ეკონომიკური ლიბერალიზაცია პოლიტიკური სტაბილურობის სამსხვერპლოზე

იორდანიის მეფე აბდულა II-ემ  იანვრის შუა რიცხვებიდან ქვეყანაში აგორებული საპროტესტო ტალღის შესაჩერებლად მოსახლეობის მოთხოვნა დააკმაყოფილა – პრემიერ-მინისტრი და მთელი მთავრობა დაითხოვა. ახალ მინისტრთა კაბინეტს არმიის ყოფილი გენერალი, მარუფ ბახიტი ჩაუდგება სათავეში. თუმცა, პრემიერის კანდიდატურა მიუღებელი აღმოჩნდა ისლამისტებისთვის.

ბახიტს აღნიშნული თანამდებობა 2005-2007 წლებშიც ეკავა. მანამდე იგი სამეფოს ეროვნულ მრჩევლად და ისრაელში ელჩად მსახურობდა. სწორედ ბახიტი ხელმძღვანელობდა სახელმწიფო კომიტეტს, რომელიც 1994 წელს იორდანია-ისრაელს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას ზედამხედველობდა. ოფიციალური ამანი არაბულ სამყაროში მეორე სახელმწიფოა, რომელსაც იერუსალიმთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. იგი რეგიონში შეერთებული შტატებისა და დასავლეთის ერთ-ერთ საკვანძო მოკავშირედ ითვლება.

ბახიტის პრემიერ-მინისტრად დანიშვნამ განსაკუთრებით გაანაწყენა მთავარი ისლამისტური ოპოზიცია, რომელსაც 1992 წელს შექმნილი ისლამური მოქმედების ფრონტი წარმოადგენს. ეს პოლიტიკური გაერთიანება 2007 წლის არჩევნებში წარუმატებლობასა (84-ადგილიან ეროვნულ ასამბლეაში მხოლოდ 6 ადგილის მოპოვება შეძლეს) და შედეგების გაყალბებაში ბახიტს ადანაშაულებს. სწორედ ამ უკანასკნელის სამხედრო პერსონალი აკვირდებოდა კენჭისყრის პროცესს.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, მინისტრთა კაბინეტის ახალი ხელმძღვანელი სამინისტრო პორტფელების გადანაწილების დროს არჩევანს კერძო სექტორის წარმომადგენლებზე ნაკლებად შეაჩერებს. ის საჯარო სექტორში დასაქმებულთა ინტერესების დაცვას შეეცდება. მისი წინამორბედი, სამირ რიფაი კი თავისი პრემიერობის პერიოდში უპირატესობას კერძო სექტორის განვითარებას, საბაზრო პრინციპების თანდათან დანერგვასა და სახელმწიფო სუბსიდიების შემცირებას ანიჭებდა. მის ამ ქმედებებს უარყოფითად შეხვდა ე.წ. ისტ ბანკის (East Bank) იორდანიელი მოსახლეობა, რომლებიც ადგილობრივი ბედუინთა ტომების შთამომავლები არიან. იორდანიის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში სწორედ ისტ ბანკის წარმომადგენლები დომინირებენ. ეს ფაქტი განსაზღვრავს მათ პრივილეგირებულ მდგომარეობას – ისინი მოსახლეობის დანარჩენ ნაწილთან შედარებით მეტ და მაღალანაზღაურებიან სამსახურებს ფლობენ, სახელმწიფო სუბსიდიების დიდი ნაწილიც მათ ხმარდებათ. ქვეყანაში არსებული რეცესიის აღმოსაფხვრელად დაწყებული ეკონომიკური ლიბერალიზაცია სწორედ ამ უპირატესობის დაკარგვის მომასწავებლად მიიჩნიეს. 

ახალმა პრემიერმა სამთავრობო შემადგენლობა მომდევნო დღეებში უნდა დაასახელოს. უკმაყოფილო მოსახლეობა კი აქციების განახლებას აპირებს. საპროტესტო ტალღის გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა, მთავრობა გარკვეულ პოლიტიკურ დათმობაზე კიდევ  წავიდეს. ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ ხელისუფლება პოლიტიკური არეულობისადმი უფრო მგრძნობიარე და ფრთხილი გახდა. მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ სამთავრობო კაბინეტის დათხოვნა ვითარების განმუხტვის აპრობირებული პრაქტიკაა იორდანიაში. მეფე აბდულას მამამ, მეფე ჰუსეინმა 47-წლიანი მმართველობის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი 45-ჯერ შეცვალა. იორდანიელები მეფეს ჯერ კიდევ ენდობიან, თუმცა ბოლო დროს გახშირდა მისი კრიტიკა საზღვარგარეთ დიდხანს ყოფნისა და სახელმწიფო ფონდების თვითნებურად განკარგვის გამო.

კომენტარები