ქართული დელეგაცია ჟენევაში გაემგზავრა

16 დეკემბერს ჟენევის მოლაპარაკებების მე-14 რაუნდი გაიმართება. ქართული დელეგაცია შვეიცარიაში დღეს გამთენიისას გაემგზავრა.   დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ეროვნული უშიშროების საბჭოს  ახლადდანიშნული მდივანი, გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს.

მოლაპარაკებებზე ქართული მხარე ტრადიციულ თემებთან ერთად, ქვეყანაში ბოლო დროს მომხდარ აფეთქებებში რუსი ოფიცრის, ბორისოვის მონაწილეობის საკითხს დააყენებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, შოთა უტიაშვილმა განუცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, ქართული მხარე ცხინვალის რეგიონში რუსული სარაკეტო სისტემის, ”სმერჩის” განთავსებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კულტურის ძეგლების განადგურების საკითხსაც წამოწევს.

ქართული დელეგაციის წევრების თქმით, საგულისხმოა, რომ მოლაპარაკებები საქართველოს პრეზიდენტის მიერ ევროპარლამენტში გამოცხადებული სამშვიდობო ინიციატივის შემდეგ იმართება. ”ვნახოთ, როგორი იქნება რუსული მხარისა და მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლების რეაქია ამ ინიციატივაზე,” განაცხადა შოთა უტიაშვილმა.

რუსული მხარე და დე ფაქტო ლიდერები კი ჟენევაში კიდევ ერთხელ დააყენებენ თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას.  თბილისში აცხადებენ, რომ ქართული მხარე დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებთან  მსგავსი დოკუმენტის ხელმოწერას არ აპირებს. 

კომენტარები