დინამოს ახალი რომანი

 9 დეკემბერს ფიფია ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მესვეურს ზვიად სიჭინავას და თბილისის დინამოს დირექტორს გიორგი ტყავაძეს შეხვდა.

 
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა, რომლის საკუთრებაცაა საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბი, დაახლოებით ერთი თვის წინ განაცხადა, რომ გუნდის სიმბოლურ ფასად დათმობას აპირებს. ფიფიაც სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდა ასპარეზზე.
 
რომან ფიფია ბიზნესმენია, რომელმაც მრავალმილიონიანი ქონება (რამდენიმე წყაროთი მისი კაპიტალდაბანდება ნახევარ მილიარდ დოლარს უტოლდება) თავდაპირველად რუსეთში, მოგვიანებით კი დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში დააგროვა. ოჯახთან ერთად ის სწორედ საფრანგეთში ცხოვრობს.
 
თბილისის დინამოს მომავალი პატრონისთვის ფეხბურთი უცხო არაა: გასული საუკუნის 90-იან წლებში ის სარატოვის სოკოლის პრეზიდენტი გახლდათ, ხოლო ფიფიას ჰოლდინგი – ვოლგისპირეთის ხორბალი – კლუბის მთავარი სპონსორი. რუსული საზომებით საშუალო დონის სოკოლი 2001 წელს უმაღლეს ლიგაში გადავიდა და მერვე ადგილი დაიკავა, 2002 წელს კი უკანასკნელი იყო. 2001 წელს კლუბმა რუსეთის თასის ნახევარფინალშიც იასპარეზა...
 
ფიფიას თქმით, მისი მთავარი მიზანი გუნდის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ძლიერი ფეხბურთელების შეძენა იქნება.
ეროვნულ ჩემპიონატში ქუთაისის ტორპედოსთან მოგებული მატჩის შემდეგ თბილისის დინამოს მთავარმა მწვრთნელმა თამაზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ყველაფერი პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა, მას შემდეგ, რაც რომან ფიფია ფეხბურთელებსა და პერსონალს შეხვდება.
 
„მოსამზადებელი ეტაპი, ცხადია, დავგეგმეთ, მაგრამ სავარაუდოდ, მასში ცვლილებებს შევიტანთ. შესაძლოა, მეორე წრის დაწყებამდე კლუბი ფეხბურთელებმა დატოვონ და ამავდროულად, ახალი მოთამაშეებიც გამოჩნდნენ. წინასწარ რაიმეს თქმა ძნელია, უახლოეს დღეებში ბატონი რომანი შეგვხვდება და ყველაფერი სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა”, – განუცხადა სამხარაძემ ჟურნალისტებს.
 
საქართველოს 13-გზის ჩემპიონმა ჯერჯერობით ბოლო ტიტული 2009 წლის გაზაფხულზე მოიგო – ქვეყნის თასი აღმართა, 2009-10 წლების სეზონში კი ხელი მოეცარა. დინამომ წარუმატებლად იასპარეზა ევროთასებზეც – ევროპის ლიგის პირველი ორი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია, მაგრამ ძირითად ბადეში მაინც ვერ მოხვდა – ავსტრიის შტურმმა აჯობა.
 
ეროვნულ ჩემპიონატში დინამო პირველი ეტაპის შემდეგ 35 ქულით მესამე ადგილზეა – ზესტაფონსა და ოლიმპს ორ-ორი ქულით ჩამორჩება, საქართველოს თასზე კი ნახევარფინალში გასვლისთვის გაგრას ეთამაშება. 

კომენტარები