კვირის პალიტრა: საფრანგეთში ქართული პროდუქცია სხვა ქვეყნის სახელით იყიდება

საფრანგეთში "საფერავი", ჩურჩხელა, აჩმა და კიდევ რამდენიმე ქართული პროდუქტი სხვა ქვეყნის ნიშნით იყიდება. ამის შესახებ სტატია ქართველი ემიგრანტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაზეთმა "კვირის პალიტრამ"  გამოაქვეყნა. ”კვირის პალიტრა” ამტკიცებს, რომ  აღნიშნული პროდუქცია პარიზის, ლიონის, ბორდოსა და სტრასბურგის რუსულ სუპერმარკეტებში იყიდება. მაგალითად, გაზეთის ცნობით, ჩურჩხელა საფრანგეთის რუსულ სუპერმარკეტებში ”სომხური სასწაულის” სახელწოდებითაა წარმოდგენილი.

საქპატენტის თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე  აცხადებს, რომ პრესის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს. ”კერძოდ, უნდა გავარკვიოთ, საფრანგეთში ეს პროდუქცია სავაჭრო მარკის სახით იყიდებოდა, თუ უბრალოდ ასეთი სახელწოდებები ჰქონდათ,” განაცხადა ღვალაძემ. მისი თქმით,  ამ მიზნით საქპატენტი უკვე დაუკავშირდა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს. 

ღვალაძემ აღნიშნა, რომ ”საფერავი” ადგილწარმოშობის დასახელება არ არის და  18 დასახელების ქართული ადგილწარმოშობის ღვინის ჩამონათვალში არ შედის. ”საფერავი” ყურძნის ჯიშია. სამწუხაროდ, ის როგორც ქართული ყურძნის ჯიში,  არ არის დარეგისტრირებული. საყოველთაოდ ცნობილი ქართული პროდუქტების დასახელებებში, რომელიც საფრანგეთის სუპერმარკეტებში იყიდება ნახსენები იყო ”ბორჯომიც”. ბორჯომი ადგილწარმოშობის დასახელებაა და თუ ასეთი ფაქტი დადასტურდება, შესაბამისი რეაგირებაც იქნება ”, განაცხადა ღვალაძემ  

საქპატანტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ”საფერავის” მსგავსად  დარეგისტრირებული არ არის  არც შოთის პური, ჩურჩხელა, გოზინაყი და სტატიაში ჩამოთვლილი სხვა ქართული პროდუქტების დასახელებები.

ამ საკითხს დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვერა ქობალიაც გამოეხმაურა.  ”ფალსიფიცირების შემთხვევები სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ სხვა ქვეყნებდან შედარებით ჩვენი ექსპორტი მცირეა. ამიტომ აუცილებლად უნდა დავარეგისტრიროთ ქართული პროდუქცია,” განაცხადა მან. ქობალიას თქმით, ქართული პროდუქციის დაპატენტების პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროები, ასევე საქპატენტი აქტიურად მუშაობენ.  

კომენტარები