ახალი მეგობრების ძიებაში

კოლუმბიის სათავეში ხუან მანუელ სანტოსის მოსვლის შემდეგ ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი მკვეთრად შეიცვალა. 

სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოთა სამიტზე კოლუმბიისა და ეკვადორის პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ მხარეებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა. ეს კავშირი ქვეყნებს შორის 2008 წლის მარტიდან იყო შეწყვეტილი. მაშინ კოლუმბიის სამხედრო ძალებმა ეკვადორის ტერიტორიაზე  პარტიზანული ორგანიზაცია „კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალები” (FARC) დაბომბეს.
 
ურთიერთობათა დარეგულირება შეიმჩნევა ვენესუელასა და კოლუმბიას შორისაც. მას შემდეგ, რაც კოლუმბიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ალვარო ურიბემ, უგო ჩავესი კოლუმბიელი პარტიზანების მხარდაჭერაში დაადანაშაულა, ამ უკანასკნელმა კოლუმბიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. სამხედრო ოპერაციაში, რომელიც თითქმის სერიოზულ საომარ მოქმედებებში გადაიზარდა, მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ხუან მანუელ სანტოსი მონაწილეობდა. თუმცა სანტოსის გაპრეზიდენტების შემდეგ მხარეებს შორის თანამშრომლობის კუთხით დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა: მეზობლებმა აღადგინეს დიპლომატიური ურთიერთობები; სატელეფონო საუბრისას კი სანტოსმა ჩავესი „ახალ საუკეთესო მეგობრად” მოიხსენია.
მეტიც, ბატონმა სანტოსმა გასულ თვეს ცნობილი ვენესუელელი ნარკომოვაჭრე, ვალიდ მაკლედი, ვენესუელას გადასცა. თავის მხრივ, ჩავესმა სამი კოლუმბიელი პარტიზანის დეპორტაცია მოახდინა. ისინი მკვლელობისა და სხვა დანაშაულებათა გამო იძებნებოდნენ. ვენესუელამ კოლუმბიის სასარგებლოდ მისცა ხმა, რათა ამ ქვეყანამ მომავალ თვეს გაეროს უსაფრთხოების საბჭოში როტაციული ადგილი დაიკავოს. მხარეებს შორის
 
თავისუფალი ვაჭრობის აღდგენაც იგეგმება, რომელიც ჩავესის მიერ სავაჭრო სანქციების დაწესების შემდეგ შეწყდა.
კოლუმბია ცდილობს კონტინენტის წყნარი ოკეანის სანაპიროზე ჩილესთან და პერუსთან ერთად ეკონომიკურად მზარდ ქვეყანათა ჯგუფი ჩამოაყალიბოს. სანტოსი ეყრდნობა მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც სამხრეთ ამერიკაში მას დადებითად აფასებენ. მაგრამ ბრაზილიელი ოფიციალური პირები კოლუმბიას მაინც ამერიკის „ტროას ცხენად” მოიხსენიებენ. 
 
2000 წლიდან მოყოლებული კოლუმბიამ აშშ-დან პარტიზანებისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ საბრძოლველად 8 მლრდ დოლარის ოდენობის დახმარება მიიღო. საპასუხოდ კი ქვეყანა ამერიკის ერთგულ მოკავშირედ იქცა. მიუხედავად ამისა, კოლუმბიელი მაღალჩინოსნების გაღიზიანებას იწვევდა ის ფაქტი, რომ 2006 წელს აშშ-მ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე რატიფიცირება არ მოახდინა. ახლა კი ახალი პრეზიდენტი უარს ამბობს იმ შეთანხმების აღდგენაზე, რომელიც ალვარო ურიბეს პრეზიდენტობისას გაფორმდა. შეთანხმება კოლუმბიის ტერიტორიაზე ამერიკის სამხედრო ძალების განლაგებას გულისხმობდა. ეს ხელშეკრულება კოლუმბიის საკონსტიტუციო სასამართლომ  არალეგიტიმურად ცნო, რადგან  ქვეყნის პარლამენტის მიერ ნებადართული არ ყოფილა. ამგვარად, აშშ იძულებული იქნება კოლუმბიიდან თავისი სამხედრო ძალები გაიყვანოს. 
ნარკომოვაჭრეებთან და პარტიზანებთან ხუან მანუელ სანტოსის ბრძოლა, ბრაზილიისა და სხვა ქვეყნების აქტიურ მხარდაჭერას იმსახურებს. ვნახოთ, ეყოფა თუ არა კოლუმბიის პრეზიდენტს გამბედაობა არჩეული პოლიტიკური კურსის შესანარჩუნებლად

კომენტარები