რუსული მედია: კრემლის რესტავრატორი კოსოვოს პრეზიდენტი გახდება

კოსოვოს ახალი პრეზიდენტი, სავარაუდოდ, სკანდალურად ცნობილი ბიზნესმენი, ბეგჯეტ პაკოლი გახდება. რუსული მედია იუწყება, რომ პაკოლი, რომელიც ამჟამად ალიანსი ახალი კოსოვოსთვის ლიდერია, დათანხმდა შექმნას კოალიცია კოსოვოს პრემიერ მინისტრის, ჰაშიმ ტაჩის დემოკრატიულ პარტიასთან. მედიის ცნობით, კოალიციის შექმნისა და პრემიერ მინისტრის პოსტის შენარჩუნების სანაცვლოდ, ტაჩიმ მას კოსოვოს პრეზიდენტის თანამდებობა შესთავაზა.

უცხოური მედია წერს, რომ ტაჩიმ ეს ნაბიჯი იძულებით გადადგა მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ პრემიერ მინისტრი ალბანელი სამხედროების მიერ დატყვევებული სერბების  სხეულის ნაწილებით ვაჭრობაში იყო გარეული. ამ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, კოსოვოში მოქმედმა პოლიტიკურმა პარტიებმა დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციის შექმნაზე უარი განაცხადეს. ერთადერთი, რომელიც გარიგებას დათანხმდა, პაკოლის პარტიაა, რომელმაც ბოლო არჩევნებში მეხუთე ადგილი დაიკავა. კოსოვოს პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს, სადაც უმრავლესობას ამ დროისთვის მმართველი კოალიცია წარმოადგენს.

ექსპერტების შეფასებით, თუ ორ პოლიტიკოსს შორის გარიგება ოფიციალურად გაფორმდება, ეს  ერთ-ერთი ”ყველაზე სკანდალური ტანდემი” იქნება ისტორიაში. 1953 წელს დაბადებულმა  პაკოლიმ სახელი რამდენიმე გახმაურებული სკანდალით გაითქვა. 1990 წელს მან კომპანია მაბეტექსი შექმნა, რომელიც ძირითადად რუსეთთან თანამშრომლობს. კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის არის კრემლის, ასევე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს და ფედერაციული საბჭოს შენობების რესტავრაცია. რუსი სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ სარფიანი კონტრაქტები მან ”ასტრონომიული რაოდენობის” ქრთამების გადახდით მიიღო. 2007 წელს კი ევროპულმა მედიასაშუალებებნა გერმანიის დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პაკოლის, შესაძლოა, კოსოვურ-ალბანურ მაფიასთან ჰქონდეს კავშირი. თავად პაკოლი ყველა ბრალდებას უარყოფს. 

კომენტარები