კავკასიური კრაზანის ბუდე აფეთქების ზღვარზე

დაღესტნის რესპუბლიკაში ბოლო დროს სიტუაცია მნიშვნელოვნად დაიძაბა. 2010 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით აფეთქებებისა თუ ორმხრივი სროლის შედეგად ასზე მეტი სამართალდამცავი დაიღუპა. თითქმის ყოველდღე თავს ესხმიან შინაგან საქმეთა რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს. წინა კვირას კავკასიური ემირატის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმები არაბულს ლინგვა ფრანკად გამოიყენებენ. ეს იქნება „სახელმწიფო ენა”, რომელიც რესპუბლიკების რუსეთისაგან გამოყოფას ხელს შეუწყობს. 

 
მიუხედავად მძიმე ვითარებისა, რუსეთის ფედერალურ ხელისუფლებას რელიგიურ ექსტრემიზმთან ბრძოლის კონკრეტული გეგმა არ გააჩნია. პირიქით, კრემლი ანტაგონიზმის რელიგიური და პოლიტიკური საფუძვლების ნიველირებას ახდენს. მოსკოვი მებრძოლებს, რომლებიც თავის მხრივ „წმინდა ომს” აწარმოებენ, ყაჩაღებად განიხილავს. იშვიათი გამონაკლისი 2010 წლის 4 ოქტომბერს დოკუმენტის „სტრატეგია ჩრდილოეთ კავკასიისთვის” გამოქვეყნება იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ეს დოკუმენტიც რუსეთის ზემოთ აღნიშნული პოლიტიკის გაგრძელებაა, რადგან მთავარ პრობლემად სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეა განხილული. შესაბამისად, სტრატეგიის უმთავრესი მიზანიც რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაა. 
 
რუსეთის ხელისუფლების კურსის მიმართულებას, იულია ლატინინას აზრით, მნიშვნელოვანი საფუძველი განაპირობებს – ვლადიმირ პუტინის ძალაუფლების შენარჩუნებისკენ სწრაფვა.  პუტინიზმი,  თავისი არსით ძალიან ჰგავს ვაჰაბიზმს – ორივესთვის მიუღებელია დასავლეთი და დასავლური ღირებულებები. მათ შორის ის განსხვავებაა, რომ ვაჰაბიტების აზრით ძალაუფლება ალაჰის ხელში უნდა იყოს, მეორეთათვის კი – უფალი ვლადიმირ პუტინია. პუტინიზმი ანტიდასავლური ღირებულებების კულტივირებით ვაჰაბიზმს ახალისებს. ხალხისთვის, რომელმაც რუსული სახელმწიფოსგან უამრავი უსამართლობა იწვნია, მსგავს „ანტიდასავლურ ისტერიაში” ერთადერთ ალტერნატივად ვაჰაბიზმი ჩანს. მათთვის ალაჰის რწმენა პუტინის თაყვანისცემაზე უფრო მიმზიდველია. სწორედ პუტინიზმიდან გამომდინარეობს კრემლის სტრატეგიის მთავარი მიმართულებაც: ვაჰაბიზმის უმთავრეს პრობლემად დასახელება პუტინის 10-წლიანი ჩრდილო-კავკასიური პოლიტიკის მარცხის დეკლარირება იქნება. ამიტომაც აქცენტი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეზე გადააქვთ.
 
ცხადია, დაღესტნის პრეზიდენტი მაგომედ სალამ მაგომედოვი ცენტრის დირექტივებით მოქმედებს. ამის ნათელი გამოხატულება „მეამბოხე მეომრების ტყიდან გამოყვანის” კომისიის შექმნის შესახებ მისი ინიციატივაა. ამ კომისიის მთავარი მიზანი მეომრების ტყიდან გამოყვანა ანუ მათი მშვიდობიანი სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრებისათვის დაბრუნებაა. თუ გავითვალისწინებთ ვაჰაბიტების მიზნებს – კომისიის წარმატებულობის ხარისხი ცხადი გახდება. დღითი დღე ნათელია, რომ რესპუბლიკის ხელისუფლებას უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეალური ძალა  არ შესწევს. 
 
რეგიონული ხელისუფლების მსგავს უუნარობას კრემლის არჩეული კურსი განაპირობებს. რუსეთი ვაჰაბიტებს მხოლოდ და მხოლოდ ებრძვის, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მართალია, ეს ისრაელის მიერ აპრობირებული პრაქტიკაა, რადგან მოსადს მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა, მაგრამ რუსეთის შემთხვევაში სხვა რეალობასთან გვაქვს საქმე. ისრაელს არ სჭირდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ინტეგრაცია თავის მოსახლეობასთან, რუსეთის მიზანი კი ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრებთან ერთად სახელმწიფოს შექმნაა. პრობლემის გადასაწყვეტად რუსეთმა პირველ რიგში ერთმანეთისგან ტერორისტული აქტი და ყაჩაღური თავდასხმა უნდა განასხვაოს, ხელი შეუწყოს საჯარო სექტორის განვითარებას და მკაცრი ანტიკორუფციული პოლიტიკა აწარმოოს. მნიშვნელოვანია მსგავს საკითხებში დასავლეთთან თანამშრომლობა. 
თუ პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა ვერ მოხერხდა, შესაძლოა, არასტაბილურობა რეგიონის სხვა რესპუბლიკებსაც გადაედოთ. დაღესტანი ალ-ყაიდას შესაძლო ჩრდილო-კავკასიური ცენტრის – „სუნიტური სამკუთხედის” ერთ-ერთ „კუთხედ” მოიაზრება.

კომენტარები