის რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელთან კავშირი იყო. სავისაარმა ვლადიმირ იაკუნინს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ასაშენებლად ფული მოსთხოვა. ესტონეთის უშიშროების სამსახურში გაჩნდა ვარაუდი, რომ სავისაარს კრემლი აფინანსებდა და ეკლესიის მშენებლობა მხოლოდ ფულის გათეთრების მექანიზმი იყო. მიუხედავად პარტიის მარცხისა, თავად სავისაარი ეთნიკურ რუსებს შორის კვლავ ძალიან პოპულარულია.
 
ოპოზიციურმა მწვანეთა და პოპულისტურ-აგრარულმა სახალხო კავშირმა ვერ გადალახეს მინიმალური ზღვარი – 5%. ეს პარტიები რიიგიკოგუში, ესტონეთის პარლამენტში წარმოდგენილი აღარ იქნება. მათ 12 ადგილი გამოათავისუფლეს. 

კომენტარები