აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველო ნარკოტრანზიტის მთავარი დერეფანი ხდება

იმის გამო, რომ საქართველო გეოგრაფიულად აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს, ის ნარკოტიკული ნივთიერებების ტრანზიტის ერთ-ერთი მთავარი დერეფანი ხდება. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის შესახებ 2011 წლის ანგარიშშია ნათქვამი.  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ნარკოტრაფიკის კუთხით პრობლემებია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება. ”არის ვარაუდები, რომ ამ ტერიტორიების გავლით ხდება ნარკოტიკების გადინება, თუმცა ამ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია, რადგან თითქმის არ ხდება ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა რუს საოკუპაციო ძალებს, დე ფაქტო ხელისუფლებებსა და საქართველოს მთავრობას შორის,” ნათქვამია ანგარიშში.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ვარაუდობს, რომ ირანსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება, შესაძლოა საქართველოში მეტი ნარკოტიკული ნივთიერების შემოდენის მიზეზი გახდეს, თუ არ იქნება შემოღებული შესაბამისი შემოწმებების სისტემა. ”არის მიზეზი ვივარაუდოთ, რომ ირანსა და საქართველოს შორის მიმოსვლის გაადვილება შეაგულიანებს კონტრაბანდისტებს  ახალი მარშრუტი გამოსცადონ,” ვკითხულობთ ანგარიშში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ნარკოტიკების კონტოლის სისტემას რეფორმირება სჭირდება. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ნარკოტიკების საწინააღმდეგო კონკრეტული სამოქმედო გეგმის არარსებობა წარმოადგენს. ” ნარკოტიკების საწინააღმდეგო ეროვნულ სტრატეგიაში, რომელიც პარლამენტმა 2007 წელს მიიღო, ჩამოთვლილია მხოლოდ ძირითადი პრიორიტეტები, მას აკლია დანერგვის კონკრეტული გეგმა,” ნათქვამია დოკუმენტში.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშს დღეს მმართველი პარტიის წევრები გამოეხმაურნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით,  ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ ნარკოტიკების ტრანზიტთან დაკავშირებული პრობლემები ”სრულად აღმოიფხვრება.” ”ნარკოტრანზიტი სხვა ქვეყნების მიმართულებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ხდება. ამ ყველაფერს ბუფერული ზონები უწყობს ხელს, მათ არსებობას კი - რუსეთის ფედერაცია,” აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლაშა თორდიამ. მისი თქმით, ბუფერული ზონები საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ნარკოტიკებით, არამედ იარაღით უკანონო ვაჭრობის კუთხითაც.  ”სწორედ ამიტომ, აუცილებელია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგი განხორციელდეს,” განაცხადა თორდიამ. 

კომენტარები