ისლამის გმობის კანონის გაკრიტიკებისთვის პაკისტანში მინისტრი მოკლეს

პაკისტანის უმცირესობების მინისტრი შაბაზ ბჰატი დღეს დილით საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ბჰატი, რომელიც პაკისტანის მთავრობაში ერთადერთი ქრისტიანი მინისტრი იყო, ქვეყანაში მოქმედი კანონის რეფორმირებას ითხოვდა, რომელიც ისლამის გმობისთვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. 

ტელეკომპანია BBC-სთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ მუქარის მიუხედავად დანებებას არ აპირებდა. ”ექსტრემისტები ვერ შემაშინებენ,” განუცხადა ბრიტანელ ჟურნალისტებს 42 წლის პოლიტიკოსმა.

მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ალ ყაიდას და თალიბანის პაკისტანის განყოფილების მიერ გავრცელებული ბუკლეტები იპოვა. სამართალდამცველების თქმით, ბუკლეტებში ეწერა, რომ ”ყველას, ვინც ღვთის გმობის შესახებ კანონს გააკრიტიკებს, მოკლავენ.” ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პაკისტანში ამ კანონის გამო პოლიტიკოსი მოკლეს. იანვარში პაკისტანის ერთ-ერთი პროვინციის მმართველი, რომელიც ასევე აკრიტიკებდა ისლამის გმობის კანონს მისმა ერთ-ერთმა მცველმა მოკლა.

კომენტარები