უცხოური ინტერვენციის შემთხვევაში კადაფი ”სისხლისმღვრელი ომის” დაწყებით იმუქრება

ლიბიის ლიდერმა, პოლკოვნიკმა მუამარ კადაფიმ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დაწყებიდან რიგით მესამე სატელევიზიო განცხადება გააკეთა. ქვეყანაში ”ხალხის პირდაპირი მმართველობის” დამყარების 34 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ შეხვედრაზე კადაფიმ წინა გამოსვლების მსგავსად, ლიბიაში მიმდინარე სისხლიანი დაპირისპირებებში დამნაშავედ ალ ყაიდა და უცხოელი ჟურნალისტები გამოაცხადა.

კადაფის თქმით, უცხოური ინტერვენციის შემთხვევაში, ლიბიაში ათასობით ადამიანის სისხლი დაიღვრება. ის ადამიანები, ვინც უცხო ქვეყნებს დახმარებას სთხოვს, ლიბიის ლიდერმა სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა. ”მათ სურთ რომ კიდევ ერთხელ მონები გაგვხადონ, სწორედ ისე როგორც ადრე იტალიელების მონები ვიყავით? ჩვენ ამას არასოდეს შევეგუებით. ჩვენ სისხლისმღვრელ ომს დავიწყებთ და ათასობით ლიბიელი დაიღუპება თუ ქვეყანაში აშშ-ს ან ნატოს ძალები შემოვლენ,” განაცხადა კადაფიმ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვერ გადადგება, რადგან არც პრეზიდენტია, არც პრემიერ მინისტრი და არც მონარქი. ”ძალაუფლება ლიბიაში მხოლოდ ხალხის ხელთაა,” აღნიშნა პოლკოვნიკმა, რომელიც ქვეყანას 1969 წლიდან მართავს. ”მასმედია აყალბებს სინამდვილეს. ლიბიაში არანაირი მშვიდობიანი დემონსტრაციები არ მიმდინარეობს. ეს არის შეთქმულება იმისათვის, რომ ლიბიის მიწა და ნავთობი ხელში ჩაიგდონ. ჩვენ ლიბიას სისხლის ბოლო წვეთამდე დავიცავთ,” განაცხადა მან. 

 ამასთანავე, კადაფიმ უარყო ცნობები მისი ”არნახული სიმდიდრის” შესახებ. ”ჩემი ხელფასი მხოლოდ 456 ლიბიური დინარია (371 აშშ დოლარი),” თქვა მან და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს, დავიდ კამერონს თვალების დათხრით დაემუქრა იმ განცხადების გამო, თითქოს კადაფი უცხოეთში დიდძალ ქონებას ფლობს. კადაფიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მის წინააღმდეგ მიღებული სანქციებიც გააკრიტიკა. ”გაეროს უშიშროების საბჭო რეზოლუციებს მედიის მიერ გავრცელებული ცნობების საფუძველზე არ უნდა იღებდეს,” აღნიშნა მან.

 პარალელურად, უცხოური მედია იუწყება, რომ ამ წუთებში სამხედრო თვითმფრინავები ლიბიის ქალაქ ბრეგას ბომბავენ, სადაც კადაფის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს.

კომენტარები