თბილისი: ცხინვალის რეჟიმი ეთნიკური წმენდის ახალ საფეხურზე გადავიდა

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის რეჟიმის  ბრძანებით ახალგორის რაიონის მოსახლეობისთვის საცხოვრებელი ფართისა  და მიწის ნაკვეთების ჩამორთმევის ფაქტს გამოეხმაურა.

საგარეო უწყების  სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ  7 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაცემული "ბრძანება" საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ეთნიკური წმენდის პოლიტიკის ახალ საფეხურია.  ოფიციალური თბილისის აზრით, აღნიშნული ქმედება კიდევ უფრო გაამძაფრებს ახალგორის რაიონში ეთნიკური კუთხით არსებულ დაძაბულობას და უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს და საერთაშორისო თანამეგობრობის მცდელობებზე დაამყარონ რეგიონში სტაბილური სიტუაცია.

სააგენტო “რესი”-ს ცნობით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის მიერ გამოცემული  დოკუმენტით, ბათილად გამოცხადდა 1991 წლიდან 2008 წლამდე ქართული ადმინისტრაციის მიერ გაცემული ყველა დოკუმენტი საცხოვრებელი ფართისა და მიწის ნაკვეთის ფლობის შესახებ. “სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, საცხოვრებელი ფართისა და მიწის ნაკვეთის ფლობის უფლების დადგენამდე ლენინგორის [ახალგორი] რაიონის საცხოვრებელი ფონდი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებად ცხადდება”, – აღნიშნულია კოკოითის ბრძანებაში.

ახალგორის რაიონის დე-ფაქტო ადმინისტრაციას საცხოვრებელი ფონდის აღწერა, საცხოვრებელი შენობების და სათავსოების, ასევე მიწის ნაკვეთების ინვენტარიზაცია დაევალა. ახალგორის რაიონის დე-ფაქტო სადავო საბჭოს თანამშრომლებმა რაიონის მოსახლეობის და მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების აღწერა გასულ კვირას დაიწყეს.

კომენტარები