ხვანჭკარის ამერიკული თავგადასავალი გრძელდება

გენადი დოზორცევი, რომელმაც ამერიკულ ბაზარზე ქართული ბრენდი ხვანჭკარა საკუთარ ბრენდად დაარეგისტრირა, ქართულ მხარესთან სასამართლო დავას არ აპირებს. ის იმედოვნებს რომ საქმეს შეთანხმებით მოაგვარებს. ”ოღონდ ეს შეთანხმება ორივე მხარისთვის მომგებიანი უნდა იყოს,” განუცხადა დოზორცევმა  ნიუ იორკ თაიმსის რუსულ სამსახურს.

გამოცემასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ  კანონი არ დაურღვევია. მისი თქმით, ქართული ბრენდები მხოლოდ იმისთვის დაარეგისტრირა, რომ ამერიკული ბაზარი ფალსიფიცირებული ღვინისგან დაეცვა. "არ ვაპირებ, ქართველი მეღვინეების გეგმებს ხელი შევუშალო. რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნები, თუ აქ არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენების მიერ უხარისხო ღვინის შემოტანა შეწყდება," განაცხადა დოზორცევმა.

თებერვლის ბოლოს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა "საქპატენტმა" აშშ-ში 18 ადგილწარმოშობის ღვინის დარეგისტრირება დაიწყო. ხვანჭკარას დარეგისტრირების დროს აღმოჩნდა, რომ ღვინო, როგორც საკუთარი ბრენდი, კომპანია "დოზერცევ ენდ სან" აშშ-ში უკვე დარეგისტრირებული ჰქონდა.

ფაქტის გამოაშკარევების შემდეგ ”საქპატენეტმა” დავის საწარმოებლად  სპეციალური კომპანია  დაიქირავა. პირველი ნაბიჯი აშშ-ს საპატენტო უწყებაში განაცხადის შეტანა იქნება. განაცხადში  ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი მოითხოვს იმის გარკვევას, თუ რის საფუძველზე მოხდა ხვანჭაკარას კერძო კომპანიის ბრენდად დარეგისტრირება და  ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის არასწორად რეგისტრაციის გაუქმებას.

"საქპატენტის" თავმჯდომარემ, ირაკლი ღვალაძემ  თებერვალში საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბრისას განუცხადა, რომ აღნიშნულ კომპანიასთან  რამდენიმე წლის წინ საქართველოს დავა ბულგარეთშიც ქონდა და ეს დავა საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა.

კომენტარები