უშიშროების საბჭოს გაფართოება – ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო

უკვე წლებია, აკადემიურ და პოლიტიკურ წრეებში, გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმაზე საუბრობენ. გაერო და მისი ერთ-ერთი მთავარი ორგანო, უშიშროების საბჭო 1945 წელს შეიქმნა. მას შემდეგ მსოფლიოში პოლიტიკური ძალთა ბალანსი შეიცვალა. რეფორმის იდეა საბჭოში ახალი სახელმწიფოების ჩართვას ითვალისწინებს, რაც ახლანდელ გლობალურ უსაფრთხოების სისტემას ასახავს. გაფართოების შემთხვევაში უშიშროების საბჭოში მუდმივ ადგილზე პრეტენზია ევროპიდან – გერმანიასა და იტალიას, აზიიდან – იაპონიასა და ინდოეთს, ლათინური ამერიკიდან – მექსიკას, ბრაზილიასა და არგენტინას, აფრიკიდან – ეგვიპტეს, ნიგერიასა და სამხრეთ აფრიკას ექნებათ. წლების მანძილზე მუშავდებოდა მოდელები, თუმცა მხარეები სასაუბრო დონეს ვერ გასცდნენ. გაეროს ორგანოებზე საუბრისას მათ ეფექტიანობასთან დაკავშირებული კითხვები ყოველთვის ჩნდება. ახლანდელ საბჭოშიც, სადაც 5 მუდმივი (თითოეულს ვეტოს უფლება აქვს) და 10 არჩევითი წევრია, გადაწყვეტილების მიღება სირთულეებს უკავშირდება. ახალი სახელმწიფოების დამატება ამას კიდევ უფრო გაართულებს, რაც არც ახლანდელი წევრების და არც სავარაუდო კანდიდატების ინტერესებში არ უნდა შედიოდეს.

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ნოემბრის დასაწყისში აზიურ ტურნეში იმყოფებოდა. ვიზიტები მრავალმხრივ გამორჩეული იყო, თუმცა მის ერთ განცხადებას შედარებით ნაკლები ყურადღება დაეთმო. ობამა ჯერ ინდოეთს დაჰპირდა გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრის ადგილის მოპოვებაში მხარდაჭერას, შემდეგ კი იაპონია იგივე სტატუსისთვის სამაგალითო ქვეყნად მიიჩნია – ის ორგანიზაციის უდიდესი ფინანსური კონტრიბუტორია ამერიკის შემდეგ. იაპონიას უშიშროების საბჭოში დაწინაურებას 40 წლის წინ რიჩარდ ნიქსონიც შეჰპირდა, ბილ კლინტონმა ანალოგიური განცხადებით 1993 წელს გერმანია გაახარა, თუმცა რეალურად არც ერთი ქვეყანა აღთქმულ ადგილს არ მიახლოებია.

ერთი შეხედვით, ობამას განცხადებები მიზნად ინდოეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ისახავდა. მომავალში, ასეთმა დაპირებებმა ამერიკას შესაძლოა საპირისპირო შედეგი მოუტანოს, რისი მიზეზიც მათი უპერსპექტივობაა. გაეროში ამერიკის ყოფილი ელჩი ჯონ ბოლტონი თვლის, რომ ობამას განცხადებამ შესაძლოა უსარგებლო მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ააგოროს, რომლის შედეგი – დაკარგული დრო – წინასწარვე იქნება ცნობილი.

ინდოეთისთვის აღთქმულ მხარდაჭერას პაკისტანი მაშინვე უარყოფითად გამოეხმაურა. დღესდღეობით აზიის ქვეყნებიდან მუდმივი წევრის სტატუსი მხოლოდ ჩინეთს აქვს. ამ ქვეყანამ, იაპონიასთან და ინდოეთთან მუდმივად დაძაბული ურთიერთობების გამო, ნაკლებ სავარაუდოა, იდეას მხარი დაუჭიროს. უშიშროების საბჭოს დროებითი წევრობის მსურველ ქვეყნებსაც კი რეგიონის თანადგომა სჭირდებათ. პორტუგალიურად მოლაპარაკე ბრაზილიას გაუჭირდება დანარჩენი ესპანურენოვანი სამხრეთ ამერიკის მიმხრობა. ევროპელებს უკვე აქვთ 2 მუდმივი ადგილი (ბრიტანეთი, საფრანგეთი) და კიდევ 2 ქვეყნის დამატებას სხვა კონტინენტის სახელმწიფოები შეეწინააღმდეგებიან. მეორე მხრივ, არც ბრიტანეთსა და არც საფრანგეთს საბჭოში ევროკავშირის ექსკლუზიური წარმომადგენლების სტატუსის დაკარგვა  არ სურთ. რაც შეეხება აფრიკას, არც ერთ ქვეყანას არ აქვს საკმარისი გავლენა, რომ საკუთარ რეგიონში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების აღსრულება უზრუნველყოს.

ობამას წინააღმდეგობა საშინაო პოლიტიკაშიც შეხვდება. პრეზიდენტები რესპუბლიკური პარტიიდან გაეროს შესაძლებლობებს ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდნენ. არც დემოკრატებს მოეწონებათ აზრი, რომ უშიშროების საბჭოში ამერიკის ინტერესებს შესაძლოა ინდოეთმა ან ნიგერიამ ვეტო დაადოს. მეორე მხრივ, საკითხავია საერთოდ მოხვდება თუ არა ეს საკითხი ამერიკული საშინაო პოლიტიკის დღის წესრიგის წინა პლანზე. ჯონ ბოლტონი აღნიშნავს, რომ თეთრი სახლისთვის ოპტიმალური პოზიცია სტატუს-კვოს – მინიმალურად ეფექტიანი უშიშროების საბჭოს შენარჩუნებაა, ახალი წევრების დამატებით კი გაერო შეიძლება უმოქმედო ორგანოდ იქცეს

კომენტარები