ცისქვეშა იმპერია მზის ქვეშ საკუთარი ადგილის ძიებაში

 2010 წლის უკანასკნელი სამი თვე, ჩინეთის საგარეო პოლიტიკისთვის, არცთუ ისე ნაყოფიერი გამოდგა. ქვეყანამ მოახერხა და მნიშვნელოვან პარტნიორებთან – ამერიკასთან, იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან – ურთიერთობები გაირთულა. ამას გარდა, ნობელის მშვიდობის პრემიის დაჯილდოების ცერემონიალის ბოიკოტით, საკუთარი საერთაშორისო პრესტიჟიც კიდევ უფრო შელახა.

ჩინეთს კულტურული და პოლიტიკური თავისებურებები დასავლეთის ქვეყნებისგან რადიკალურად განსხვავებულ მოთამაშედ აქცევს. მასთან დაკავშირებული საგარეო საკითხების ერთ-ერთი მთავარი თემა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოებისა და პირების იდენტიფიკაციაა. რიგი კვლევებისა ცხადყოფს, რომ ჩინეთის საშინაო პოლიტიკა ერთმანეთთან დაპირისპირებული აქტორებისა და ინტერესთა ჯგუფებისგან შედგება. მათ განსხვავებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები შეიძლება ჰქონდეთ. სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებისა და ინტერესთა ჯგუფების გავლენა საკითხების მიხედვით განსხვავდება. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) 2010 წლის ანგარიშის მიხედვით, ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელია საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში კონკრეტულ მოთამაშეთა როლის დადგენა. კვლევაში მითითებულია, რომ სამოქალაქო და სამხედრო უწყებები, მაგალითად ჩრდილოეთ კორეის თაობაზე, დაპირისპირებული არიან. შესაძლოა, სწორედ უწყებებს შორის კონფლიქტსა და ინტერესთა ჯგუფების მძაფრ კონკურენციას მიეწეროს ჩინეთის, ზოგ შემთხვევაში გაურკვეველი და წინააღმდეგობრივი, საგარეო პოლიტიკური პოზიცია. SIPRI-ს მოხსენებაში მოყვანილია 2001 წლის ჰაინანის ინციდენტის მაგალითი. ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ჩინეთის საზღვრიდან დაახლოებით 110 კილომეტრის მოშორებით ჩამოაგდო ჩინური სამხედრო თვითმფრინავი, თუმცა მიღებული დაზიანებების გამო იძულებული გახდა ჩინეთის კუნძულ ჰაინანზე დაშვებულიყო. კრიზისის ეპიცენტრში აღმოჩენილმა ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯი რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ გადადგა. SIPRI-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ შესაძლოა, სამხედროებმა სამოქალაქო ხელისუფლებას ინციდენტთან დაკავშირებული ფაქტები დაუმალეს.
ჩინეთის გარკვეული წრეები დაინტერესებულები არიან, ქვეყანა დასავლური კონსპირაციების მსხვერპლად წარმოაჩინონ. მედიას პერიოდულად მოიცავს ანტიდასავლური ისტერია. ინტერნეტისა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების გავრცელების პირობებში საზოგადოებრივი აზრის მნიშვნელობაც გაიზარდა. ჩინეთის ხელისუფლება, რომელსაც არ სურს ინტერნეტ და მედიასივრცეში აგორებული უკმაყოფილების ქუჩაში გადანაცვლება, ხშირად იძულებულია არახელსაყრელი და ირაციონალური საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღოს.
 
სექტემბერში სენკაკუს სადავო კუნძულების ტერიტორიაზე იაპონიამ ჩინური სარეწაო გემი დააკავა. ჩინეთის აგრესიულმა პოზიციამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გააუარესა. იაპონიის პრემიერ-მინისტრი ნაოტო კანი ჩინეთის მიმართ თავდაპირველად არცთუ ისე გულგრილად იყო განწყობილი. ამ უკანასკნელის არამეგობრული ჟესტების შემდეგ, იაპონელებმა ძირეული ცვლილებები განახორციელეს საკუთარ სამხედრო სტრატეგიაში და გადაწყვიტეს ჩინეთის სამხედრო გაძლიერებას ანალოგიურად უპასუხონ. 
 
დისიდენტ ლიუ სიაობოსთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მინიჭებამ ჩინეთში მორიგი ანტიდასავლური ტალღა ააგორა. როდესაც ხელისუფლებამ დაჯილდოების ცერემონიალის ბოიკოტირება გადაწყვიტა, იმედოვნებდნენ, რომ უარეს შემთხვევაში, დასავლური მედია მათ საბჭოთა კავშირს შეადარებდა. 1975 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ანდრეი სახაროვს არ მისცა უფლება ჯილდო მიეღო. ჩინეთის ხელისუფლებამ შინაპატიმრობა მიუსაჯა სიაობოს ცოლსა და ახლობლებს, ასობით ადამიანს კი ქვეყნის დატოვება აუკრძალა, რათა ისინი ოსლოში არ ჩასულიყვნენ. ჩინეთის პოზიციამ სხვა ქვეყნებიც წაახალისა (კუბა, ირანი, ვიეტნამი, პაკისტანი...), თუმცა პეკინმა არასასურველი რეზონანსი თავიდან ვერ აიცილა. 1936 წელს ჰიტლერმა პატიმრობაში მყოფ პაციფისტ კარლ ფონ ოსიეცკისთვის მინიჭებული ნობელის მშვიდობის პრემია ვერ აიტანა. ბოიკოტის გარდა. დიქტატორმა, ნობელის „კონკურენტი”, გერმანიის ხელოვნებისა და მეცნიერების ეროვნული პრიზი შემოიღო. ჩინელებმა დეკემბრის დასაწყისისთვის მოასწრეს კონფუცის მშვიდობის პრემიის პირველი ცერემონიალის გამართვა. ჰიტლერთან აუტანელმა პარალელებმა აიძულა ჩინეთის მთავრობა გამოეცხადებინა, რომ მას არაფერი აქვთ საერთო კონფუცის მშვიდობის პრემიასთან.
 
ჩრდილოეთ კორეამ ჯერ თანამედროვე ბირთვული რეაქტორი აჩვენა მსოფლიოს, შემდეგ კი სამხრეთ კორეის დასახლებული კუნძული დაბომბა, რითაც ჩინეთს კიდევ ერთი თავსატეხი გაუჩინა. ჩინეთის მთავრობამ რამდენიმე დღით დააგვიანა ოფიციალური განცხადების გაკეთება. ერთი მხრივ, ეს კიმ ჩენ ირისთვის კარტ-ბლანშის მიცემად მიიჩნიეს, მეორე მხრივ კი, შესაძლოა, შინაგანი დაპირისპირებების გამო ჩინეთის ხელისუფლებამ ვერ მიიღო კონკრეტული მოქმედების გადაწყვეტილება. Wikileaks-ის წყაროებში ჩრდილოეთ კორეა ჩინეთის თავგასულ ბავშვად არის მოხსენიებული. ჩინეთის პოლიტიკური ელიტის ნაწილი უკვე დაიღალა კიმ ჩენ ირის რეჟიმით. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები 2006 წლიდან გაფუჭდა, როდესაც ჩრდილოეთ კორეელებმა ჩინელებთან შეუთანხმებლად ერთობლივი საზღვრის სიახლოვეს ბირთვული იარაღი გამოსცადეს. ჩინელებს კორეელების არც დინასტიური რეჟიმი მოსწონთ და არც ის ფაქტი, რომ ქვეყანა ჩინეთის ეკონომიკურ დახმარებაზე სრულად არის დამოკიდებული. თუმცა პეკინის აგრესიული საგარეო პოლიტიკის მომხრეები ჩრდილოეთ კორეის არსებობას „ამერიკის დაბალანსებით” ამართლებენ.
 
ჩინეთს თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკის გასატარებლად, პირველ რიგში შინაგანი წინააღმდეგობების გადალახვა მოუწევს. გაძლიერების მიუხედავად, დასავლური მედიაკრიტიკისადმი ის კვლავ მგრძნობიარეა. საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას ერთმანეთს კონკურენციას სხვადასხვა სამთავრობო ორგანოები და ინტერესთა ჯგუფები უწევენ. 2012 წლისათვის, შესაძლოა, მდგომარეობა გართულდეს, როდესაც ახლანდელ პრეზიდენტ ჰუ ძინტაოსა და პრემიერ-მინისტრ ვენ ძიაბაოს ახალი კადრები შეცვლიან. შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები, თავად ჩინეთის გარდა, სხვა ქვეყნებსაც ურთულებს მდგომარეობას, რომელთაც პეკინთან ურთიერთობა დახლართულ ბიუროკრატიულ ლაბირინთებში უწევთ. როგორც ჩანს, ამბიციების მიუხედავად, ჩინეთი კიდევ წლების მანძილზე გაჰყვება დენ სიაოპინის კურსს, რომელიც გლობალური საკითხების გადაწყვეტაში ლიდერობის თავიდან აცილებას, ფრთხილი საგარეო პოლიტიკის გატარებასა და ეკონომიკურ განვითარებაზე კონცენტრირებას გულისხმობს.

კომენტარები