სენატორები აშშ-ს ანტისარაკეტო სარადარო სისტემის საქართველოში განთავსებისკენ მოუწოდებენ

რესპუბლიკელმა სენატორებმა აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციას ნატო-ს ანტისარაკეტო სარადარო სისტემის თურქეთის ნაცვლად საქართველოში განთავსებისკენ მოუწოდეს. ”ჩვენ გვჯერა, რომ აშშ-მ უნდა განათავსოს ყველაზე ეფექტური ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა ჩვენს მოკავშირეებთან პარტნიორობით - რაც უზრუნველყოფს აშშ-ს ტერიტორიის, ჩვენი არმიისა და მოკავშირეების უსაფრთხოებას,” ნათქვამია სენატორების ჯონ კაილის, ჯეიმს რიშის, მარკ კირკის და ჯეიმს ინჰოფის წერილში.

ჟურნალ Foreign Policy-ს ცნობით, სენატორების წერილი პასუხია თურქეთის ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებისა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე რადარების განთავსებას ოფიციალური ანკარა მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდება, თუ აშშ რადარების საშუალებით მოპოვებულ ინფორმაციას ისრაელს არ გაუზიარებს. თურქეთს ასევე სურს რადარზე კონტროლის და მართვის შენარჩუნება და მოუწოდებს ნატოს ირანზე, როგორც საფრთხეზე, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული ანტისარაკეტო ფარის განთავსება, ყველანაირი მინიშნება აღმოფხვრას.

 

სენატორების აზრით, სწორედ ამ მიზეზების გამო ანტისარაკეტო სარადარო სისტემის  საქართველოში განთავსება ”უკეთესი არჩევანი იქნება.” ”ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა იდეალურია იმისთვოს, რომ იქ ირანისკენ დამიზნებული სარადარო სისტემა განთავსდეს,” აღნიშნავენ რესპუბლიკელი სენატორები ”უფრო მეტიც, საქართველო აშშ-სთვის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი პარტნიორი უნდა გახდეს.”

Foreign Policy მიიჩნევს, რომ სარადარო სისტემის საქართველოში განთავსების შანსები ”ძალიან მცირეა”, რადგან საქართველო ნატოს წევრი არ არის და იმის გამოც, რომ ასეთი ნაბიჯის შედეგები აშშ-რუსეთის და ნატო-რუსეთის ურთიერთობებისთვის ”დამანგრეველი” იქნება. თუმცა,  გამოცემის აზრით, წერილი იმის უტყუარი ნიშანია, რომ აშშ-ს ახალი კონგრესი მზად არის აქტიური კამპანია დაიწყოს საქართველოსთან თავდაცვითი თანამშრომლობის აღსადგენად, რომელიც 2008 წლის რუსული ინტერვენციის შემდეგ შენელდა. 

კომენტარები